"ბელორუსია აჭარის რეგიონისათვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრად მოისაზრება" - კვირის პალიტრა

"ბელორუსია აჭარის რეგიონისათვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრად მოისაზრება"

მიმდინარე წლის აპრილის თვეში, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბელორუსიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა "Leisure 2015"-ზე იყო წარმოდგენილი. 4 დღის მანძილზე რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, სპეციალურად აღმართული სტენდი ხალხმრავლობითა და ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. გამოფენის მსვლელობისას დეპარტამენტის სტენდთან სტუმრებს შეეძლო ღვინის და ხაჭაპურის დაგემოვნება, ასევე სპეციალურად მინსკის გამოფენისათვის შექმნილი ტრადიციული აჭარული სამოსის ტანტამარესკებთან ფოტოების გადაღება. 10 აპრილს, "ბელექსპოს" საგამოფენო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა პრეზენტაცია "აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის" შესახებ, რომელშიც ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობდნენ ბელორუსიული ტუროპერატორი "СТС ВОЯЖ" და ტურისტული კომპანია "CAPITAL GEORGIA TRAVEL" -ის წარმომადგენლები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ბელორუსიის რესპუბლიკაში ბატონი გოჩა ჭელიძე და პირველი მდივანი ირაკლი მესხელი, ბელარუსის ეროვნული ტურისტული სააგენტოს დირექტორის მოადგილე სვეტლანა გავრილოვა, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები, 80-ზე მეტი ტუროპერატორი, ტურაგენტი და ჟურნალისტი.

პრეზენტაციის შემდეგ ჩატარდა გათამაშება, რომელშიც გამარჯვებულს გადაეცა ქართული ღვინო და დაჯილდოვდა კომპანია "СТС ВОЯЖ"-ის ტრადიციული ქართული სუვენირებით და საქართველოში სამოგზაურო ტურით. გამოფენაზე აჭარის რეგიონით დაინტერესება გამოხატა როგორც საქართველოზე უკვე აქტიურად მომუშავე, ისე ახალმა ტურისტულმა სააგენტოებმა.

მინსკის გამოფენის წარმატებით ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს საელჩომ ბელორუსიაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ასევე აქტიურად თანამშრომლობდა ქართული კომპანია "თბილღვინო" და "სამოსელი პირველი", რომელმაც გამოფენის ტანტამარესკებისთვის სპეციალური ტრადიციული ფორმები შექმნა.

ბელორუსია საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის უმნიშვნელოვანეს ტურისტული ბაზარს წარმოადგენს. 2014 წლის სტატისტიკური მონაცემებით, აჭარის სასტუმროებში ბელორუსი ტურისტების 53,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2015 წლის სეზონისათვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტემანტი მარკეტინგულ ღონისძიებებს კიდევ უფრო ააქტიურებს. 6 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით ბელორუსიის ქალაქ მინსკში განხორციელდება გარე რეკლამა ქალაქის ცენტრალურ ადგილებში, მეტროში და რადიო რეკლამა 2 წამყვან რადიო სადგურზე. ამავდროულად , დაგეგმილია პრეს და ინფო ტურები.