"ახლა იმაზე ვნერვიულობთ, მისი 14 წლის ბიჭი მართლა არ წავიდეს უკრაინაში საომრად" - კვირის პალიტრა

"ახლა იმაზე ვნერვიულობთ, მისი 14 წლის ბიჭი მართლა არ წავიდეს უკრაინაში საომრად"

"ჩემთვის შვილივით იყო... როგორც გავიგეთ, ცხედრის გამოსვენება ძალიან გაჭირდა, სპეცოპერაცია გახდა საჭირო."

"ბედის ირონიაა, გიორგის საქართველოში ერთი გოჯა მიწა არ აქვს."

"მე ჩემს 14 წლის ბიჭს ვუთხარი: - თუ მომკლავენ, მან უნდა იბრძოლოს რუსეთის წინააღმდეგ... როცა თექვსმეტი წლის გავხდი, ჩემს ქვეყანაში დაიწყო ომი. მაშინ კრემლის მიერ გამოგზავნილ მტრებთან საომრად უკრაინელები გვეხმარებოდნენ,… ამიტომ ახლა მე ვალი უნდა დავუბრუნო ჩვენს ძმებს". - ეს სიტყვები უკრაინაში დაღუპულმა ქართველმა მებრძოლმა, გიორგი ჯანელიძემ ადგილობრივი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ,,ამ კაცთან საუბარმა სულის სიღრმემდე შემძრა.… მომინდა, რომ მის შესახებ რაც შეიძლება მეტ იმ მარიუპოლელს გაეგო, რომელთათვისაც სიტყვა ,,მობილიზაცია,, პანიკურ შიშს იწვევს" - წერდა მასზე სტატიის ავტორი...

გიორგი უკანასკნელ ინტერვიუში თავის საბრძოლო გამოცდილეობაზე ყვებოდა, "უკრაინამდე ვიბრძოდი სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, სირიაში, ავღანეთში. ამიტომ აგრესორის მიერ ომის წარმოების მეთოდები, რომელთანაც უკრაინას მოუხდა შეტაკება, საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი... ოჯახმა მხარი დამიჭირა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მე უკვე ვერ დავბრუნდები იმიტომ, რომ იქ ჩემი საქციელი ჩაითვლება როგორც სამშობლოს ღალატი (თუმც მე აქ საქართველოს მტერთან ვიბრძვი, მის ძმურ ქვეყანასთან ერთად... მინდა ვიბრძოლო უკრაინულ ფრონტზე ქართული დროშის ქვეშ. ყველამ დაინახოს, რომ მთელი მსოფლიო უკრაინასთანაა." - ამბობდა გიორგი უკრაინელ ჟურნალისტთან საუბრისას.

გიორგი მართლაც ვერ დაბრუნდა საქართველოში, - 18 აპრილს, ატოს ზონაში, შიროკინოსთან, სადაზვერვო ოპერაციის დროს, მომხდარი შეტაკებების შედეგად კი სეპარატისტების მიერ განხორციელებულ იერიშს ემსხვერპლა. ის უკრაინაში დაახლოებით ორი თვით ჩავიდა და ბატალიონ "აზოვში" ირიცხებოდა.

შეტაკებების შედეგად დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, მას ტყვია სახეში მოხვდა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია...

ჩვენ გიორგის ოჯახის წევრებთან გასაუბრება ვცადეთ, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან მისი დედა და ცოლ-შვილი ჯერ კიდევ თურქეთში იმყოფებიან. ისინი საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოვლენ.

გვესაუბრება გიორგის უფროსი მეგობარი კობა კობახიძე:

- ფაქტობრივად, ჩემს თვალწინ გაიზარდა. მეგობარი კი - არა, ჩემთვის შვილივით იყო... როგორც გავიგეთ, ცხედრის გამოსვენება ძალიან გაჭირდა, სპეცოპერაცია გახდა საჭირო. ჯერ კიევშიც არ გადაუსვენებიათ. საბედნიეროდ, უკეთესად არის მასთან ერთად დაჭრილი ქართველი ბიჭი...

- თურქეთში ცხოვრობდა?

- დიახ, ოჯახთან ერთად. ბედის ირონიაა, თითქოს, ამ ბიჭს საქართველოში ერთი გოჯა მიწა არ აქვს. ამას წინათ რომ დაიღუპა ქართველი ბიჭი უკრაინაში, იმას დაუბარებია, ძმათა სასაფლაოზე დამასაფლავეთო. ვიცი, გიორგის ოცნებაც ეს იყო და ეს ერთი ოცნება ავუხდინე, - ვუშოვე ადგილი იქ, მუხათგვერდში.

- როგორც გავიგეთ გიორგის ოჯახს ბინა თბილისში არ აქვს...

- ჩემთან, ჩემს სახლში დავასვენებ ცხედარს. ჩემი სახლი მისი სახლი იყო, როდესაც საქართველოში ჩამოდიოდა, სულ ჩემთან იყო... თურქეთში წასვლამდე, საქართვლოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, სპეცრაზმში იყო, აფხაზეთშიც იბრძოდა და ცხინვალშიც. მერე ეს სამსახური დაკარგა და თურქეთში წავიდა სამუშაოდ, სადაც თავისი პატარა სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა. ცოლი და სამი შვილი დარჩა, ყველაზე უფროსი - 14 წლის, ბიჭია, ასევე ორი ანგელოზივით გოგონა ჰყავს - სალომე და მარიამი... მისმა შვილმაც წაიკითხა ის ცნობილი ინტერვიუ და ახლა იმაზე ცალკე ვნერვიულობთ, საომრად მართლა არ წავიდეს. ამას მისი ოჯახი ვერ გადაიტანს. არადა, 14 წლის ბავშვია და ძალიან ადვილია მისთვის ტვინის გადატრიალება. საქართველოში თუ ჩამოვიდა, მე არ გავუშვებ, მაგრამ იმას ვნერვიულობ, თურქეთიდან არ გაიპაროს. მის გარშემო ყველას ვთხოვე, ყურადღება მიექციათ. პატარა ასაკის მიუხედავად, ჭკვიანი ბიჭია და იმედია, მშვიდად და გონივრულად შეაფასებს იმ რეალობას, რაც მის გარშემოა. ახლა ის ყველაზე მეტად ოჯახს სჭირდება.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)