ნიაზ დიასამიძე: ეს ისეთი ამბავია, ხელისუფლებასაც უნდა მოეწონს, ფეხბურთელებსაც და მძღოლებსაც - კვირის პალიტრა

ნიაზ დიასამიძე: ეს ისეთი ამბავია, ხელისუფლებასაც უნდა მოეწონს, ფეხბურთელებსაც და მძღოლებსაც

"კითხულობ წერილებს, რომელიც იცი რომ უშუალოდ მათ დაწერეს, რთულია, თუ ქართველი ხარ არ აღელდე."

 

"თუ ვინმე ორგანიზებას გაუკეთებს ჩვენს კონცერტს უკრაინაში, აუცილებლად წავალთ და ჩავატარებთ..."

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა დიზაინერ დავით მაისურაძესთან ერთად მუსიკოს ნიაზ დიასამიძის ინიციატივითა და ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, საფუძველი ჩაუყარა ახალ, საყოველთაო პროექტს ,,საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები" . პროექტის ფარგლებში შეიქმნა ათი საზოგადო მოღვაწის ხელნაწერების მიხედვით კომპიუტერული ფონტები. ესენი არიან: ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ამბროსი ხელაიას, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ივანე ჯავახიშვილი და გალაკტიონ ტაბიძე. შრიფტები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საზოგადო მოღვაწეების საარქივო მასალის მიხედვით შეიქმნა. ჩვენ დავუკავშირდით მუსიკოს ნიაზ დიასამიძეს და ამ წამოწყებაზე ვესაუბრეთ.

- ზოგადად კალიგრაფია მაინტერესებს და დავინახე, რომ იმაზე მეტი ფონტი შეიძლება გვქონდეს, ვიდრე გვაქვს. აქედან გამიჩნდა სურვილი და იდეა, რომ დიდი ქართველი მოღვაწეების ხელნაწერების მიხედვით არსებობდეს კომპიუტერული შრიფტები. ჩემი იდეა შევთავაზე კომპეტენტურ ხალხს და მათ ეს უკვე რეალურად შეასრულეს. ჯერჯერობით მხოლოდ ათი ადამიანის ხელნაწერის მიხედვით შეიქმნა ფონტები, მაგრამ ყველაფერ წინაა და გვინდა უფრო მეტი გაკეთდეს. შრიფტების ვიზუალურ მხარეზე იზრუნა მხატვარმა დავით მაისურაძემ, ხოლო ჩემი იყო მხოლოდ იდეა. ვფიქრობ საზოგადოება კარგად მიიღებს ამ სიახლეს. უდიდეს ქართველთა ხელნაწერის მსგავსი ფონტებზე  უკეთესი რა უნდა შეგვექმნა?! ამ საქმეში უდიდესია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის როლი, ეს ადამიანები უდიდეს საქმეებს აკთებენ.

- თქვენ ბრძანეთ რომ 10 ქართველი ხელნაწერის მიხედვით უკვე მზადაა ფონტები. მუშაობის დროს თუ გქონდათ რომელიმე ქართველის ხელნაწერის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება?

- ამ ხალხის ერთმანეთისაგან გაყოფა არ შეიძლება. ისინი ყველა ერთნაირად საინტერესო და მნიშვნელოვანია. ძალიან მაგარი განცდაა როდესაც ამ უდიდესი ქართველების ხელნაწერებს ეხები. კითხულობ წერილებს, რომელიც იცი რომ უშუალოდ მათ დაწერეს, რთულია, თუ ქართველი ხარ არ აღელდე. საბედნიეროდ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არის გამოფენა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ წერილების ნახვა და კარგი იქნება, თუ ყველა ნახავს და საერთოდაც თუ უფრო მეტად ვიმეგობრებთ ასეთ თემებთან მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვის. ეს ისეთი თემაა, რომელსაც უარყოფითი მხარე არ აქვს. ეს ისეთი ამბავია, რომ ხელისუფლებასაც უნდა მოეწონს, ფეხბურთელებსაც და მძღოლებსაც.

- რთულია თქვენათნ ინტერვიუს დროს არ შევეხოთ მუსიკას, რა სიახლეებს უნდა ელოდოს თქვენი მსმენელი უახლოეს მომავალში?

- დაწყებულია ახალი ალბომის ჩაწერა, რომელიც, ვიმედოვნებ, რომ მაისის ბოლოს დასრულდება. გამოვალთ "არტ-გენზე" და თუ სხვა რაიმე შემოთავაზება იქნება იმაზეც ვიფიქრებთ.

- თქვენ საკმაოდ დაახლოებული იყავით წინა ხელისუფლებასთან, რომელთა ნაწილი ახლა უკრაინაშია. არ გქონიათ იქ კონცერტის ჩატარების შემოთავაზება მათგან?

- თუ ვინმე ორგანიზებას გაუკეთებს ჩვენს კონცერტს უკრაინაში, აუცილებლად წავალთ და ჩავატარებთ...

- სოციალურ ქსელებში ბევრი წერს (მათ შორის მუსიკოსებიც), რომ საქართველოში მუსიკის დრო არაა. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- როგორ შეიძლება მუსიკის დრო არ იყოს?! მუსიკის დრო ყოველთვისაა, თუმცა მუდამ ასე იყო - ვიღაცას აინტერესებდა მუსიკა და ვიღაცას - არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუსიკის დრო არაა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)