"ჩემი დედა ცუდადაა... ვერ დგება!" - გაიცანით ლექსო - "განსაკუთრებული მოქალაქე" - კვირის პალიტრა

"ჩემი დედა ცუდადაა... ვერ დგება!" - გაიცანით ლექსო - "განსაკუთრებული მოქალაქე"

"დავინახე დედა ძირს ეგდო, თვალები გახელილი ჰქონდა. ძალიან შემეშინდა, ფანჯარას მივვარდი, ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი. როცა არავინ გამომეპასუხა, 112-ში დარეკვა მომაგონდა..."

ვინც ერთხელ მოისმინა, ალბათ ძნელად დაავიწყდება 7 წლის პატარას აკანაკალებული ხმა, რომელიც დახმარაებას ითხოვს: "ჩემი დედა ცუდადაა... ვერ დგება. ჭონქაძის 6, თავისუფლების მოედანათან..." პატარა იმასაც კი ამბობს, რომ კარი შეიძლება ვერ გააღოს და ეზოში გადაუგდებს სასწარფო დახმარების ბრიგადას გასაღებს. ეს ლექსო ბოჟაძის ისტორიაა, პატარა ბიჭის, რომელმაც დედა სიკვდილს გადაარჩინა მხოლოდ იმით, რომ იცოდა სად უნდა დაერეკა და როგორ მოქცეულიყო გადაუდებელი შემთხვევის დროს. ეს ამბავი ერთი წლის წინ, თბილისში მოხდა. იმ დღეს დედა-შვილი შინ მარტო იმყოფებოდნენ. ლექსოს ეძინა. გვიან ღამით, დაახლოებით 4 საათზე, ლექსოს დედა ცუდად გახდა, გონება დაკარგა და ძირს დავარდა. ხმაურზე ბავშვს გამოეღვიძა, შეშინებული დედის საძინებელში შევარდა და უგონო მდგომარეობაში მყოფი დედა დაინახა. მართლაც გასაოცარია, რომ 7 წლის ბავშვი არ დაიბნა და ოპერატიულად იმოქმედა. მან 112-ზე დარეკა და ოპერატორს დედის შესახებ უამბო. დედა გადარჩა...

მაშინ პატარა ბიჭის გმირობის შესახებ საზოგადოებამაც შეიტყო..თუმცა, ეს ამბავი ამით არ დასრულებულა. ლექსოს შესახებ უკვე ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციაშიც იციან. აღნიშნული ასოციაცია ყოველწლიურად აჯილდოვებს პირს/პირებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში, იმით რომ დარეკეს 112-ზე საგანგებო სამსახურების გამოსაძახებლად. წელს საქართველო "განსაკუთრებული მოქალაქის" ნომინაციაში გამარჯვებულად შერჩევის პირველივე ეტაპზე, ყოველგვარი ხმის მიცემის პროცედურის გარეშე დასახელდა.

"112-ის დანიშნულების და მისი გამოყენების შესახებ ბავშვების ინფორმირება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა იცოდნენ ნომერი 1-1-2 რისთვის, როგორ და რა შემთხვევაში გამოიყენონ. პატარა ლექსოს ინფორმირებულობამ, თუ როგორ მოქცეულიყო გადაუდებელ შემთხვევაში საკუთარი დედის სოცოცხლე იხსნა", - აღნიშნა გამარჯვების შემდეგ, 112-ის დირექტორის მოადგილემ, თეა გზირიშვილმა.

ლექსო დედასთან და 112-ის წარმომადგენლებთან რუმინეთში, დაჯილდოვების ცერემონიალს დაესწრო. უკვე საქვეყნოდ ცნობილი ბიჭი, სამშობლოში გუშინ დაბრუნდა.

"კვირის პალიტრა" ლექსოს და მის დედას, მარინე მჭედლიშვილს ესაუბრა:

- ლექსო, პირველ რიგში ამ საპატიო ნომინაციაში გამარჯვებას გილოცავ! გარდა იმისა, რომ დედა გადაარჩინე, საზღვარგარეთ საქართველოც ასახელე. გვიამბე რუმინეთში ვიზიტის შესახებ.

- რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ. რუმინეთში დედასთან და 112-ის თანამშრომლებთან ერთად ორი დღით ვიყავი. ჯერ კიდევ ემოციებში ვარ. ასაკით ყველაზე პატარა მე ვიყავი. სამახსოვროდ ჩემპიონატთა ლიგის ბურთი და 112-ის სუვენირი გადმომცეს. ეს საჩუქარი გამიხარდა, რადგამ ფეხბურთი ძალიან მიყვარს.

- ალბათ, ყველა გაოცდა, როცა შენი მაგალითის შესახებ შეიტყვეს...

- მართალია, გაოცდნენ.... ეს ამბავი ერთი წლის წინ მოხდა. მე და დედა შინ ვიყავით. მეძინა, როცა ხმაურის ხმა შემომესმა. მაშინვე დედის საძინებელისკენ გავიქეცი. ოთახში რომ შევედი, დავინახე დედა ძირს ეგდო, თვალებიგახელილი ჰქონდა. ვეცადე გამეღვიძებინა, სულ ვკანკალებდი... ძალიან შემეშინდა, მივხვდი ცუდად იყო. ფანჯარას მივვარდი, ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი. როცა არავინ გამომეპასუხა, 112-ში დარეკვა მოვიფიქრე.

- შენს ასაკში ნაკლებად, რომ ამ სამსახურის შესახებ იცოდნენ, საიდან გაიგე?

- სკოლაში გავიგე, მაშინვე დავრეკე და მისამართიც ავუხსენი - თავისუფლებიდანაა ამოსასვლელი, ჭონქაძის 6 ნომერია-მეთქი. სასწრაფოც მალე მოვიდა და მადლობა ღმერთს, დედა გადარჩა.

- რომელ კლასში ხარ, საინტერესოა, ყველაზე მეტად რომელი საგანი გიყვარს?

- მე-4 კლასში ვსწავლობ. ძალიან მიყვარს მათემატიკა. ვოცნებობ, რომ პილოტი გამოვიდე. მიყვარს ცურვა, ბოულინგი, ველოსიპედით სეირნობა.

- წარმატებებს გისურვებ!

- გმადლობთ!

მარინე მჭედლიშვილი, ლექსოს დედა:

- ლექსო ძალიან კონტაქტური და აქტიური ბავშვია. თუმცა, 112-ის შესახებ საიდან იცოდა, არ ვიცი. თანაც, მაშინ 112-ის სერვისი შედარებით ახალი დანერგილი იყო და ბავშვმა კი არა შეიძლება, მოზრდსაც არ სცოდნობდა. თუმცა, ყველამ იცის ამ სამსახურის შესახებ. ლექსოს მისამართი ზედმიწევნით რომ არ აეხსნა, შეიძლება სასწრაფოს ვერც მოეგნო.

112-ის 2014 წლის გამარჯვებულები არიან: საუკეთესო ზარის მიმღები - ლიტვა; განსაკუთრებული მოქალაქე - 8 წლის ლექსო საქართველოდან; საუკეთესო გადაუდებელი დახმარების ქოლ-ცენტრი - იტალია და რუმინეთი; საუკეთესო სამაშველო ოპერაცია - შვედეთი; საუკეთესო ინოვაცია - დიდი ბრიტანეთი.

ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას 500-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის, გადაუდებელი სამსახურის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრები, ევროპარლამენტის წევრები და გადაუდებელი დახმარების სფეროს ექსპერეტები.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)