"კრულიც იყოს აქ სიცოცხლე, საქართველოში სიკვდილი განა ბედნიერება არ არის?" - კვირის პალიტრა

"კრულიც იყოს აქ სიცოცხლე, საქართველოში სიკვდილი განა ბედნიერება არ არის?"

- მაგარი იყო?”ხმალს მაგრად იქნევდა? - ეკითხებოდა თვალებგაფართოებული პატარა გური ოჯახის წევრებს, როდესაც 5 წლისამ პირველად შეიტყო, რომ მისი დიდი პაპა, "ნინა ბუბას" მეუღლე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ყოფილა.

გური ხუნწარია: - ცხადად მახსოვს, ფანქრით დახატული ქაქუცას პორტრეტი გვეკიდა შინ და რამეს თუ დავაშავებდი, მეუბნებოდნენ: ქაქუცა პაპას ეწყინებაო...

ქაიხოსროს ცოლად ჰყავდა აწყურელი ილია მეღვინეთუხუცესის ერთადერთი ასული ნინო. ქორწილის შემდეგ ნინო და ქაქუცა თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე დამკვიდრებულან. ორი გოგონა შეეძინათ - თამარი (ციცნა) და ქეთევანი (ქეთია)ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაურის სამშობლოდან გადახვეწის შემდეგ ბოლშევიკებმა არ დაინდვეს მისი ოჯახი. 1923 წელს ნინო და მისი გოგონები თელავის მაზრის მილიციაში გამოკეტეს. მილიციის უფროსს, ჭურღულიას, ქაქუცასთვის შეუთვლია, - შენი ცოლ-შვილი ჩვენთანაა და ჩაგვბარდი, თორემ კასრში ჩავსვამ და შევწვავო. ქაქუცას უპასუხია: ეგეთი მეთოდებით ნუ მებრძვით, თორემ ქვას ქვაზე აღარ დავტოვებო. მილიციელები თურმე 3 წლის ქეთიასა და 7 წლის ციცნას ჰპირდებოდნენ კანფეტებს და წითელ "ტუფლებს" გიყიდით, თუ გვეტყვით, მამა მოდის თუ არა შინო. ბავშვები შინაურებს გაფრთხილებული ჰყავდათ, სიმართლე არ ეთქვათ. რომ გამოუშვიათ, ქეთიას თავმომწონედ უთქვამს ოჯახის წევრებისთვის, - ისეთი ტყუილები ჩავაბარეო... მამა შინ თუ მოდის და როგორ გამოიყურებაო, რომ უკითხავთ, უპასუხია, - მოდის და სულ ოქროს ქამარ-ხანჯალი უკეთიაო. ვის მოჰყავს ხოლმეო და - ძია მიშასო. ამ ტყუილის გამო 2 თუ 3 მიშა დაუპატიმრებიათ. საბედნიეროდ, მხოლოდ დაუკითხავთ და გაუშვიათ.

მოგვიანებით დედა-შვილები მეტეხის ციხეში გადაიყვანეს. ციხიდან ნინო ლავრენტი ბერიასთან წაუყვანიათ. ბერიას უთქვამს, - შენ დახვრეტა გემუქრება, ბავშვები მაინც გადაარჩინე, უარი თქვი მათზე და გადმოგვეციო. ნინო ბერიას წინადადებას არ დასთანხმებია. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ბავშვები გამოუშვეს, ნინო კი ციხეში დარჩა. შვილიშვილები ილია მეღვინეთუხუცესმა წაიყვანა აწყურში. 1924 წელს, ბოლშევიკებმა ილია საკუთარ ეზოში დახვრიტეს, თან სიტყვა დააგდეს: ვინც ამ ბავშვებს შეიკედლებს, დავაპატიმრებთო!

უპატრონოდ დარჩენილი პატარები ილიას მოურავმა საქათმეში დამალა. საჭმელს უზიდავდა მალულად და აფრთხილებდა, თუ მოგაგნეს, ვითომ აქ თვითონ დაიმალეთო.

სწორედ ამ დროს გამოდის ლენინის ბრძანება, კონტრრევოლუციონერების ოჯახის წევრების დევნა შეწყდესო და ნინო მეღვინეთუხუცესიც უბრუნდება შვილებს.

ამის შემდეგ ნინო და ბავშვები თბილისში ბინას ქირაობენ. გოგონები სკოლაში მანამ რჩებოდნენ, სანამ შეიტყობდნენ, რომ ქაქუცას შვილები იყვნენ და აიძულებდნენ, სხვაგან გადასულიყვნენ. ნინო რომელიღაცა სასწავლებლის დამლაგებლად იწყებს მუშაობას. გოგონები რომ წამოიზარდნენ, კერვა-ქარგვაში დაოსტატდნენ. ციცნას კაბებმა სახელი გაითქვა. კომუნისტური ელიტის მეუღლეები მასთან იკერავდნენ სამოსს.

- საფრანგეთიდან რაიმე ამბავი არასდროს მოსვლიათ?

- მეორე მსოფლიო ომის დროს ორი კაცი სწვევიათ - ქაქუცას მეგობრები ვართო და რამდენიმე ადამიანთან დაკავშირება უთხოვიათ. ნინოს უარით გაუსტუმრებია. ჩანს, უთვალთვალებდნენ, გარეთ გამოსვლისთანავე დაუპატიმრებიათ, მათთან ერთად - ნინო და თამარიც. ამჯერად დედა-შვილი შუა აზიაში გადაასახლეს და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიწყალეს.

- ნინო ელოდა ქაქუცას დაბრუნებას?

- შეიძლება გულში ჰქონდა ამის იმედი. შეფიცულებსაც ეგონათ, დაბრუნდებოდნენ, მაგრამ მათგან მხოლოდ ალექსანდრე სულხანიშვილი ჩამოვიდა.

- სულხანიშვილს შეხვდით?

- დისშვილის ოჯახში ცხოვრობდა, ლოგინად იყო ჩავარდნილი. მიბარებდა და იხსენებდა შეფიცულებთან გატარებულ დღეებს. თურმე, ემიგრაციაში წასვლამდე

ქაქუცასთვის მავანთ შეუთავაზებიათ, ბანკებიდან ფული წავიღოთ, კომუნისტებს ხომ არ დავუტოვებთო. ქაქუცას უთქვამს: ბოლშევიკები ისედაც ყაჩაღებს გვეძახიან და მართლა ყაჩაღებივით რომ მოვიქცეთ, ვეღარ ჩამოვირეცხავთ სამარცხვინო ლაქასო.

თურქეთში რომ გადასულან, იქ დარახტული ცხენები და ვერცხლის ქამარ-ხანჯალი გაუყიდიათ და ისე გაუგრძელებიათ გზა... პარიზთან ახლოს დაუქირავებიათ ბინა. უმრავლესობას მუშაობა ოდენკურში, "პეჟოს" საავტომობილო ქარხანაში დაუწყია.

- ნოე ჟორდანიასა და ქაქუცას ურთიერთობაზე თუ იხსენებდა რამეს?

- ქაქუცას ნოე არ უყვარდა. საფრანგეთში უკამათიათ კიდეც. ქაქუცა რესტორანში დაუპატიჟებიათ. იქ ნოე ჟორდანია და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის რამდენიმე წევრი სადილობდა თურმე. სუფრასთან მიუწვევიათ: ბატონო ქაქუცა, დაგვილიეთო. ქაქუცას მწარედ უთქვამს რაღაც და მათ სუფრას არ მიჰკარებია.

- პირველად 90-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის დროს გახმიანდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი.

- პირველად ციხიდან ახალგამოსულმა მერაბ კოსტავამ ახსენა და სიტყვის დასასრულს შესძახა: - გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გაუმარჯოს ქაქუცა ჩოლოყაშვილსო. ამის შემდეგ მიტინგი გაიმართა იპოდრომზე. იქ ბაირაღებზე ქაქუცას სახე პირველად გამოჩნდა. ყველა კითხულობდა, - ვინააო...

- ოჯახმა როდის გაიგო ქაქუცას გარდაცვალების ამბავი?

- საკმაოდ მალე ჩამოსულა საქართველოში ქაქუცას გარდაცვალების ამბავი. თურმე სასთუმალთან ედო ტყავში გამოკერილი ქართული მიწა და ჯვარი, რომელიც ტყეში გასვლის წინ თამარისთვის მოუხსნია, რადგან სიჩქარეში თავისი ვერ უპოვია. სიკვდილის წინ, ღამით, თამარი დასიზმრებია: - მამა, მომეცი ჩემი ჯვარიო. რომ გაუღვიძია უთქვამს, - ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრებაო. სწორედ იმ დღეს, 1930 წლის 29 ივნისს გარდაიცვალა. თავდაპირველად ცხედარი პარიზის სენტ-უანის სასაფლაოზე დაკრძალეს. შემდეგ ლევილში გადაასვენეს, 2005 წელს კი მთაწმინდის პანთეონში მიებარა მშობელ მიწას...

საბჭოთა რეჟიმს გამოქცეული ულამაზესი ქალბატონები

კოკო შანელი ხშირად ხუმრობდა, - ჩემთვის, ოვერნიელი პროვინციელისთვის, ნამდვილი თავადები შრომობენო.

მერი (მარიამ) შერვაშიძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაობისა იყო. ის საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე წავიდა ემიგრაციაში. თურქეთში შეყოვნდა, მეუღლის, გიგუშა ერისთავის ჩამოსვლას დაელოდა. ამასობაში სტამბოლში გამართულ სილამაზის მსოფლიო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. შემდეგში მერისა და გიგუშას ცხოვრებაც შეფიცულთაგვარად საფრანგეთში გაგრძელდა. მალე გიგუშა გარდაიცვალა. მერი აღარ გათხოვილა...

თუ ქაქუცას რაზმელები "პეჟოს" საავტომობილო ქარხანაში მუშაობდნენ, საბჭოთა რეჟიმს გამოქცეული მშვენიერი ქალბატონები სხვადასხვა ფრანგული სამოდელო სახლის მანეკენები ხდებოდნენ. 20-იანი წლების მეორე ნახევარში კოკო შანელის სამოდელო სახლის სახე მერი შერვაშიძე-ერისთავი (გალაკტიონის მუზა) გახლდათ. შანელის სახლის მოდელი იყო მელიტა ჩოლოყაშვილი (ილია ჭავჭავაძის ნათლული, ტიციან ტაბიძის მუზა).

მერი შერვაშიძის პორტრეტი დახატა ცნობილმა რუსმა მხატვარმა საველი სორინმა. ამჟამად ის მონაკოს პრინცის სასახლეშია. იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ასე მიმართა ქართველი თავადის ასულს: "Грешно, княжна, быть такой красивой" მერი თავდავიწყებით უყვარდა ადმირალ ოსიპ მაკაროვის ვაჟს, რომელმაც სიკვდილის წინ, 1960-იან წლებში, მას 500 ათასი ფრანკი უანდერძა. ამბობდნენ, რომ მერი არ იცინოდა, მხოლოდ იღიმებოდაო.

სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მერი შერვაშიძემ პარიზის მოხუცებულთა თავშესაფარში გაატარა. აქ ინახულა მწერალმა, რეჟისორმა რევაზ თაბუკაშვილმა და გადაიღო კიდეც თავის დოკუმენტურ ფილმში. მერი შერვაშიძე გარდაიცვალა 97 წლისა. დასაფლავებულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ეკა სალაღაია