"პალიტრამედიის" სოციალური პროექტი "ისწავლე და იმუშავე" დაიწყო! - კვირის პალიტრა

"პალიტრამედიის" სოციალური პროექტი "ისწავლე და იმუშავე" დაიწყო!

მათ, ვინც სტუდენტია ან უკვე დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, "პალიტრამედია" დასაქმებისა და კარიერის შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. "ისწავლე და იმუშავე"- ასე ჰქვია მედიაჰოლდინგის ახალ სოციალურ პროექტს, რომელიც მოტივირებულ, მიზანდასახულ და კრეატიულ ადამიანებს სწავლასთან ერთად დასაქმების რეალურ შანსს სთავაზობს.

რაც მთავარია, პროექტი უფასოა, რომლის ფარგლებშიც შერჩეული კონკურსანტები 2-თვიან ტრენინგებს გაივლიან, ყველაზე წარმატებულები კი "პალიტრაში" დასაქმდებიან.

შეთავაზება განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, როცა დასაქმება წლებია, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ კონკურსანტი უმაღლესდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იყოს (ნებისმიერი სპეციალიზაციის მიხედვით).

მონაწილეები შეისწავლიან: გაყიდვების ტექნიკას, მოლაპარაკების ხელოვნებას, საზოგადოებასთან ურთიერთობას და რეკლამის ფსიქოლოგიას. კონკურსში მონაწილეობა 20-დან 32 წლამდე პირებს შეუძლიათ. "ისწავლე და იმუშავე" პროგრამის მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კადრების შერჩევის სტანდარტული ეტაპების (ტესტირება, გასაუბრება) გავლას.

პროექტის დეტალებზე ჰოლდინგის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ფეიქრიშვილი გვესაუბრება:

- ეს პროექტი ჩვენთვისაც სიახლეა იმ მხრივ, რომ "პალიტრამედია" პირველად იწყებს ისეთ მასშტაბურ სოციალურ პროექტს  როგორიცაა "ისწავლე და იმუშავე". პროგრამა მეტწილად გათვლილია ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე, კურსდამთავრებულებზე, ვისთვისაც სამსახურის პოვნა რთულია. ჩვენ მათ ვთავაზობთ სწავლასა და მუშაობას. თეორიულ კურსს ლექტორები წაიკითხავენ, ხოლო პრაქტიკას ისეთ მსხვილ მედიაჰოლდინგში გაივლიან, როგორიცაა "პალიტრამედია". აქ მუშაობენ 10, 20-წლიანი სტაჟის მქონე ადამიანები და მათთან პრაქტიკის გავლა ნებისმიერი სტუდენტისთვის დიდი გამოცდილების საფუძველი იქნება.

- როგორ შეირჩევიან კონკურსანტები?

- საწყის ეტაპზე რეზიუმეები გადაირჩევა. აქცენტი სამოტივაციო წერილზე გაკეთდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, სამოტივაციო წერილი რამდენად სწორად და მოკლედ იქნება ჩამოყალიბებული. საბოლოოდ 25 მონაწილე შეირჩევა. პრაქტიკას ყველა მათგანი გაივლის. ცხადია, ყველა ვერ დასაქმდება. მხოლოდ ისინი დარჩებიან, ვინც პროექტს წარმატებით გაართმევენ თავს. პრაქტიკისა და თეორიის კურსები ერთმანეთის პარალელურად წარიმართება. მაგალითად, ერთ დღეს - თეორია, მეორე დღეს - პრაქტიკული ნაწილი. თეორიული ნაწილი "პალიტრამედიის" ტრენინგცენტრში ჩატარდება. ჩვენი ტრენინგცენტრი მთელ მედიაჰოლდინგს ემსახურება. ტრენინგი კოსტავას 47-ში გაიმართება. კონკურსი უკვე გამოვაცხადეთ. სავარაუდოდ, ტრენინგებს მაისში დავიწყებთ. რაც მთავარია, ეს არის უფასო კურსები.

- პროექტში მონაწილეობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია?

- პროფესიას უპირატესობას არ ვანიჭებთ. ნებისმიერი სპეციალიზაციის მქონეს შეუძლია რეზიუმე გამოგზავნოს. მთავარია მონდომებულები, კრეატიულები იყვნენ. შესაძლოა, ზოგიერთი კონკურსანტი გაყიდვებში გამოცდილიც კი იყოს და პროექტში მონაწილეობა იმიტომ მიიღოს, რომ "პალიტრამედიაში" მუშაობა სურს. ვინც დამწყები იქნება და ჩვენთან დასაქმდება, ისინი ჯერ სტაჟირებას გაივლიან.

- პროექტი ერთჯერადი იქნება თუ მომავალშიც გაგრძელდება?

- ჯერ არ ვიცით, პროექტს როგორი გამოხმაურება მოჰყვება, თუმცა, ჩვენი გათვლებით, დაინტერესება იქნება, რადგან ასეთი მასშტაბური პროექტი საქართველოში ბევრი არ არის. თუ მოთხოვნა დიდი იქნება, შეიძლება ორი გუნდიც გავაკეთოთ. გვინდა, ეს პროექტი წელიწადში ორჯერ მაინც განვახორციელოთ.

განცხადების მიღება უკვე დაიწყო. მსურველებმა CV და სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ: hr@palitra.ge არა უგვიანეს 15 მაისისა.

სალომე გოგოხია