ვინ და რატომ დაემუქრა ჯოჯოხეთით გიორგი ბახუტაშვილს?! - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ დაემუქრა ჯოჯოხეთით გიორგი ბახუტაშვილს?!

გიორგი ბახუტაშვილმა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" საინტერესო ახალგაზრდა მამაკაცის სახე შექმნა და ერთ მშვენიერ დღეს, ცოტნე ცოტაშვილის როლით პრეზიდენტობის კანდიდატად გამოცხვა.

ცოლსაც ღალატობს, "კაი ბიჭის" ნაცოლარსაც საყვარლობს, კიდეც იგინება, კონტროლის დაკარგვამდეც თვრება და არაადეკვატურიცაა, - არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, მაგრამ მაყურებელს მაინც ახალისებს... მისი პერსონაჟი გაცილებით პოპულარულია, ვიდრე ზოგიერთი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

საკუთარ და სერიალის პერსონაჟის ცხოვრების რამდენიმე დეტალზე გიორგი ბახუტაშვილი გვესაუბრება: - რაც ამ სერიალში ხდება, ყველაფერი ძალიან ახლოს არის რეალობასთან და მოგონილი არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაყურებელს სიყალბის შეგრძნება დაეუფლებოდა. ცოტნეც არ არის მოგონილი პერსონაჟი, ჩვენ გარშემოც არსებობენ ცოტნეები.

- პროტოტიპი გყავთ?

- პროტოტიპი არა მყავს. კრებსითი სახეა.

- ბევრი გცნობთ, ხანდახან ცოტნეთიც ხომ არ მოგმართავენ?

- ძირითადად, ეღიმებათ, როცა მხედავენ, ალბათ, რომელიმე ხუმრობა ახსენდებათ ცოტნესი. კეთილგანწყობას გამოხატავენ და კომპლიმენტებს მეუბნებიან. იშვიათად, მაგრამ უარყოფითი შეფასებაც ყოფილა. მაგალითად, ერთმა კაცმა მითხრა, ჯოჯოხეთში მოხვდებიო. გახსოვთ, ალბათ, იყო ასეთი სერია, სადაც ცოტნეს საბავშვო ბაღში, ბავშვებთან შეხვედრა ჰქონდა. სწორედ მაგაზე მითხრა, ბავშვებს ნუ ეტინგიცები და ეღლაბუცები, თორემ ჯოჯოხეთში მოხვდებიო.

- თქვენი აზრით, როგორი ბიჭია ცოტნე, შემთხვევით მოხვდა პოლიტიკაში?

- ახალგაზრდობიდანვე ჩაერთო პოლიტიკურ მარათონში და ნელ-ნელა მიჰყვა...

- თუ ასეა, სულ მცირე, პოლიტიკოსის მანერები უნდა ჰქონდეს და ეტიკეტი იცოდეს. სადაც საჭირო არ არის, იქ ყვირის, თვრება, იგინება და ასე შემდეგ.

- ისეთი პოლიტიკოსებიც არსებობენ და ასეთებიც. ცოტნე მაინცდამაინც ნერვებს ვერ აკონტროლებს და ამიტომ თავს იჩენს მისი ემოციურობა.

- ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ პოლიტიკაში?

- პოლიტიკაში უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვისაც მართლა შეუძლია საქმის გაკეთება, ვინც მართლა იდეას ემსახურება და არა - სკამს. ცოტნეს, მგონი, აქვს შანსი, რადგან, ასე თუ ისე, იმსახურებს ხალხის კეთილგანწყობას. თუმცა, ცოტა მეცოდება კიდეც, იმ ადგილას არ არის, სადაც უნდა იყოს...

- როგორია ამ ფილმის როლი თქვენს კარიერაში?

- ეს ჩემი პირველი საეკრანო როლი იყო. ფართო მაყურებელმა ამ როლით გამიცნო.

- შარშან თქვენ და მოდელმა თაკო შოშიაშვილმა იქორწინეთ. რა შეიცვალა ამ ერთ წელში?

- ის შეიცვალა, რომ მამობისთვის ვემზადები. თაკო ჭირვეული ორსული არ არის, ერთადერთი, ალუჩა უნდოდა ძალიან და გვეშველა, შემოვიდა. ვცხოვრობთ ცალკე, ტკბილად და ბედნიერად, თუმცა, ჯერ ქირით.

ეკა სალაღაია