"ვნახე უამრავი გაგუდული და დასახიჩრებული ადამიანი" - რას ყვებიან ნეპალში მყოფი ქართველი ტურისტები - კვირის პალიტრა

"ვნახე უამრავი გაგუდული და დასახიჩრებული ადამიანი" - რას ყვებიან ნეპალში მყოფი ქართველი ტურისტები

"აქამდე არაფერი ვიცოდი ნეპალელების პატრიოტიზმის შესახებ, ახლა კი გაოცებული ვუყურებ მათ, საკუთარ სახლებს კი არა, დანგრეულ წარსულსა და კულტურას დასტირიან"

"ეს მოჟრიამულე ქალაქი ერთ დღეში ნანგრევებად იქცა"

"ლუმბინში, ბუდას დაბადების ადგილას ვაპირებდით წასვლას. თუმცა მანამდე, გზად, ერთ-ერთ ღია კაფეში უნდა შეგვევლო... პირველად ვიყავი კატმანდუში, მაგრამ ამ საოცარმა ქალაქმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან მწყდება გული, რომ ბევრი ღირსშესანიშნაობა, რომელთაც მიწისძვრამდე ერთი დღით ადრე აღფრთოვანებით ვათვალიერებდი, აღარ არსებობს. ერთი უბანია, ტამელი, ტურისტების უბნად ითვლება და ყველაზე მრავალფეროვანია. სწორედ იქ ვიყავით და ერთ-ერთ ღია კაფეში შესვალს ვაპირებდით, ახლაც ყურებში მიდგას ის საზარელი ხმა, რაც მიწისძვრას ახლდა, მეგონა, მიწა გაიხსნებოდა და თან ჩაგვიტანდა. როდესაც მიწა იძრა, ერთ წამში აირია ყველაფერი ერთმანეთში და მტვრის ბუღში გაეხვა. ჩვენ გარშემო სულ ძველი შენობები იყო, ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა, ქალაქი თითქმის მიწასთან გაასწორა, ხალხი უმისმარათოდ გარბოდა, შველას ითხოვდა, ეს საშინელება ჩემი თვალებიდან არასდროს ამოვა..." -ასე იხსენებს ნეპალში 25 აპრილს მომხდარ მიწისძვრას ქართველი ტურისტი, რომელიც ახლა უკვე ინდოეთში იმყოფება.

7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ და მას მოყოლილმა ძლიერმა განმეორებითმა ბიძგებმა ნეპალს უდიდესი ზარალი მიაყენა. ნეპალის პრემიერ-მინისტრ სუშილ კოირალას განცხადებით, დაღუპულთა რიცხვმა შეიძლება 10 000-ს მიაღწიოს.

ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 4 400-ს ასცდა, თუმცა, ნანგრევებში კვლავ ასობით ადამიანი რჩება. სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

დავით ფიფია, ქართველი ტურისტი:

- კატმანდუში ხშირად ჩამოვდიოდი. აქაურობა ძალიან მიყვარს. მხიარული და შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს, თან ევროპის ფონზე, ყველაფერი იაფია. პირდაპირ ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ კარვებში ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითიადად კი, ევროპიდან ჩამოსული "ჰიპები", ჩვენც იქ ვიყავით დაბინავებული, გაგვიმართლა რომ იქ გავჩერდით და არა - სასტუმროში... ერთი სიტყვით, ეს მოჟრიამულე ქალაქი ერთ დღეში ნანგრევებად იქცა, ულამაზესი შენობები ჩამოიქცა და ქვეშ ათასობით ადამიანი მოიყოლა. მახსოვს მხოლოდ ხმაური, გამაყრუებელი გრუხუნი და ძირს ზვავად წამოსული შენობები... რომ არ იცი, საით უნდა გაიქცე. რა უნდა გააკეთო. რამდენიმე წუთში შემდეგ, როდესაც ყველაფერი დასრულდა, მივხვდი, რომ ცოცხალი ვიყავი. ცოცხლები იყვნენ ჩემი უკრაინელი და შვედი მეგობრებიც. რაღაც დროის განმავლობაში სრული ქაოსი იყო. მეორე დღეს, ჩიტვანის დასახლებაში წავედით, იქ მეგობრები გვაყვდა. ამ დროს მიწისქვეშა ბიძგები მეორედ განმეორებულა. მეორედ გადავრჩით. მაგრამ იმავე ღამეს დავბრუნდით.

- რატომ?

- იმიტომ, რომ დედაქლაქში დარჩენილი ჯგუფის წევრებს ვერ ვუკავშირდებოდით. კატმანდუში გამთენიისას დავბრუნდით, რადგან ქალაქის გზები ყველგან ჩახერგილი იყო... ადგილობრივი სამაშველო სამსახურები საქმეს ვეღარ აუდიოდნენ და ჩვენ, მოხალისეებმაც დავიწყეთ მათი დახმარება. აქ უამრავი ეროვნების ადამიანია. მე ვნახე უამრავი გაგუდული, დასახიჩრებული, ნანგრევებს მოყოლილი ადამიანი. ხალხი შოკშია ჯერაც, მათი სამყარო ერთ დღეში დაიქცა... არ იყო კავშირი, ელექტოენერგია, წყალი, საკვები, სამედიცინო პრეპარატები, მედპერსონალი... ეს ვითარება ახლაც გრძელდება. ოჯახის წევრები ჯერ ერთმანეთს ეძებდნენ, შემდეგ ახლობლებს, მეგობრებს. სახლ-კარზე ყველაზე ნაკლებად დარდობდნენ, ან უბრალოდ შოკი ჰქონდათ და ახლა, თანდათან მოდიან გონს... არსებობს წყლისა და საკვები პროდუქტების დეფიციტი. დედაქალაქიდან გასასვლელ გზებზე ახლაც საცობებია, კატმანდუს აეროპორტში გამგზავრების მსურველთა უზარმაზარი რიგებია. აეროპორტი, ძირითადად, სამხედრო თვითმფრინავებს აქვთ დაკავებული, რომელზე ასვლასაც უბრალო მოქალაქეები ცდილობენ... აქამდე არაფერი ვიცოდი ნეპალელების პატრიოტიზმის შესახებ, ახლა კი გაოცებული ვუყურებ მათ, საკუთარ სახლებს კი არა, დანგრეულ წარსულსა და კულტურას დასტირიან; ძალიან განიცდიან, რომ ღირსშესანიშნაობათა დიდი ნაწილის აღდგენა თითქმის შეუძლებელია, და ძალიან აღიზიანებთ მიწისძვრის შედეგად განადგურებულ ნაგებობებთან მოპოზიორე უცხოელი ტურისტები.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)