"16 პარილს ქორწინების 5 წლისთავი ჰქონდათ." - ავტოავარიას შეწირული ცოლ-ქმრის სულისშემძვრელი ამბავი - კვირის პალიტრა

"16 პარილს ქორწინების 5 წლისთავი ჰქონდათ." - ავტოავარიას შეწირული ცოლ-ქმრის სულისშემძვრელი ამბავი

"ქორწილში წასვლამდე გადაუღიათ ფოტოები და მიშოს დედა დასტიროდა მათ უკანასკნელ ფოტოს... ორივე ადგილზე გარდაცვლილა."

"ბიჭს, რომელიც, სავარაუდოდ, საჭესთან იჯდა, სხეულის მრავლობითი მოტეხილობა აქვს, მის მეუღლეს კი მხარი აქვს მოტეხილი, თან როგორც ამბობენ, ფეხმძიმედ არის."

ამ ორიოდე დღის წინა გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მგზავრები სოფელი ძველანაგიდან, საერთო მეგობრის ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, მანქანაში სულ ხუთი ადამიანი იჯდა. შემთხვევა ღამით მოხდა, სავარაუდოდ, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და უბედურებაც დატრიალდა...

გვესაუბრება გარდაცვლილი წყვილის ახლობელი:

- ღამის 3 საათისთვის წამოსულან ქორიწლიდან. მანქანაში ხუთნი იყვნენ, ყველანი ერთმანეთის ახლობლები არიან, ორი ბიჭს მეუღლეები ახლდათ, ერთს კი ცოლი არ ჰყავს ჯერ. მომხდარს ორი ადამიანი შეეწირა, დაღუპული ცოლ-ქმარი, ბოდბისხეველი ახალგაზრდები არიან. მიშო ალადაშვილი და მარიამ ობოლაშვილიც კლასელები იყვნენ, 21 წლის ახალგაზრდები... მთელი ბავშვობა ერთმანეთი უყვარდათ და სკოლის დამთავრებამდე შეუღლდნენ. 16 პარილს ქორწინების 5 წლისთავი ჰქონდათ. ძალიან ბედნიერები იყვნენ...

- შვილი ჰყავთ?

- დიახ, 3 წლის გოგონა დარჩათ... ადრე გათხოვების მიუხედვად, მარიამი სწავლას აგრძელებდა, თბილისში ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩააბარა და სტუდენტი იყო. რა თქმა უნდა, მიშოც მასთან ერთად იყო, კახეთში ხანდახან ჩადიოდნენ ხოლმე. ახლა იმ კლასელის ქორწილისთვის იყვნენ ჩასული. ქორწილში წასვლამდე გადაუღიათ ფოტოები, მიშო დედა დასტიროდა მათ უკანასკნელ ფოტოს... ორივე ადგილზე გარდაცვლილა.

- მიშოს და-ძმა ჰყავს?

- არა, დედისერთა იყო. მშობლების ერთადერთი იმედი იყო, მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდათ. რა გითხრათ, როგორ აგიხსნათ მაგათი მდგომარეობა, სიგიჟის ზღვარზე არიან, ორი ცხედარი უსვენიათ ოჯახში...

- დანარჩენი მგზავრების მდგომარეობა როგორია?

- მეორე წყვილიც მძიმედ არის დაშავებული, - ბიჭს, რომელიც, სავარაუდოდ, საჭესთან იჯდა, სხეულის მრავლობითი მოტეხილობა აქვს, მის მეუღლეს კი მხარი აქვს მოტეხილი, თან როგორც ამბობენ, ფეხმძიმედ არის. მძიმე მდგომარეობა აქვს, მეხუთე მგზავრს, ანუ ამ ბიჭების კიდევ ერთი მეგობარი ბიჭიც უმძიმეს მდგომარეობაშია, - კისრის მალები აქვს გაბზარული და ნეკნები ჩამტვრეული... ღმერთს ვეხვეწებით, გადარჩნენ...

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისას ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

პ.ს. შსს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაცია განგაშის საფუძველს ნამდვილად იძლევა - სტატისტიკის თანახმად, 2014 წლის პირველ კვარტალში, ავტოსაგზაო შემთხვევებს 180 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიების დროს ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში გარდაიცვალა. კერძოდ, 2014 წლის იანვარ-ივნისის თვეებში საქართველოში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს სამხარეო მთავარი სამმართველოების მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს რეგისტრირებულია 180 გარდაცვლილი პირი, მათ შორის კახეთში – 22; ქვემო ქართლში – 19; შიდა ქართლში – 22; სამცხე-ჯავახეთში - 3; იმერეთსა და რაჭაში – 32; სამეგრელო-ზემო სვანეთში – 16; აჭარაში - 11; გურიაში – 2; თბილისში – 46; მცხეთაში - 7.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)