"4 საათის განმავლობაში ვიყავი ნანგრევებში ჩამარხული" - კვირის პალიტრა

"4 საათის განმავლობაში ვიყავი ნანგრევებში ჩამარხული"

"საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, მაშინღა გამახსენდა შვილი. წარმოგიდგენიათ? ისეთი საშინელება განვიცადე მიწაში, ჩემი მეცხრეკლასელი ზაზა კი არ გამახსენდა. "

"მოხუცი ყველას მკვდარი გვეგონა. მერე ერთმა თქვა, მკვდრის მეშინია, ვერ შევხედავო და გასვლა დააპირა. უცებ ქვემოდან ხმა მოგვესმა, - ბაბუა, ნუ გეშინიათ, ცოცხალი ვარო, - თურმე, ჩვენი ხმა გაუგონია. ასე გადავარჩინეთ მოხუცი."

მიწისძვრა ყველაზე მასშტაბურ დამანგრეველ სტიქიად მიიჩნევა და მისგან მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იღუპება. დედამიწაზე წელიწადში საშუალოდ ერთი კატასტროფული და 100 დამანგრეველი მიწისძვრა ხდება.

1991 წლის 29 აპრილს, ორშაბათს, 13 საათსა და 13 წუთზე საქართველოში მოხდა ძლიერი, დამანგრეველი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი საჩხერის რაიონის სოფელ ხახიეთში მდებარეობდა. ეპიცენტრში მიწისძვრის სიმძლავრე 9-9,5 ბალი იყო, ხოლო ძირითადი ბიძგის მაგნიტუდის სიმძლავრე - 6,9-7,2 ბალი. მას შემდეგ, დაახლოებით 4 თვის განმავლობაში რამდენიმე განმეორებითი ბიძგი აღინიშნა, მათ შორის ყველაზე ძლიერი - 3-4 მაისსა და 15 ივნისს. მიწისძვრა გავრცელდა ამბროლაურის, ჯავის, ონის, საჩხერის, ტყიბულისა და ჭიათურის რაიონების ტერიტორიაზე და დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი, დაინგრა და დაზიანდა 4600-მდე სახლი და 1000-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა. სპეციალისტების თქმით, ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა ღამით რომ მომხდარიყო, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა.

ხახიეთის მიწისძვრის "გემო" დღემდე არ დავიწყნია იმერეთისა და რაჭის მოსახლეობას. საჩხერის რაიონში მცხოვრებლებს დავუკავშირდით და 24 წლის წინანდელი 29 აპრილის გახსენება ვთხოვეთ.

გია ლომიძე:

- საჩხერის სოფელ ქორეთში ვიყავი. მოხუცი ქალბატონი იყო გარდაცვლილი და მისი დაკრძალვის მეორე დღეს ჭურჭლის ალაგებაში ვეხმარებოდით ჭირისუფლებს. მიწისძვრა რომ დაიწყო, მეგონა, მიწა ძირს ჩავარდა. ისეთი ბიძგები იყო, ლამის 5 მეტრზე გავყავ-გამოვყავდით. ახლო-მახლო სახლებიც დაინგრა და ნანგრევებიდან ისეთი კვამლი ამოვარდა, მთელი სოფელი ბურუსში გაეხვა. ჩემი მეზობელი მოხუცი კაცი ჩაიყოლა ნანგრევებმა. ბიჭები მივვარდით და დაახლოებით იმ ადგილიდან დავიწყეთ ქვების ამოწყობა, სადაც მისი საწოლი გვეგულებოდა, თუმცა მოხუცი ყველას მკვდარი გვეგონა. მერე ერთმა თქვა, მკვდრის მეშინია, ვერ შევხედავო და გასვლა დააპირა. უცებ ქვემოდან ხმა მოგვესმა, - ბაბუა, ნუ გეშინიათ, ცოცხალი ვარო, - თურმე, ჩვენი ხმა გაუგონია. ასე გადავარჩინეთ მოხუცი. სხვა არავინ დაზარალებულა სერიოზულად, თვითონ საჩხერეში კი, ბაზართან, ხუთსართულიანი სახლის ნანგრევებში ჩემი ახლობელი გოგონა მოყვა. საბედნიეროდ, მიაგნეს და გადაარჩინეს. სხვათა შორის, იმ ნანგრევების ადგილას მერე ახალი ხუთსართულიანი სახლი ააშენეს და ახლა იმ სახლში ცხოვრობს. ტელეფონის ნომერს მოგცემთ და დაურეკეთ.

სიკვდილს სასწაულით გადარჩენილ ქალბატონი რუსუდან ქამუშაძე იმხანად 35 წლის ყოფილა:

- ბაზრის წინ, ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე ვცხოვრობდი. აივანი ჩაინგრა და "ოთხი სართული" დამეყარა თავზე. გონება დავკარგე და ვფიქრობ, ასე, 4 საათის განმავლობაში ვიყავი ნანგრევებში ჩამარხული. აზრზე რომ მოვედი, ვერაფრით გავერკვიე, რა მჭირდა. მუცელი მეწვოდა და ბეჭებით ვცდილობდი წამოწევას. მაგრამ რას წამოვიწეოდი, უზარმაზარი ფილები მეწყო, თურმე, ბეჭებზე. ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი, სილასა და ბეტონში ვიყავი ჩაფლული. მხოლოდ მარცხენა ხელი გადავწიე გვერდზე და ვიგრძენი, თავზე ფარდა შემომხვეოდა, ალბათ, რომელიმე მეზობლის... მეოთხე სართულიდან რომ მოვფრინავდი, ვიღაცას დავუნახივარ და ჩემ მოსაძებნად ამწე მოუყვანიათ. რამდენი ფილა ამაცალეს, იმდენი გატყდა. ოდნავ შევნიშნე სინათლის სხივი და ავყვირდი. მიხვდნენ, სადღაც იქვე ვიყავი და ზემოდან შეძახილებით მამხნევებდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთი ფილა, თავზე რომ მედო, მთლიანად ამოიღეს და წელს ზემოთ დამინახეს, სანახევროდ კი მიწაში ვიყავი. პროფესიონალ მაშველებს არ ჰგავდნენ, საჩხერლები იყვნენ. ის-ის იყო, ამწეთი ამომწიეს, რომ კიდევ იძრა მიწა. შეშინდა ხალხი და ყველამ იმ წამს მიმატოვა. ვერ გეტყვით, მერამდენედ მოვკვდი მაშინ. ცოტა რომ ჩაწყნარდა სიტუაცია, ხალხის ნაწილი დაბრუნდა და ცოცხალ-მკვდარი ამომიყვანეს მიწიდან. ფეხები გაშეშებული მქონდა. წამიყვანეს საავადმყოფოში და ექიმს უთქვამს, ხერხემალშია გადატეხილიო. სინამდვილეში, ხერხემალში კი არ ვიყავი გადატეხილი, თირკმელიდან სისხლი მდიოდა, ლავიწის ძვალი მქონდა გატეხილი და ბეჭები - ჩახეული, ამიტომ სასწრაფოდ გადამაფრინეს ქუთაისის საავადმყოფოში და იქ ჩამიტარეს ყველანაირი მკურნალობა. გერმანიიდან ჩამოსულმა ექიმმა მითხრა, დღეს კი შედარებით იოლად გადარჩი, მაგრამ 10-12 წლის შემდეგ იჩენს თავს შენი დაავადებაო. მართლაც გამირთულდა მდგომარეობა - გაფანტული სკლეროზი დამემართა და ცხოვრება გამიმწარა, სხეულის ნახევარ მხარეს - ხელსა და ფეხს სიარულისას ძლივს მივათრევ.

- მიწაში გონს მოსული, რამეზე ფიქრობდით?

- თავიდან ვფიქრობდი, როდესმე ჩემს ჩონჩხს ხომ მაინც ნახავენ-მეთქი. მერე, ვინატრე, ღმერთო, იმის ბედი მაინც მქონდეს, მკვდარი მნახონ, ვინმემ რომ მიცნოს-თქო. წარმოვიდგინე, როგორ გამასვენებდნენ, მიმიტანდნენ სასაფლაოზე და როგორ დამიტირებდნენ... გადარჩენაზე საერთოდ ვერ ვფიქრობდი, რადგან ვხვდებოდი, ამის შანსი არ არსებობდა. შორიდან საშინელი ხმაური, გუგუნი, კივილ-წივილი მესმოდა და მე კი ხმას ვერავის ვაწვდენდი. საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, მაშინღა გამახსენდა შვილი. წარმოგიდგენიათ? ისეთი საშინელება განვიცადე მიწაში, ჩემი მეცხრეკლასელი ზაზა კი არ გამახსენდა.

- თქვენი ვაჟი სად იყო იმ მომენტში?

- სკოლაში იყო და მერე გავიგე, მეორე სართულიდან გადმომხტარა შიშისგან. საბედნიეროდ, ისიც გადარჩა. ისე წამიყვანეს ქუთაისში, შვილს არაფერი გაუგია ჩემზე. მშობლები სოფელში ცხოვრობდნენ და იმათ ჩემმა საჩხერელმა მეზობლებმა აუტანეს ამბავი.

- თქვენი სახლის დანგრევისას ბევრი ადამიანი დაიღუპა?

- სამი ადამიანი დაიღუპა - დედა და 4 წლის ბავშვი, რომელიც გულში ჩაეხუტებინა და ერთი მოხუცი. მიწისძვრისას მხოლოდ ჩვენ ოთხი აღმოვჩნდით კორპუსში. დღის ისეთი პერიოდი იყო, დანარჩენები სამსახურებსა და სკოლაში იყვნენ. მეც ცოტა ხნით, სამსახურიდან შესვენებაზე, სადილად შევირბინე შინ. კარგი ამინდი იყო და აივანზეც გავედი - ქვეყნიერებას გადავცქეროდი და ვტკბებოდი, ვიდრე უეცრად ქარი არ ამოვარდა. უცებ ტყლაშო, დაიძახა სახლმა და გვერდით რომ გავიხედე, მახსოვს, შუაზე რკალივით გამსკდარი სადარბაზოს ნაწილი გვერდულად წამოვიდა. მერე მეც გამომეცალა აივანი, ქვემოთ დავეშვი. მეტი აღარაფერი მახსოვს... კარგა ხანს ვაგონში ვცხოვრობდით და მერე იმავე ადგილას აშენებული სახლის ამჯერად მესამე სართულზე მოგვცეს ბინა.

- იმავე ადგილას ცხოვრება უსიამოვნო არ არის?

- ეგ არ მაშინებს, მაგრამ ფსიქოლოგიურად ისე დამანგრია მიწისძვრამ, დღმდე, ქარი რომ ამოვარდება, მინდა ვიკივლო, მაგრამ პატარა შვილიშვილები რომ არ შევაშინო, თავს ვიკავებ ხოლმე. ჩაკეტილი სივრცის პანიკური შიშიც გამომყვა - ტუალეტში რომ შევდივარ, კარსაც ვერ ვხურავ.

- აივანზე გადიხართ ხოლმე?

- თქვენ წარმოიდგინეთ, გავდივარ (იცინის). ცხოვრებას თავისი მიაქვს. უკვე შვილიშვილებსაც მოვესწარი - უფროსი 14 წლის მყავს და ეს ბევრს ნიშნავს. მეორედ დავიბადე-მეთქი, ბევრჯერ მითქვამს და დაბადების დღესაც წელიწადში ორჯერ აღვნიშნავ: ნამდვილ დაბადების დღეს, 17 ნოემბერს და მიწისძვრის დღეს - 29 აპრილს.

ირმა ხარშილაძე

გაზეთ "ყველა სიახლის" 2013 წლის არქივიდან