"მოსალოდნელია დაპირისპირება!" - მამა სპირიდონი საზოგადოებას აფრთხილებს - კვირის პალიტრა

"მოსალოდნელია დაპირისპირება!" - მამა სპირიდონი საზოგადოებას აფრთხილებს

"მათ სურთ მოახდინონ საზოგადოების ზომბირება და პროვოცირება. ეს ძალები აკონტროლებენ პოლიტიკურ სპექტრს და იმაზე კი არ ზრუნავენ, რომ ქვეყანა განვითარდეს, არამედ პირიქით, სურთ რამე გაფუჭდეს, რათა მერე მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ..."

"პრობლემა იმაში კი არაა, იეჰოველთა სექტამ უნდა იარსებობს, თუ - არა, არამედ პრობლემა გამოიწვია მათი შეკრების ადგილმა."

თერჯოლაში "იეჰოვას მოწმეებსა" და მართლმადიდებელ მრევლს შორის მოსალოდნელ დაპირისპირებაზე ლაპარაკი უკვე სერიოზულ სახეს იღებს. თერჯოლაში "იეჰოვას მოწმეებსა" და მართლმადიდებელ მრევლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც "იეჰოვას მოწმეებმა" ქალაქის ცენტრში გამგეობის ნებართვით სახლის მშენებლობა დაიწყეს. ამის გამო ადგილობრივმა მრევლმა აქციები გასული წლის ივნისის თვეშიც გამართა. შემდგომ ქალაქის ხელმძღვანელობამ განკარგულება გამოსცა, რომლითაც მშენებლობა შეაჩერა. თერჯოლის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე სანაცვლოდ "იეჰოვას მოწმეებს" აღნიშნული ადგილიდან რამდენიმე მეტრში ტერიტორიის გამოყოფას დაპირდა, თუმცა დაპირისპირება ამით არ მოწურული. თერჯოლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი ამბობს, რომ "იეჰოვას მოწმეები" წინააღმდეგი არიან სახლი სხვა ადგილზე ააშენონ. მათ ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული განკარგულება სახლის მშენებლობის შეჩერების შესახებ ზესტაფონის სასამართლოში გაასაჩივრეს. "სასამართლომ გამგეობის მიერ გამოცემული განკარგულება შეაჩერა და სახლის მშენებლობის შესახებ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა. სასამართლოში მხარეს თერჯოლის რაიონის გამგეობა წარმოადგენს. ადგილზე ამ მომენტში სახლის მშენებლობა ფიზიკურად არ მიმდინარეობს. სასამართლოს განაჩენის აღსრულება ჯერ არ მომხდარა, რადგან გამგეობას უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.", - განაცხადა მამა სპირიდონმა.

თერჯოლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი სპირიდონ  ცქიფურიშვილი:

- პრობლემა იმაში კი არაა, იეჰოველთა სექტამ უნდა იარსებობს, თუ - არა, არამედ პრობლემა გამოიწვია მათი შეკრების ადგილმა. იეჰოველთა სექტას, წლების განმავლობაში ჰქონდა შეკრების ადგილი და მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. შეიძლება გარეშე პირმა ერთი შეხედვით ჩათვალოს, რომ დაპირისპირება რელიგიურ ნიადგაზეა, მაგრამ რეალურად პრობლემა გამოიწვია შენობისთვის შერჩეულმა ადგილმა. მათ გადაწყვიტეს, რომ შეკრების ადგილი ქალაქის ცენტრში უნდა ჰქონდეთ, რაც მოსახლეობისთვის მიუღებელია. თუ თავის დროზე არ იქნა პრევენციული ზომები მიღებული, დაპირისპირება გარდაუვალი იქნება... სხვათა შორის, მათ მიერ არჩეული ადგილის გვერდით არის კინოთეატრი, რომელიც ჯერ-ჯერობით გასარემონტებელია, მაგრამ როცა გაკეთდება, იქ აუცილებლად ივლის ქალაქის ახალგაზრდობა... სხვა თუ არაფერი, ამ კინოს გვერდით იაღოველთა შეკრების ადგილის არსებობა აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს...

- ანუ ამ ადგილას, შეკრების ადგილის არ აშენება თავად მათ ინტერესშიც უნდა შედიოდეს, რადგან მოსალოდნელია დაპირსპირება?

- რა თქმა უნდა, თანაც გაითვალისწინეთ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ შესთავაზა ალტერნატიული ფართობი, რომელზეც ადგილობრივებს პრეტენზია არ ჰქონიათ. ყველას გვაქვს ოჯახები და ყველას გვყავს სამეზობლო და სულ ვცდილობთ რომ ჩვენი ქცევით სამეზობლო არ გადავიმტეროთ, ყველა ნორმალური ადამიანი ასე იქცევა, მაგრამ ესენი პირიქით იქცევიან...

- ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანებთ, რომ ყველაფერი, რაც თერჯოლაში ხდება, ვიღაცის მინზანიმართული გადაწყვეტილებაა. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ ვის გულისხმობდით?

- კონკრეტულ სახელებს არ ვიტყვი, მაგრამ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი იმ ძალების მიერ ხდება, რომელთაც უნდათ, ყველგან ხელი აფათურონ. ამ ძალების გარკვეული ნაწილი მასმედიას აკონტროლებს, მათ სურთ მოახდინონ საზოგადოების ზომბირება და პროვოცირება. ეს ძალები აკონტროლებენ პოლიტიკურ სპექტრს და იმაზე კი არ ზრუნავენ, რომ ქვეყანა განვითარდეს, არამედ პირიქით, სურთ რამე გაფუჭდეს, რათა მერე მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ...

- მამა სპრიდონ, გასაგებია, რომ ადგილის გამოა პრობლემა, თუმცა კანონის ძალით ხომ აქვთ მათ ამის უფლება...

- წარმოიდგინეთ მაქვს სახლი, რომელსაც სამ მხარეს არაფერი ესაზღვრება, ხოლო მეოთხე მხარეს ცხოვრობს ან მუსლიმანი ან იუდეველი, რომელსაც რელიგია უკრძალავს ღორის ხორცის მიღებას. ამ დროს ღორის დაკვლა მოვინდომო (რასაც კანონი მე არ მიკრძალავს) და მაინცდამინაც იმ საზღვართან დავკლა სადაც ჩემი მეზობელი ცხოვრობს, არ იქნება ეს პროვოკაცია და მორალური კანონის დარღვევა?! ალტერნატივა რომ არ მქონდეს მაშინ გასაგები იქნებოდა, მაგრამ როცა მაქვს და არ ვიყენებ, ეს უკვე არასწორია.

- მამაო, როგორც ვიცი, 26 აპრილს ხელისუფლების ინიციატივით შეხვედრა გაიმართა, სადაც ეს საკითხი უნდა განხილულიყო. რა გადაწყდა ამ შეხვედრაზე?

- ადგილობივ ხელისფლებასთან მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს. ეს ხალხი ცდილობს, ყველაფერი ისე მოაგვარონ როგორც წესი და რიგია. სწორედ, მათი ინიციატივით გაიმართა ეს შეკრება, რომელზეც მოწვეული იყვნენ: რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები, რაიონის გამგებელი, შერიგების სამინისტროს წამრომადგენელი, ომბუდსმენი, ბატონი უჩა ნანუაშვილი, იმერეთის გუბერნატორი ბატონი გივი ჭიჭინაძე, ჩვენი ეპარქიის ეპისკოპოსი და სხვ. რა თქმა უნდა, მოვიწვიეთ იაღოველთა სექტის წარმომადგენლებიც... ყველა ზემოთჩამოთვლილი პიროვნება მოვიდა, თუმცა იაჰოველთა ერთი წარმომადგენელიც კი არ გამოჩენილა შეხვედრაზე. შეხვედრის მიზანი იყო ყველას თავისი აზრი გამეოთქვა და ეს აზრები შეგვეჯერებინა, მაგრამ სამწუხაროდ იეჰოველთა წარმომადგენლებმა ჩვენთან შეხვედრა არ ისურვეს. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)