საბჭოთა იდეოლოგიასთან მებრძოლი ჩარკვიანები - კვირის პალიტრა

საბჭოთა იდეოლოგიასთან მებრძოლი ჩარკვიანები

"გოგი სვამდა, ირაკლი ნარკოტიკებს მოიხმარდა... ორივე ძალიან ადრე გარდაიცვალა"

ხვამლის მთა განსაკუთრებული ადგილი იყო. ეს იცოდა კანდიდ ჩარკვიანმა. მუშაობით დაღლილი აუცილებლად მიდიოდა ხვამლზე, შემდეგში ვაჟებთან ერთად დადიოდა, მერე პირველ შვილიშვილს, ირაკლის ასეირნებდა... კანდიდ ჩარკვიანი რას იფიქრებდა, თუ მისი შვილი, გოგი და შვილიშვილი  ირაკლი, ყოველგვარ კლიშეებს დაარღვევდნენ. არც "მოწესრიგებული" ინტელიგენტები იქნებოდნენ... სანაცვლოდ, მათ ექნებოდათ თავისუფლებისკენ დაუოკებელი სწრაფვა, რაც ასე საშიში იყო საბჭოთა დროში.

გოგი ჩუმი იყო, თვალში არავის მოხვდებოდა. ირაკლის ყველა იცნობდა, ზოგჯერ ეპატაჟურადაც იქცეოდა.

გელა ჩარკვიანი: - ჩემი ძმა გოგი ძალიან მორიდებული კაცი იყო... მახსოვს, ბავშვობაში, მოსკოვში ცხოვრებისას უცებ გაიზარდა სიმაღლეში და  ბეჭებში მოიხარა. გარეგნობაზეც კი დაეტყო მორიდებული ხასიათი. მამას ჩვენი უფროსი ძმა - მერაბი უფრო ეკამათებოდა პოლიტიკაზე. გოგი ირონიულად თუ გაიცინებდა. მისთვის პოლიტიკა ძალაუფლებისთვის ბრძოლას ნიშნავდა. ირაკლიც ირონიულად უყურებდა საბჭოთა იდეოლოგიას. ბოლო პერიოდში კი გამოხატა თავისი დამოკიდებულება კულტურის პოლიტიკის მიმართ. ამბობდა, რომ უნდა შეგვექმნა ისეთი ხელოვნება, რომელიც საქართველოდან გავიდოდა უცხოეთში და ჩვენი სახე იქნებოდა. უდიდეს პატივს სცემდა ძველს - ხალხურს, მაგრამ ხედავდა ახლის შექმნის აუცილებლობას.

გოგი ჟურნალისტად მუშაობდა, მაგრამ პოეტი იყო... ამიტომ ცხოვრობდა, როგორც პოეტი... სამწუხაროდ, სვამდა, ირაკლი ნარკოტიკებს მოიხმარდა (ამაზე "მშვიდ ცურვაშიც" წერს). ორივე ძალიან ადრე გარდაიცვალა.

ნესტან ჩარკვიანი, გოგი ჩარკვიანის ქალიშვილი: - არ მახსოვს, ირაკლის ვინმეზე მჭახედ ეთქვას რამე. ჰქონდა სცენური სახე, რომელიც განსხვავდებოდა რეალური ირაკლისგან. მამაც და ირაკლიც არაპრაქტიკულები იყვნენ, უბრალონი. ორივე ცხოვრობდა თავისი შემოქმედებისთვის...

კანდიდ ჩარკვიანის ოჯახში მხოლოდ ახალ წელს აღნიშნავდნენ. ბავშვების დაბადების დღეებსაც კი არ იხდიდნენ. ამიტომ მამასაც და ჩემს ბიძებსაც განსაკუთრებულად უყვარდათ ახალი წელი. ბებიასთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლებოდა, გულხელდაკრეფილი მჯდარიყავი... მამაჩემი და ბიძები ბაბუასთან სიგარეტს არ ეწეოდნენ, ძალიან დიდი პატივისცემა ჰქონდათ მშობლების...

მამა დემოკრატი იყო. დიდ პატივს სცემდა სხვის აზრს, არასდროს ასწავლიდა ჭკუას. თუ ლაპარაკობდა, უფრო პოეზიაზე. ირაკლი, მაშინაც კი, როცა გელაპარაკებოდა, გიტარას უკრავდა...

ერთხელ მე და მაქსიმე (ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი) წაგვიყვანა კლუბში. სიმღერა რომ დაიწყო, მივხვდი, სულ სხვა ადამიანი იყო სცენაზე.

გელა ჩარკვიანი: - ლეჩხუმში მამა გვათოხნინებდა ხოლმე. მიწასთან სიახლოვე იქიდან მოგვდგამს. მიწა უყვარდა ირაკლისაც. სიხარულით მიდიოდა ლეჩხუმში.

ნესტან ჩარკვიანი: - ირაკლი რომ გარდაიცვალა, მამა ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა... ასეთი იყო, რაც ძალიან აწუხებდა, იმაზე ლაპარაკი არ შეეძლო... თვითონ ახალი წლის განთიადისას გარდაიცვალა ძილში - თავისთვის ყველაზე საყვარელ დღეს მშვიდად წავიდა...

ბიძა-ძმისწული ერთი ძირიდან ნაყარი ყლორტები იყვნენ, ერთმანეთისა ესმოდათ და სტკიოდათ. გოგი ჩარკვიანს ერთი ლექსი აქვს ფიროსმანზე:

"ცბიერია გარიჟრაჟი,/ არ თავდება ფილაქანი./ ქედუხრელი მიდის ვაჟი,/ ლურჯი კაჟი - ფიროსმანი".

ისიც და ირაკლიც თითქოს ლურჯი კაჟები იყვნენ - ძალიან მტკიცე და მაგარი, ამავდროულად ლაჟვარდისკენ გაფრენილი, ლურჯი სივრცეებისკენ გაჩვეული სულით...

კანდიდ ჩარკვიანი

კანდიდ ჩარკვიანი სტალინის, ბერიას და გვიანდელი სტალინური ეპოქის პარტიული მოღვაწე გახლდათ. იყო საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. მას მერე, რაც სტალინი გარდაიცვალა, მუშაობდა  ტაშკენტის სამშენებლო ტრესტის მმართველად; ეს იყო ერთგვარი იძულებითი განრიდება საქართველოდან...

1981-1988 წლებში, უკვე მოხუცი, მუშაობდა საქართველოს სსრ ეკონომიკისა და სახალხო მეურნეობის დაგეგმვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად.

კანდიდ ჩარკვიანი გარდაიცვალა 1994 წელს,  87 წლის ასაკში.