"მაკულიტერატურის" აქციას ამჟამად ხაშური მასპინძლობს - კვირის პალიტრა

"მაკულიტერატურის" აქციას ამჟამად ხაშური მასპინძლობს

"აქციე მაკულატურა წიგნად", - ამ მოწოდებით პროექტმა "მაკულიტერატურა" უპრეცენდენტო აქცია დედაქალაქის შემდეგ რეგიონებში გააგრძელა. პირველად აქციას ქუთაისმა უმასპინძლა, შემდეგ კი ბათუმმა და სენაკმა. 4 და 5 მაისს "მაკულიტერატურას" ხაშური მასპინძლობს, სადაც წიგნის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ 1 კგ მაკულატურა 1 ლარის ღირებულების ახალ წიგნში გადაცვალონ. 8 და 9 მაისს აქცია ყვარელში ჩატარდება.

უკვე ორი წელია პროექტ "მაკულიტერატურის" ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს უსარგებლო მეორეული ქაღალდების, ჟურნალების, წიგნების, ფლაერებისა თუ სხვა ქაღალდის ნაწარმის სანაცვლოდ ახალი წიგნები მიიღოს. თბილისში ერთკვირიან აქციაში წიგნის მოყვარულთა უპრეცენდენტო რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აქციის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი კვირით განისაზღვრა, მასში მონაწილეთა რიცხვი იმდენად მაღალი იყო, რომ პროექტ "მაკულიტერატურის" ორგანიზატორებმა აქცია ერთი დღით გაახანგრძლივეს.

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, რვადღიანი აქციის ფარგლებში 150-160 ტონაზე მეტი მაკულატურა ჩაბარდა, სანაცვლოდ კი, 150 ათასი ლარის ღირებულების წიგნი გაიცა. გარდა იმისა, რომ პროექტი წიგნის მკითხველებს მაკულატურის ახალ წიგნებში გადაცვლის შესაძლებლობას აძლევს, პროექტი ბუნების გადარჩენის თვალსაზრისითაც საკმაოდ მნიშვენლოვანი წამოწყებაა.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 40 წლის მანძილზე, მსოფლიოში ქაღალდზე მოთხოვნა 400 %-ით გაიზარდა - დღესდღეობით, მსოფლიო წელიწადში დაახლოებით 300 მილიონ ტონა ქაღალდს მოიხმარს. ქაღალდის მოხმარების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი, ხეების ჩეხვის სტატისტიკური მაჩვენებელიც კატასტროფულად მატულობს. სხვათა შორის, ამ პროცესის ონლაინ რეჟიმში დაკვირვება, ცოტა ხნის წინ, "გუგლის" ახალი პროექტის Gლობალ Fორესტ ჭატცჰ-ის წყალობით გახდა შესაძლებელი. აღნიშნული პროექტი ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში დააკვირდეს მსოფლიოში ხეების ჩეხვის მასშტაბებსა და მიმდინარეობას. ვებგვერდზე გამოქვეყნებულია "ნასას" თანამგზავრების მიერ ბოლო 13 წლის მანძილზე გადაღებული ფოტოებიც. უფრო მეტიც, გამოსახულება საშუალებას გვაძლევს, დეტალურად გამოვითვალოთ ყოველ ტერიტორიასა და ქვეყანაში წლების მანძილზე გაჩეხილი და განახლებული ტყის მასივების მოცულობაც.

"სამწუხაროდ, აღნიშნული რუქა საქართველოს ტყის საფარზეც

საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს. არადა, სულაც არაა აუცილებელი ახალი ფურცლის წარმოებას მწვანე საფარი შეეწიროს, რადგან საამისოდ მეორეული ქაღალდის გადამუშავება და ამ გზით ქაღალდის ბაზარზე დაბრუნება შესაძლებელია. მწვანე საფარის გადარჩენა მედიასახლ "პალიტრის" ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა და პროექტ "მაკულიტერატურის" განხორციელებაც სწორედ ამ მიზნით დაიწყო. ამ ორი წლის განმავლობაში "პალიტრამ" განადგურებას ასეულობით ხე გადაარჩინა.

ვინც მაკულატურის შეგროვებასა და ახალ წიგნებში გადაცვლას აპირებთ, გაითვალისწინეთ, მუყაოს, ცელოფნის ფაილისა და ბაინდერის გარდა, ნებისმიერი ქაღალდის ნაწარმის, წიგნის, რვეულებისა თუ ბუკლეტების ჩაბარება შეგიძლიათ. ბუნებრივია, "მაკულიტერატურის" დაწყებისთანავე იმის საფრთხეც გაჩნდა, რომ მაკულატურას ღირებული ლიტერატურაც გაყვებოდა. "პალიტრამ" ეს რისკიც თავიდანვე გაითვალისწინა და შესაბამისი დახმარება ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მის თანამშრომლებს სთხოვა. მათ მაკულატურაში გაბნეული მნიშვნელოვანი წიგნების მოძიება დაიწყეს - ასი ტონა მაკულატურიდან 1 500 წიგნზე მეტი გადარჩა!

გახსოვდეთ, ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს, რის შედეგადაც 26 კუბ/მეტრი წყალი და 2,3 კვადრატული მეტრი მიწის მოცულობა დაიზოგება", - აცხადებენ "მაკულიტერატურის" ორგანიზატორები.