რატომ მიიჩნევს უნიათოზე უარესად ხელისუფლებას და რას ვერ პატიობს თავს დათო ტურაშვილი? - კვირის პალიტრა

რატომ მიიჩნევს უნიათოზე უარესად ხელისუფლებას და რას ვერ პატიობს თავს დათო ტურაშვილი?

"მოქმედი ხელისუფლება იმაზე სუსტია, ვიდრე სიტყვა "უნიათო"

"რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, ვერასოდეს მოგვარდება, თუ რუსეთი ისევ იმპერია იქნება და ქართველებს კი ისევ მოუნდებათ დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს შექმნა"

"ტყეების მეფე" (ლეგენდები დავით აღმაშენებელზე), "ტიბეტი" "ჯინსების თაობა", "ამერიკული ზღაპრები", "იყო და არა იყო რა" - ეს მისი ნამოღვაწარის მცირე ჩამონათვალია. წერა ძალიან ადრე დაიწყო და მისი პირველი მოთხრობა სიცილიელლების შესახებ იყო, თუმცა დღემდე არ იცის რატომ. პირველი რომანი ჩვიდმეტი წლის ასაკში დაწერა, რომელიც ჯერ არ გამოუცა და არც ის იცის, როდის გამოსცემს. მისი მოთხრობები ნათარგმნია შვიდ ენაზე. დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და ბესტსელერად მიიჩნევა რომანი "ჯინსების თაობა." . "კვირის პალიტრას" მწერალი, დათო ტურაშვილი ესაუბრება.

- ბატონო დათო, უპირველესად მაინტერსებს რატომ ურთიერთობთ ჟურნალისტებთან მხოლოდ ელექტრონულად, ეს ხომ არ ნიშნვას იმას, რომ მათ ვერ იტანთ?

- არ იფიქროთ, რომ გამონაკლისი ხართ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა შეკითხვები მომწონს, პასუხებს მაინც წერილობით ვუგზავნი ჟურნალისტებს. სამწუხაროდ, ჩემთვის საინტერესო შეკითხვებით, იშვიათად მომმართავენ ხოლმე. კაცობრიობას, მიუხედავად დიდი ტექნიკური პროგრესისა და სერიოზული ტექნოლოგიური მიღწევებისა, ჯერ ისეთი დიქტოფონი მაინც არ გამოუგონია, რომლითაც ადამიანის საუბარს ჩაიწერენ და გაშიფვრის შემდეგ, ტექსტში ზუსტად ის იქნება, რაზეც რესპონდენტი საუბრობდა. ამიტომაც მირჩევნია, რომ ზედმეტად გავწვალდე, მაგრამ მკითხველმა სწორედ ის წაიკითხოს, რასაც მე ვფიქრობ და არა ის, რასაც რომელიმე ჟურნალისტი გაიგებს თავისი განათლების შესაბამისად. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჟურნალისტებს არ ეხებათ, პროფესიონალების დეფიციტი დღევანდელ საქართველოში, ყველა სფეროში იგრძნობა და ეს პრობლემა, პირდაპირ კავშირშია კიდეც ჩვენს არასაკმარის განათლებასთან. უფრო გასაგებად, რომ ვთქვა (ჩემს შესახებ გავრცელებული აზრის საპირისპიროდ), თითქოს მე არ მიყვარს ჟურნალისტებთან ურთიერთობა, ეს ტყუილია და სინამდვილეში ვგიჟდები ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე, მაგრამ, ვგულისხმობ, განათლებულ და წიგნიერ ჟურნალისტებს, მათთან ურთიერთობა მიყვარს და არა უწიგნურებთან.

- როგორ შეაფასებდით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს?

- ძალიან ბევრი რამ, რაც ხდება თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში, ძალიან არ მომწონს. რაც შეეხება დღევანდელ მთავრობას, ის ნამდვილად იმაზე სუსტია, ვიდრე სიტყვა "უნიათო", რომელსაც "ნაციონალები" იყენებენ ხოლმე მათ მიმართ და იმედია, რომ ეს ხელისუფლებაც მშვიდობიანად შეიცვლება და საერთოდ კი, საბოლოოდ ვისწავლით ევროპულად ცხოვრებას. სხვათა შორის ევროპა, ჩვენი უძველესი სახლია (და არა მხოლოდ თანამედროვე საქართველოს არჩევანი) და ადრე თუ გვიან, ისევ სახლში დავბრუნდებით, მაგრამ მე მინდა რომ ეს, რაც შეიძლება მშვიდობიანად მოხდეს.

- ექსპრეზიდენტის მთავრობიდან წასვლის მომხრე იყავით, რას იტყვით მოქმედ ხელისუფლებაზე?

- თუ ედუარდ შევარდნაძეს გულისხმობთ, ნამდვილად ვიღებდი მონაწილეობას აქციებში, რომელთა მოთხოვნაც მისი გადადგომა იყო, მაგრამ თუ გულისხმობთ მიხეილ სააკაშვილს, ნამდვილად არასწორად გახსოვთ, რადგან რამდენჯერაც სააკაშვილს ვაკრიტიკებდი და (ხშირად ძალიან აქტიურად), ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავდი იმას, რომ მას საპრეზიდენტო ვადა (ყველაფრის მიუხედავად), მაინც ბოლომდე უნდა დაესრულებინა. ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ასეთი პრეცენდენტის შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო და მეტიც, დღემდე ვერ მიპატიებია თავისთვის, რომ ვერაფრით დავუპირისპირდით ძალადობას პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და ეს იყო საბედისწერო შეცდომა, რომელსაც მერე უამრავი სისხლი და პრობლემა მოჰყვა საქართველოში.

- ვიდრე  ე.წ  ციხის კადრები გავრცელდებოდა თქვენ ამბობდით რომ აღნიშნულთან დაკავშირებით იცოდით. ახლა თუ გაქვთ რამე მსგავსი ინფორმაცია?

- ვადასტურებ, რომ ვიცოდი, რაც ციხეებში ხდებოდა, რადგან მქონდა პატიმრებთან ურთიერთობა (წიგნები შემქონდა ხოლმე), ინფორმაცია კი ისედაც ჟონავდა. ამაზე ამიტომაც საჯაროდაც ვლაპარაკობდი და კერძო საუბრებშიც, მაგრამ საკუთარი თვალით იმ კადრების ნახვა, რასაკვირველია, ყველასთვის სულ სხვა შედეგის მომტანი აღმოჩნდა, საშინელი აგრესია და სიძულვილი გამოიწვია მაშინდელი ხელისუფლების მიმართ. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ვერ ვიტყვი, რომ ახლა ციხეებში უკვე იდეალური მდგომარეობაა და არავინ იჩაგრება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მასიური, სისტემური წამება და პატიმართა შეურაცხყოფა (როგორც მაშინ ხდებოდა) ახლა ნამდვილად აღარ ხდება.

- თქვენი გადმოსახედიდან, როგორ შეიძლება მოგვარდეს ურთიერთობები რუსეთ-საქართველოს შორის?

- რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, ვერასოდეს მოგვარდება, თუ რუსეთი ისევ იმპერია იქნება და ქართველებს კი ისევ მოუნდებათ დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს შექმნა. ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და ჩვენი ხალხის კულტურის ზედაპირულად ცოდნაც კი (ხასიათის ეთნოთავისებურებათა გათვალისწინებით), იმის საფუძველს მაძლევს, რომ (ამ მხრივ) მშვიდად ვიყო, რადგან დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენ (საბედნიეროდ), ყოველთვის თავისუფლებას ავირჩევთ...

- რა მდგომარეობაა ქართულ თანამედროვე მწერლობაში?

- სინამდვილეში ქართული მწერლობა, საბჭოთა პერიოდში მოგონილი ტერმინია და შეუძლებელია ლიტერატურას ჰქონდეს კოლექტიური გაგება, რადგან წერა, ძალიან ინდივიდუალური, სუბიექტური და ინტიმური სამყაროა, სადაც ყველა მწერალი ერთმანეთისგან განსხვავებულია...

- როგორია თქვენი გეგმები?

- გეგმები არასოდეს მქონია და დიდი ხანია მხოლოდ წიგნებით ვცხოვრობ და ახლაც ვწერ ახალ წიგნს, რომელსაც "სხვა ამსტერდამი" ჰქვია. ეს არის ბაბუაჩემის თავგადასავალი მეორე მსოფლიო ომის დროს და ბავშვობიდან მესმოდა სამი ვერსია მისი საბრძოლო მოღვაწეობის შესახებ: დედაჩემი მეუბნებოდა, რომ იგი ჰოლანდიაში იბრძოდა გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ; მამაჩემი მეუბნებოდა, რომ პირიქით, კომუნისტებს ებრძოდაო და ყველაზე საინტერესო ვერსია ჰქონდა ბებიაჩემს – ამსტერდამში საყვარელი ჰყავდა ჩემს ქმარს და ამიტომაც მაგის გვერდით არ დამმარხოთო. შარშან, ამსტერდამში ყოფნის დროს, ჩემი ჰოლანდიელი გამომცემლების დახმარებით, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ არქივებს გავეცანი და როგორც იქნა დავადგინე, თუ რას აკეთებდა იქ (სინამდვილეში), ბაბუაჩემი მელიტონ მასხულია...

მზეკო ჟვანია (სპეციალურად საიტისთვით)