"სოფო ნიჟარაძემ ჩემი მუსიკა ვერ აღიქვა" – რატომ გაუშვეს "X ფაქტორიდან" ლიკა შუბითიძე?! - კვირის პალიტრა

"სოფო ნიჟარაძემ ჩემი მუსიკა ვერ აღიქვა" – რატომ გაუშვეს "X ფაქტორიდან" ლიკა შუბითიძე?!

"თავიდან ნამდვილად მეწყინა და ეს ყველაფერი გამიკვირდა"

"პროექტის წარმომადგენლების თქმით, ჩემი მონაწილეობა გადაცემის რეიტინგისა და პოპულარულობის ასამაღლებლად იქნებოდა კარგი."

ნიჭიერი მუსიკოსი - ლიკა შუბითიძე, რომელიც ბოლო პერიოდში ამერიკაში აქტიურად მოღვაწეობს, რამდენიმე თვეა, რაც თბილისში იმყოფება. აქ შვილის გასაჩენად ჩამოვიდა. ცოტა ხნის წინ კი მეგაშოუ "X ფაქტორში" ვიხილეთ, თუმცა "სკამების ტურიდან", რომელიც გუშინ გავიდა ეთერში, სახლში გაუშვეს. ამაზე ლიკა გარკვეულ დრომდე, კომენტარსა და შეაფასებას არ აკეთებდა... ახლა კი, რადგანაც მაყურებელმა ეკრანზე უკვე იხილა, თუ როგორ გამოეთიშა შოუს, ჩვენს შეკითხვებს ასე უპასუხა.

- რატომ მიხვედი ამ კონკურსზე. ვფიქრობ, რომ შენნაირი მუსიკოსები, ანუ უკვე შემდგარი ადამიანები იქ აღარ უნდა მონაწილეობდნენ.

- კი, მაგრამ ჩემი ინიციატივით არ მივსულვარ... ასეთი კონკურსები, რა თქმა უნდა, კარგია დამწყები მომღერელბისთვის (ასეთები საქართველოში საკმაოდ ბევრი გვყავს) და მათ შემდაგარი მუსიკოსები ხელს აღარ უნდა უშლიდნენ. ჩემ შემთხვეაში თან ისე იყო, რომ არსებული სიტუაცია ხელს დიდად არ მიწყობდა, - ორსულად ვიყავი და არ ვიცოდი, ამის გამო ვადები როგორ დაემთხვეოდა.

- რა პედრიოდში მიიღე შემოთავაზება?

- იანვრის ბოლოს, როცა ორსულობის უკვე მერვე თვეში გახლდით, შემომთავაზეს კონკურსში მონაწილეობა, მითხრეს, რომ ვადებში ეს ყველაფერი მოესწრებოდა. პროექტის წარმომადგენლების თქმით, ჩემი მონაწილეობა გადაცემის რეიტინგისა და პოპულარობის ასამაღლებლად იქნებოდა კარგი. ბევრი ვიფიქრე, მაშინვე არ დავთანხმებულვარ და ბოლოს მონაწილეობა გადავწყვიტე.

- უკვე საქართველოში იყავი?

- კი, აქ შარშან ივლისში ჩამოვედი და წელს, ოჯახთან ერთად, ისევ უკან ვბრუნდები. ამის შესახებ ვუთხარი კიდეც მათ, რომ ბილეთიც ნაყიდი მქონდა და ოჯახთან ერთად, ივნისის ბოლოს შეერთებულ შტატებში მივდივარ. მითხრეს, რომ პროექტი მანამადე აუცილებლად დამთავრდებოდა...

საბოლოო ჯამში კი იმისთვის დავთანხმდი, რომ მინდოდა ჩემი ამერიკული გამოცდილება ფართო მსმენლისთვის გამეზიარებინა, დანარჩენი, პროექტში მოვიგებდი თუ არა, ეს მეორეხარისხოვანი იყო. თუმცა ადამიანი კონკურსში იმისთვის მიდის, რომ მოიგოს. სამწუხაროდ, სახლში გამომიშვეს. არ ვიცი, რა მოხდა და როგორ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, პროექტი დამატოვებინეს.

- შენი აზრით, რა მოხდა?

- ვფიქრობ, ხალხს უნდა აუხსნან, კონკურსანტებს სახლში რატომ უშვებნენ. ჩემ შემთხვეაში არაადეკვატური კომენტარებით პროექტიდან გამოშვება ცოტა უცნაურია... ხომ ვამბობ, უნდა აუხსნან კონკურსანტებს - ვერ იმღერა, მისი მუსიკა უცხოა და გაუგებარია პროექტისთვის, თუ - რა.

- შენ რა გითხრეს?

- როგორც მახსოვს, ანრიმ თქვა, რომ "პონტი" ვარ, რომელიც "X ფაქტორს" სჭირდება და პროექტში უნდა ვიყო, თამთას კომენტარი იყო: რომ ვარ "ძალიან ქულ", გიორგიც დადებითი კომენტარით შემოიფარგლა, ჩემ მიმართ სიმპათიები ისედაც ჰქონდა. სოფომ კი აღნიშნა, რომ ერთადერთი მუსიკოსი ვიყავი, რომელთანაც მუშაობა მისთვის საინტერესო იქნებოდა, მაგრამ უეცრად მოაყოლა, რომ სახლში უნდა წავსულიყავი.

- რა ემოცია გქონდა ამ დროს?

- ძალიან გამიკვირდა. საერთოდ, წინააღმდეგი ვარ, ასეთი პროექტების, სადაც მოგება-წაგებაზეა ლაპარაკი, ესეც ცოტა არალოგიკური კია, თუ წინააღმდეგი ვარ, მაშინ რაღას მივედი, ხომ? თუმცა ამის მიზეზი უკვე ვთქვი...

- მოკლედ, ნაწყენი ხარ?

- თავიდან ნამდვილად მეწყინა და ეს ყველაფერი გამიკვირდა. მერე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ნაწყენი არც ჟიურის წევრებზე ვარ, არც "რუსთავი 2"-ზე. არ იყო ცუდი ამ პროექტში მონაწილეობა, რადგანაც ამდენი ხალხი მიკავშირდება და საოცარ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს, რაც დიდი ხანია, აღარ მიგრძვნია და მიმიღია, საოცარი მუხტი აქვს ამ ყველაფერს...

ნიშნის მოგებით არ ვამბობ, კარგი იყო, რომ გამომიშვეს, იქ რომ ვყოფილიყავი, იმ მუსიკაზე, რაზეც ახლა ვმუშაობ, იმ პერიოდის განმავლობაში ვეღარ ვიმუშავებდი, ხელი შემეშლებოდა. თან, სულ გამოცდაზე ვიქნებოდი და რეალურად მუსიკაზე ფიქრისთვის ნაკლები დრო მექნებოდა. როდესაც კონცერტზე ვარ და საკუთარ მუსიკას ვუკრავ, ეს ჩემთვის ბევრად ბუნებრივი მდგომარეობაა, ასე ხალხისთვის ემოციების გადაცემას უკეთ ვახერხებ. მაგრამ ხომ ვამბობ, მართლა არ ვნანობ, რომ ამ პროექტში ჩავერთე. ვიმეორებ, ხალხისგან იმხელა სიყვარული ვიგრძენი, რომ გავოცდი... მოდის და მოდის უამრავი წერილი, კომენტარი და დიდი სიყვარული.

- ისე, არ გიფიქრია იმაზე, საერთოდ რატომ მიგიწვიეს პროექტში?

- რეიტინგი უნდოდათ და მიიღეს...

- მაგრამ მაინც გამოგიშვეს...

- შეიძლება ამის მიზეზი ისიც იყო, ვადები რომ აირია, - მაისის ბოლოს მთავრდებოდა პროექტი და აღმოჩნდა, რომ 20 ივლისს არის ფინალი. მკითხეს, ბილეთს ხომ არ გადავცვლიდი? ვუპასუხე, რომ ამას ვერ გავაკეთებდი. უარი ვუთხარი, რადგანაც ეს შეუძლებელია, - მერე ყველანაირი გეგმა ამერეოდა. ეს მოხდა ზუსტად სკამების ტურამდე ერთი კვირით ადრე.

თუმცა შესაძლოა ისიც იყოს ჩემი "X ფაქტორიდან" გამოშვების მიზეზი, რომ სოფო ნიჟარაძემ ჩემი მუსიკა ვერ აღიქვა, არ ესმოდა. ის ხომ ჩემი მენტორი იყო და რაღაც პერიოდი მასთან მქონდა ურთიერთობა, რეპეტიციები. შეიძლება ვაჭარბებ და ეს ჩემი ეჭვია, არ ვიცი...

მოკლედ, გულდასაწყვეტია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. უდიდესი სიკეთისა და სითბოსთვის. როგორ შეიძლება ვინანო ან გაბრაზებული ვიყო, მაყურებლის ემოციამ ყველაფერი გადაწონა.

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)