"რადგან მელიტონ ქანთარიას შთამომავალი ვარ, ოკუპაციას უნდა შევეგუო?!" - როგორ დაუპირისპირდა ირაკლი ქანთარია რუს ბაიკერებს - კვირის პალიტრა

"რადგან მელიტონ ქანთარიას შთამომავალი ვარ, ოკუპაციას უნდა შევეგუო?!" - როგორ დაუპირისპირდა ირაკლი ქანთარია რუს ბაიკერებს

"ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ იმ ადამიანის ოჯახის წევრი ვარ, ვინც ფაშიზმს წერტილი დაუსვა"

ფაშიზმზე გამარჯვების ერთ-ერთ სიმბოლოდ ქართველი მებრძოლი მელიტონ ქანთარიაც იქცა, რომელმაც ოფიციალური ინფორმაცით, რუს მიხაილ ეგოროვთან ერთად, დაცემულ რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა 1945 წლსი 30 აპრილს აღმართა. ერთ-ერთი ვერსიით, თავდაპირველად მიხეილ მიმინმა მოახერხა რაიხსტაგის თავზე აცოცება და წითელარმიელების დროშის ატანა, თუმცა დროშა მეორე დღეს გერმანელების შეტევის დროს ჩამოვარდა.

ორი დღის შემდეგ საბჭოთა კავშირმა კვლავ გაგზავნა ჯგუფი იგივე დავალების შესასრულებლად. ჯგუფში შედიოდნენ ქართველი და რუსი ჯარისკაცი, ასევე ფოტოგრაფი, ვისაც ამ კადრის აღბეჭვდა და ისტორიისთვის შენახვა ევალებოდა. ჯარისკაცები საგანგებოდ იყვნენ შერჩეული - ქართველი მელიტონ ქანთარია, როგორც სტალინის თანამემამულე და რუსეთის წარმომადგენელი მიხაილ ეგოროვი. საქვეყნოდ ცნობილ ფოტოზე გარკვევით ჩანს მელიტონ ქანთარია – რომელსაც დროშა უკავია. ფოტო გადაიღო უკრაინელმა ფოტოგრაფმა ევგენი ხალდეიმ.

მელიტონ ქანთარია 1920 წელს სამეგრელოში, სოფელ ჯვარში, დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მსახურობდა 756-ე მსროლელთა ბატალიონში (მე-3 არმიის 150-ე მსროლელთა დივიზია, პირველი ბელორუსული ფრონტი) 1946 წლიდან ქანთარია სოხუმში ცხოვრობდა. აფხაზეთის ომის დროს იძულებული იყო სახლი დაეტოვებინდა (1993 წლის სექტემბერს) და ოჯახითურთ მოსკოვში წასულიყო, სადაც ორ თვეში გარდაიცვალა. მისი ცხოვრება ტარგიკული ბედით მისი სამშობლოს ბედს დაემსგავსა - რუსები, ვისთანა ერთადაც გამარჯვებისთვის იბრძოდა, ოკუპანტებად იქცნენ და სამშობლოდან დევნილად აქციეს.

მისი შთამომავალი ირაკლი ქანთარია დღეს რუსეთს უპირველეს მტრად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მელიტონ ბაბუას ჩვენს დროში რომ ეცხოვრა, სწორედ მისნაირი პოზიცია ექნებოდა და ისიც აუცილებლად დაუპირისპირდებოდა რუსი ბაიკერების თბილისში გეორგიევსკის ლენტებით სიარულს. მოგეხსნებათ, სწორედ ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნვად თბილისში ე.წ. პუტინის "ღამის მგლების" წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რასაც ჩვენი საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. ქართველი გოგო-ბიჭების ერთმა ჯგუფმა მათ "გეორგიევსკის ლენტების" მოხსნა მოსთხოვა, მათ შორის იყო ირაკლი ქანთარიაც:

- მე და ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც "თავისუფალის ზონის" წევრები არიან, ინტერნეტით გავიგეთ, რომ რუსი ბაიკერები აპირებდნენ საქართველოში "გეორგიევსკის ლენტებით" შემოსვლას. მოგეხსენებათ, ეს ლენტი არის რუსეთის სამხედროს სიძლიერის აღმნიშვნელი ერთ-ერთი სიმბოლო. მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 25% სწორედ რუსეთს აქვს ოკუპირებული, ჩვენს დედაქალაქში ამ ლენტით სიარულის უფლებას არავის მივცემთ! სხვათა შორის ეს ლენტი ოკუპაციის სიმბოლოცაა, მათ შორის ყირიმის ოკუპაციის... ჩვენ მათ ძალიან ცივილურად და ზრდილობიანად ავუხსენთი ეს ყველაფერი და ვთხოვეთ, ლენტები მოეხსნათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ისინი შევურცხყავით, რაც ტყუილია.

თუ ისინი იმოძრავებენ "გეორგიევსკის ლენტის" გარეშე, მე და ჩემს მეგობრებს მათი საწინააღმდეგო არაფერი გვექნება. რუსეთის იმ მოქალაქეებთან, ვისაც ჩვენთან კეთილმეზობლურ ურთიერთობა სურს, არანაირი პრობლემა არ გვაქვს.

- თქვენ ხართ მელიტონ ქანთარიას ოჯახის წევრი, იმ ქანთარიასი, რომელმაც 1945 წელს რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აიტანა...

- დიახ, მე მელიტონს ძმის შვილიშვილი ვარ. ყველამ ვიცით, რომ ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება, ჩემთვის ძალიან საამაყაოა, რომ იმ ადამიანის ოჯახის წევრი ვარ, ვინც ფაშიზმს წერტილი დაუსვა. ამ ფაქტით ძალიან ვამაყობ და ყოველთვის ვიამაყებ. მისი მეომრული სულიდან გამომდინარე, მელიტონ ბაბუა ყოველთვის მისაბაძი და სამაგალითო იყო ჩემთვის. სამწუხაროდ, მხოლოდ 4 წლის ვიყავი, როდესაც ის გარდაიცვალა და მასთან პირადი ურთიერთობის საშუალება არ მომეცა.

- ბაიკერებმა თუ იცოდნენ შენი ვინაობა?

- არა და არც მითქვამს. პრინციპში, ჩემი წინაპარი რა შუაშია?! რადგან მელიტონ ქანთარიას შთამომავალი ვარ, ოკუპაციას უნდა შევეგუო, თუ - რა?!

- ირაკლი, თქვენს ოჯახში როგორ აღინიშნება 9 მაისი?

- როდესაც ბაბუა ცოცხალი იყო, 9 მაისს ყოველთვის მოსკოვში მიდიოდა და იქ გამართულ აღლუმს ესწრებოდა, ხოლო ოჯახის წევრები შინ ვიკრიბებოდით და იქ ავღნიშნავდით. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ კი, ვცდილობთ ყველამ თავი მოვიყაროთ მელიტონ ბაბუას საფლავთან და იქ აღვნიშნოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)