"შვილებმა ყველაფერი იციან, მუდარით შემომცქერიან, - დედიკოს რამე უშველეო..." - ახალგაზრდა ქალი სიცოცხლისთვის იბრძვის - კვირის პალიტრა

"შვილებმა ყველაფერი იციან, მუდარით შემომცქერიან, - დედიკოს რამე უშველეო..." - ახალგაზრდა ქალი სიცოცხლისთვის იბრძვის

"როცა მხოლოდ ჩემი დის ტკივილების შემსწრე ვიყავი, თითქოს ძალას ვიკრებდი, რომ მისთვის რაღაც გამეკეთებინა, ახლა მარიამი და საბა ისეთ დღეში არიან, ბავშვები გონზე რით მოვიყვანო აღარ ვიცი."

იმაზე საშინელბაა არაფერია, როცა ძვირფასი ადამიანი თვალსა და ხელს შუა გიქრება და ვერაფერს შველი, მით უფრო, როცა იცი, რომ საშაველი არსებობს, მაგრამ ამისთვის საჭირო ფინანსები არ გაქვს.

13 წლის მარიამი და 10 წლის საბა შეიძლება დაობლდნენ, - მათ დედიკოს, ირმა კიღურაძეს ძვლის ტვინის სიმსივნე - მეოლომა აქვს და თუ ძვლის ტვინი დროულად არ გადაუნერგეს, ალბათ ყველაფერი ცუდად დამთავრდება. მარიამმაც და საბამაც იციან, რომ დედა ძალიან ცუდადაა, მათი ოცნება მხოლოდ დედიკოს გამოჯანმრთლებაა. ავადმყოფობით გატანჯულ დედას რომ ხედავენ, ცდილობენ ტკივილები ჩახუტებით დაუამონ. დედის ყოველ კვნესაზე მზად არიან შეუძლებელიც შეძლონ, მაგრამ ისინი ვერასოდეს შეძლებენ 51 000 დოლარის შოვნას. სწორედ ეს ფულია საჭირო იმისთვის, რომ ირმას თურქეთში ძვლის ტვინი გადაუნერგონ, რის შემდეგაც ექიმები გამოჯამრთელების გარანტიას აძლევენ. სამწუხაროდ, სახელმწიფო ასეთ ოპერაციას არ აფინანსებს.

ირმა კიღურაძემ შიშსა და სასოწარკვეთაში აქამდეც ლამის მთელი ცხოვრება გაატარა, - ის 16 წლის იყო, მისი და მირანდა კი - 17-ის, როცა სოხუმში სახლი დატოვეს და რადგანაც არც ერთმა გემმა და თვითმფრინავმა არ წამოიყვანა, ჭუბერს ფათერაკიანი გზით გამოექცნენ სიკვდილს. მას შემდეგაც თან უსახლკარობა და შეჭირვება სდევდათ. ბოლოს სული ოდნავ რომ მოითქვეს და ბათუმში ოჯახები შექმნეს, ეს უბედურებაც დაატყდათ.

- სოხუმში რომ ვყოფილიყავით, ეს არ მომივიდოდა, არა? - ხშირად ეკითხება ირმა ერთადერთ დას, მირანდა ვერაფრერს პასუხობს, მარტო იმას ცდილობს ცრემლები შეიკავოს და დას უიმედობა არ აგრძნობინოს, ჩვენთან საუბრისას კი ტირილს ვეღარ იკავებს და აცრემლებული გვიყვება:

- ეს უბედურება იანვარში დაგვატყდა თავს, როდესაც ირმას ხელი დაუსივდა და ექიმებმა, ანტიანთებითი ნემსები დაუნიშნეს. გაიკეთა ეს ნემსები და რომ არაფერი ეშველა, ისევ ექიმებთან დაიწყო სიარული. ბოლოს და ბოლოს სისხლის ანალიზი მოსთხოვეს და მაშინ გაირკვა ყველაფერი. ღმერთმა ყველა დაიფაროს მსგავსი შოკისგან, - ახლა პირდაპირ ამბობენ ექიმები ყველაფერს და ჩემს დასაც უთხრეს, რაც სჭირდა. სახლში რომ მოვიდა, კარგა ხანს დადუმებული იჯდა, ბოლოს როგორც იქნა გაგვიმხილა, თუმცა იქვე გაგვაფრთხილე, - დედას არ უთხრათ, ამას ვერ გადაიტანსო.

- თავად ასე ცუდად იყო და კიდევ დედაზე წუხდა?

- დედა სიცოცხლეს გვირჩევნია. ვიდრე ბათუმში, შინ ვიყავით, ისე ვიქცეოდით, თითქოს არაფერი ხდებოდა, ვერც დედა და ვერც ბავშვები ვერაფერს გრძნობდნენ, მაგრამ როცა ბათუმიდან თბილისში წავედით და ირმას ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს, ისე ცუდად გახდა, თირკმლები გაეთიშა და დიალეზი დასჭირდა. ჩემი ლამაზი და სახეზე ისე დასივდა, ვეღარ ვიცანი… თავად მარტო იმას მეუბნეოდა, - დედა და ბავშვები არ ჩამოიყვანოთ ბათუმიდან, ამ დღეში არ უნდა მნახონო, მაგრამ ნათესავებმა მითხრეს, - დედაშენს უთხარი ყველაფერი, ოორემ უბედურება თუ მოხდა, ვეღარ მოინანიებ დედას რომ შვილის ამბავი არ გააგებინეო. ახლა ბავშვებმაც ყველაფერი იციან... როცა მხოლოდ ჩემი დის ტკივილების შემსწრე ვიყავი, თითქოს ძალას ვიკრებდი, რომ მისთვის რაღაც გამეკეთებინა, ახლა მარიამი და საბა ისეთ დღეში არიან, ბავშვები გონზე რით მოვიყვანო აღარ ვიცი. ცალკე, ჩემი დის ქმარი დაპატარავდა თვალსა და ხელ შუა. ცოლ-შვილზე გიჟდება, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ერთი კაცის ხელფასით ადამიანის გადარჩენა შეუძლებელია. ჩემი სიძისა და ჩვენმა ნათესავებმა რის საშულებაც ჰქონდათ, გაიღეს და ჩემ დას აქამდე ასე ვუმკურნალეთ. თურქეთშიც გაიარა მკურნალობის კურსი. ახლა მთავარი დაგვრჩა, საქმე იქამდეა მიყვანილი, რომ თუ ფულს ვიშოვით, ძვლის ტვინს გადაუნერგავენ, მაგრამ ვერ ვშოულობთ... როგორია, იცოდე, რომ არსებობს საშუალება შენმა უსაყვარლესმა ადამიანმა ტკივილის გარეშე იცოცხლოს, მაგრამ ამისთვის შენ თითის განძრევაც არ შეგიძლია. საშინელებაა, როდესაც ხედავ როგორ ტოვებენ მისი შვილები თეფშზე საჭმელს, როცა დედა ამოიკვნესებს... მუდარით შემომცქერიან, - დედიკოს რამე უშველეო...

ვფიცავ ჩემს დისშვილებსაც და ჩემს შვილებსაც, - ძალიან მრცხვენია, ხელს რომ ვიწვდი და დახმარებას  ვითხოვ, მაგრამ არც სხვა გზა მაქვს. ვისაც შეუძლია, იქნებ, სულ მცირე თანხით შემოგვეშველოს, თუკი შეუძლია, რასაკვირველია, - განგებამ ყველას ააშოროს მსგავსი მდგომარეობა, მაგრამ როცა ადამიანი ჩვენნაირ დღეშია, კარგად გრძნობს, რომ თურმე სიცოცხლეში მთავარი ფასი მხოლოდ მადლის კეთებას ჰქონია...

ვაქვეყნებთ საბანკო ანგარიშის ნომერს:

მიმღები ბანკი:

სააქციო საზოგადოება"საქართველოს ბანკი".

ბანკის კოდი: BAGAGE22.

გაგარინის ქ.29ა. თბილისი 0160, საქართველო.

მიმგების ანგარიშის ნომერი ეროვნულ ვალუტაში: GE59BG0000000714105600

მიმღების დასახელება: კიღურაძე მირანდა

ტელეფონი: (99532)2444 4444

ელ-ფოსტა: welcome@bog.ge

პირადი ნომ: 62001000593

საკონტაქტო ნომ: 593 51 95 94

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)