ჩვენი დროის აბსურდის თეატრი - 20 წლის ხატია, რომელიც უკვე დედაა, ვერაფრით ამტკიცებს რომ ქალია - კვირის პალიტრა

ჩვენი დროის აბსურდის თეატრი - 20 წლის ხატია, რომელიც უკვე დედაა, ვერაფრით ამტკიცებს რომ ქალია

"რომ ვკითხე, თუ რა ხერხს შეიძლება მივმართო-მეთქი, წულუკიანისაგან მომივიდა წერილი - დარჩეს მამრობითად და პირად ნომერს მივანიჭებთო. ამაზე დიდი სისულელე რა შეიძლება იყოს?! ვარ მდედრობითი სქესის და მეუბნებიან მამრობითი სქესი ეწეროს საბუთშიო, თანაც თუ ამაზე დავთანხმდი, გამოდის, რომ ჩემი შვილი მამრობითი სქესის ადამიანების შვილია."

ამბავი, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ მართლაც აბსურდის თეატრს ჰგავს - 20 წლის გოგო, რომელსაც უკვე 5 თვის შვილიც ჰყავს, ვერაფრით ამტკიცებს, რომ ქალია და კაცი არ არის. საქმე ისაა, რომ 20 წლის წინ, როდესაც ხატია ვოლნისტი დაიბადა, ახალშობილის რეგისტრაციის დროს დაბადების მოწმობის შესაბამის გრაფაში შეცდომით სქესი - მამრობითი მიუთითეს. 16 წლისამ, პირადობის მოწმობის აღებისას, აღმოაჩინა, რომ იურიდიულად მამაკაცია და ქალის სტატუსით ვერც ერთ საბუთს ვერ აიღებდა. უკვე რამდენიმე წელია ხატიას უწევს ამტკიცოს, რომ ქალად დაიბადა და სქესი არ შეუცვლია, თუმცა ამაოდ... ვიღაცის დაუდევრობა და შეცდომა გოგოსთვის ლამის ბედისწერად იქცა.

ხატია ვოლნისტი:

- როცა დავიბადე, მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ასეთ შცდომას დაუშვებდნან და რეგისტრაციის ანკეტის შემოწმებაც არავის უცდია. როცა 16 წელი შემისრულდა და პირადობის მოწმობის ასაღებად მივაკითხე იუსტიციის სახლს, აღმოჩნდა, რომ სამშობიაროს ანკეტაში მითითებული იყო - მამრობითი სქესი. სანამ პირადობის მოწმობა არ დამჭირდა, სამშობიაროს ანკეტა არც გამხსენებია ან რატომ უნდა გამხსენებოდა?! იმის გამო, რომ ანკეტაში მამრობითი მიწერია, შემექნა ძალიან დიდი პრობლემები და აგერ უკვე 4 წელია ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობ.

- კონკრეტულად რა პრობლემები შეგექმნა?

- ვერ დაამთავრე სკოლა. მეცხრე კლასის მერე არც ერთი სკოლა არ მიღებდა, რადგან პირადობის მოწმობა არ მქონდა, ამის გარეშე კი სახელმწიფო სკოლას დაფინანსებას არ აძლევდა. მყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ვერაფერს ვერ ვუკეთებ - ვერ ამყავს აღრიცხვაზე, ვერ ვუკეთებ აცრებს და სხვ. ვერ ვსარგებლობ ვერანაირი დაზღვევით და ყველანაირად ვარ დაზარალებული. ვარ გათხოვილი, მაგრამ ოფიციალურად ხელი ვერ მოვაწერეთ,მხოლოდ ჯვარი გვაქვს დაწერილი. ვარ დედა, მაგრამ ეს გარემოება არ გაუთვალისწინებიათ სახელმწიფო სტრუქტურებს და 4 წელია ვცდილობ, პრობლემის მოგვარებას. მივიტანე იუსტიციის სახლში საბუთი, რომ ვარ დედა, ვარ მდედრობითი სქესის, მაგრამ მაინც უარი მომივიდა.

- რა გამოსავალს გთავაზობენ?

- ყოველთვის უარს მეუბნებოდნენ თან ისე, რომ არც მიხსნიდნენ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა პრობლემის მოსაგვარებლად. ბოლოს გამიშვეს სასამართლოში, სადაც მითხრეს, რომ სქესის შეცვლაზე არ არსებობს კანონი. რომ ვკითხე, თუ რა ხერხს შეიძლება მივმართო-მეთქი, წულუკიანისაგან მომივიდა წერილი - დარჩეს მამრობითად და პირად ნომერს მივანიჭებთო. ამაზე დიდი სისულელე რა შეიძლება იყოს?! ვარ მდედრობითი სქესის და მეუბნებიან მამრობითი სქესი ეწეროს საბუთშიო, თანაც თუ ამაზე დავთანხმდი გამოდის, რომ ჩემი შვილი მამრობითი სქესის ადამიანების შვილია. ამჟამად მე რეალურად ვარსებობ, დავდივარ, ვმოძრაობ, მაგრამ სახელმწიფოსთვის არ ვარსებობ, უხილავი ადამიანი ვარ...

ხატიას ინტერესებს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა იცავს.

ანა ჭაია, ადვოკატი:

- ამ პრობლემის გადაჭრა სავსებით რეალურია, მეტიც ძალიან მარტივიც კი. შეიძლება ითქვას, ტექნიკური საკითხია. იმისთვის რომ ადამიანს გადასცენ დაბადების მოწმობა, სერვისების განვითარების სააგენტო ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რომელსაც იღებს სამშობიაროსაგან. სამშობიარო ავსებს გარკვეულ დოკუმენტს, სადაც იწერება, ბავშვის სქესიც და სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე სააგენტო გასცემს დაბადების მოწმობას. როდესაც ხატია დაიბადა, სამშობიაროს ამ ჩანაწერში, დაშვებული იყო შეცდომა და დაუწერეს მამრობითი სქესი. მარეგისტრირებელ ორგანოს (მიუხედავად იმისა რეალურად, კიდევ არსებობს თუ არა ეს სამშობიარო) ნებისმიერ დროს შეუძლია მონაცემების შეცვლა. უნდა შევიდეს ბაზაში და შესაბამისი სქესის მონიშვნა გააკეთოს. გასწორებული მონაცემებით გასცეს პირადობის მოწმობა და ხატიას პრობლემა აღმოიფხვრება.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)