ოქროს ბიჭები "ტუბეტეიკებით" - როგორ მოხვდა უნიკალური ექსპონატი­ ნახევარი საუკუნის შემდეგ სპორტის მუზეუმში - კვირის პალიტრა

ოქროს ბიჭები "ტუბეტეიკებით" - როგორ მოხვდა უნიკალური ექსპონატი­ ნახევარი საუკუნის შემდეგ სპორტის მუზეუმში

1964 წლის 18 ნოემბერი, უზბეკეთის დედაქალაქი. თბილისის "დინამო" რუსეთის "ტორპედოსთან" შესახვედრად ემზადება. ქართველ გულშემატკივართა არმია ტაშკენტში ჩემპიონატის დაწყებას ელოდება. შეხვედრა დათქმულ დროს იწყება, მღელვარება მატულობს... მიუხედავად იმისა, რომ "ტორპედოს" კართან სიტუაცია ხშირად იძაბება, ორი ტაიმი ფრედ - 1:1 მთავრდება... ჩემპიონის გამოსავლენად საკავშირო ფედერაცია დამატებითი მატჩის დანიშვნის გადაწყვეტილებას იღებს. ვითარება უფრო იძაბება. ქართველები თავს არ ზოგავენ...

- მოატყუა ერთი, მოატყუა ორი, დარტყმა კარში... არის! გოოლ! 2:1...  3:1... 4:1... თბილისის დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონია...

1964 წლის 18 ნოემბერი ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის "დინამო" რამდენჯერმე იყო საკავშირო ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, ტიტული არ ჰქონდა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი ტიტული და დიდი გამარჯვება ნაკრებმა სწორედ ამ დღეს მოიპოვა... მატჩის დამთავრების შემდეგ, ქართველ ფეხბურთელებს თასი, მედლები, ყვავილები და უზბეკური ნაციონალური ქუდები - "ტუბეტეიკები" გადაეცათ...

გასული წლის 18 ნოემბერს თბილისის დინამოს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობიდან 50 წლის იუბილე სპორტის მუზეუმში პომპეზურად აღინიშნა. ძველ დინამოელებთან ერთად, ღონისძიებაზე სპორტის გულშემატკივრებმა მოიყარეს თავი. იხსენებდნენ ძველ დროს და მომავალზეც იმედიანად საუბრობდნენ. სიმბოლურია, მაგრამ იმ დღეს ქართული ფეხბურთის უნიკალურ ექსპონატებს კიდევ ერთი ნივთი, უზბეკური ნაციონალური ქუდი "ტუბეტეიკა" შეემატა. ეს იმ სამახსოვრო საჩუქრებიდან ერთ-ერთია, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებს უზბეკეთის წარმომადგენლობამ გამარჯვების აღსანიშნავად უსახსოვრა. ნახევარი საუკუნის წინანდელი "ოქროს მატჩის" სამახსოვრო საჩუქრის ისტორიას სპორტის სამინისტროს პრესცენტრის თანამშრომელი ლაშა გოდუაძე გვიყვება:

- ტაშკენტში, "დინამო"-"ტორპედოს" შეხვედრაზე უამრავი ქართველი გულშემატკივარი ჩავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, "დინამოს" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, უზბეკური ნაციონალური ქუდი გულშემატკივარს აჩუქა. მან კი ქუდი ჩემპიონატის დღეს დაბადებულ ნათლულს უსახსოვრა. კონკრეტულად, რომელ ფეხბურთელს ეკუთვნოდა ეს ქუდი, ძნელი სათქმელია.

ზუსტად იმ დღეს, როდესაც თბილისის "დინამო" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ჯონდო და თამარ მაისურაძეების ოჯახში ნანატრი ვაჟი გაჩნდა. "ოქროს მატჩში"“ორი გოლის ავტორის, ილია დათუნაშვილის პატივსაცემად ჯონი მაისურაძემ პირველ შვილს ილია დაარქვა...  2014 წლის 18 ნოემბერს ილია მაისურაძე 50 წლის გახდა. სწორედ ამ დღეს ნათლიის ნაჩუქარი უზბეკური "ტუბეტეიკა" საქართველოს სპორტის მუზეუმს საჩუქრად გადასცა.

ილია მაისურაძე: - ამ მატჩს ესწრებოდა ჩემი ნათლია, ზურაბ ავალიანი რომელმაც ჩამოიტანა ეს ქუდი და იმ დღის სამახსოვროდ მაჩუქა. რაც თავი მახსოვს, ეს ქუდი ჩვენთან სათუთად ინახება. სამწუხაროდ, ნათლიაჩემი ადრე გარდაიცვალა და მისგან დეტალური ინფორმაცია არა მაქვს, როგორ მოხვდა ეს ქუდი მასთან და რომელმა ფეხბურთელმა უსახსოვრა... ქუდის ისტორია მამაჩემის მონაყოლით ვიცი.

მამას კარგი სამეგობრო ჰყავდა. ყველა კარგად მღეროდა, მათ შორის, ნათლიაჩემიც. წლების წინ ახვლედიანის ქუჩაზე ვცხოვრობდით, ყოველ ჩემს დაბადების დღეზე მამას მეგობრები ისე მღეროდნენ, რომ ქუჩაში გამვლელები ჩერდებოდნენ და ტკბილი ჰანგებით ტკბებოდნენ.

18 ნოემბერი ჩემთვის განსაკუთრებულია - ჩემი დაბადებისა და ქართული ფეხბურთის ზეიმის დღე. სხვათა შორის, ბევრ ჩემს ახლობელს სწორედ "დინამოს" ჩემპიონობით დაამახსოვრდა ჩემი იუბილე. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ ქუდის ადგილი საქართველოს სპორტის მუზეუმშია...

პატარა შავი ქუდი, რომელიც თეთრი ორნამენტებით არის მოქარგული, დღესაც ისეთია, როგორიც ნახევარი საუკუნის წინ იყო. სარჩულზე დინამოელების ავტოგრაფებიც ყოფილა, თუმცა, დროთა განმავლობაში წაიშალა და მისი აღდგენა ვეღარ მოხერხდა.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ პალიტრაTV-ზე