"დაიან კიტ­ონის, ედი მერფის, ჯეფ გარლინის და სხვე­ბის შვილ­ებსაც ვავარჯიშებთ" - ქართველი ჰოლივუდიდან - კვირის პალიტრა

"დაიან კიტ­ონის, ედი მერფის, ჯეფ გარლინის და სხვე­ბის შვილ­ებსაც ვავარჯიშებთ" - ქართველი ჰოლივუდიდან

წარმატებული ჩოგბურთელისა და რეჟისორის, ბექა სიხარულიძის, ფილმმა - "ბაბუს მევალე" კალიფორნიის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა და დაჯილდოვდა პრიზით Award of Merit. როგორ გაიკვალა გზა ჰოლივუდისკენ, ლოს-ანჯელესში მცხოვრები ბექა სიხარულიძე თავად გვესაუბრა.

- ათიოდე წლის ვიყავი, როცა შინ ჩოგბურთის კორტების დირექტორი გვეწვია და მამას  (გივი სიხარულიძე) ურჩია, ეს ბიჭი ჩოგბურთზე მოიყვანეო. ასე მოვხვდი კორტებზე... ვუყურებდი, როგორ ავარჯიშებდნენ მწვრთნელები მდიდარი ხალხის შვილებს... მამაჩემს კი ბევრი ფული არასდროს ჰქონია და თავს ცოტა დაჩაგრულად ვგრძნობდი, თუმცა, ორ წელში ჩემს მეწყვილე ირაკლი ჯანუაშვილთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გავხდი. მერე უსახსრობის გამო შეჯიბრებებზე ვეღარ მივდიოდი. რუსეთში იყო ბიზნესმენი, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენებს ეხმარებოდა. სწორედ მას უნდა დაეფინანსებინა ჩემი წასვლა ამერიკაში, მაგრამ მოულოდნელად სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა... მაშინ 15-16 წლისა ვიყავი. ამის შემდეგ კარატემ, კიკბოქსინგმა, მკლავჭიდმა გამიტაცა, თუმცა, წარმატება მაინც საყვარელმა ჩოგბურთმა მომიტანა.

- ამერიკაში როდის წახვედით?

- 19 წლის ვიყავი, გამგზავრებას ვაპირებდი, მაგრამ ავად გავხდი, მერე დედა გარდამეცვალა... ბოლოს, როგორც იქნა, წავედი.

თავიდან სამსახურს ვერ ვშოულობდი. მინდოდა, მონაწილეობა მიმეღო სპორტულ შეჯიბრებაში "ბრძოლა წესების გარეშე", მაგრამ არც ეს გამომივიდა. მერე სან-ფრანცისკოში ჩავაკითხე მეგობარს, რომელიც ჩოგბურთის აკადემიის მფლობელს იცნობდა. ჩემმა მეგობარმა დაიტრაბახა, ბექა სიხარულიძისთანა მაგარი არავინ გეყოლებათო. ისიც დაინტერესდა და სამსახური შემომთავაზა. ერთ თვეში მთავარ მწვრთნელად დამნიშნეს.

ერთ დღეს ლოს-ანჯელესში ჩავედი. მივხვდი, ეს "ჩემი ქალაქი" იყო. მაშინვე მიზნად დავისახე, დავბრუნებულიყავი ამ ქალაქში. სან-ფრანცისკოში ეს სურვილი ჩოგბურთის აკადემიის ხელმძღვანელს გავუმხილე და ვთხოვე, ჩემი შემცვლელი მოეძებნა. გადაირია, თუ გინდა ჩემი ბიზნესის 50%-ს მოგცემ, ოღონდ დარჩიო, მაგრამ დავტოვე ყველაფერი და წამოვედი ლოს-ანჯელესში. საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 80 დოლარი მქონდა. პატარა ადგილი დავიქირავე 50 დოლარად და რუსულ გაზეთში სარეკლამო განცხადება გამოვაქვეყნე, რომ შემეძლო ჩოგბურთში ბავშვების მომზადება. გამომეხმაურნენ. იმ დღიდან მოყოლებული, საქმე კარგად წამივიდა. ახლა

ჩოგბურთის აკადემიაში ჰოლივუდის ვარსკვლავების შვილებსაც ვავარჯიშებთ - დაიან კიტონის, ედი მერფის, ძალიან გავლენიანი ჯეფ გარლინის და სხვების...

ჰოლივუდის პროდიუსერებისა და რეჟისორების ოჯახების წევრებიც ჩვენთან ემზადებიან.

- როგორ მოხვდით ფილმებში "ყარაღანდა", "მაღლა ცაში" და ა.შ.?

- რეჟისორს ვკითხე, როგორ ტიპაჟს ეძებთ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ "რამკიანი" ქურდი სჭირდებოდა... წუთი ვთხოვე მოსამზადებლად და ერთ-ერთი ეპიზოდი ვითამაშე. რეჟისორმა და დირექტორმა ერთმანეთს გადახედეს. ასე მოვხვდი ფილმში "ყარაღანდა". მერე სხვა როლი შემომთავაზეს, თუმცა, რაღაც-რაღაცების გამო მიუღებელი აღმოჩნდა. რეჟისორი მაინც არ მომეშვა, ზუსტად შენნაირი ტიპაჟი მჭირდებაო და შეცვალა ის, რაც მე არ მომწონდა. რუსი რევოლუციონერის როლი უნდა მეთამაშა. თუმცა, თავიდან არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. რომ ჩამაცვეს და გრიმი გამიკეთეს, მერე გავიაზრე როლი. მივხვდი, რომ გაიძვერა, ქლესა ადამიანი უნდა ვყოფილიყავი და არა - უბრალოდ "ვანკა". რეჟისორს ასეთი შესრულება მოეწონა... კასტინგითვე მოვხვდი ფილმში "მაღლა ცაში". ფილმი მამაშვილურ ურთიერთობას ეხება. გაჭირვებულ ოჯახში მამას სურს, შვილს პიანინოზე დაკვრა ასწავლოს. თუმცა, ინსტრუმენტი არ აქვთ. მამა თითებზე შავ-თეთრ კლავიშებს იხატავს და როცა გოგონა თითს აჭერს, ხმას გამოსცემს. მამის როლს მე ვასრულებ...

- წარმატებული აღმოჩნდა თქვენი რეჟისორული ნამუშევარიც. "ბაბუს მევალემ" კალიფორნიის კინოფესტივალზე გაიმარჯვა...

- დიახ... ერთი კვირის წინ გავიგეთ, რომ "ბაბუს მევალე"  მსოფლიოს 25 საუკეთესო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფილმი თაღლითების ოჯახზეა. დადიან მდიდარი ადამიანების პანაშვიდებსა და გასვენებებში და ოჯახის წევრებს ეუბნებიან, რომ გარდაცვლილს მათი ფული ემართა. სცენარი მამაჩემის ნოველის მიხედვით დაიწერა. ის ნიუ-იორკის კინოფესტივალს (რომელიც უახლოეს ხანში გაიმართება) აუცილებლად დაესწრება, მაგრამ დიდხანს ამერიკაში ვერ ძლებს - ერთი სული აქვს, როდის გამოიქცევა საქართველოში, არადა, აქ ხელისგულზე ვატარებ...

დიდი გეგმები მაქვს. ვფიქრობ, წარმატებებს მივაღწევ. თუ ასე მოხდება, საქველმოქმედო საქმიანობას დავიწყებ და ჩემს ქართველებს, როგორც შევძლებ, დავეხმარები.