"ზნეობრივი დეგრადაცია არც ოც წელიწადში ხდება და არც გაჭირვების გამო" - კვირის პალიტრა

"ზნეობრივი დეგრადაცია არც ოც წელიწადში ხდება და არც გაჭირვების გამო"

"რამ მოიტანა ეს? - დამოუკიდებლობამ, დემოკრატიამ, ბრაზილიურმა სერიალებმა?!.

"რამდენი ადამიანი გააუცხოვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეისაგან, მავანი გაურკვეველი სქესის ადამიანების სატელევიზიო შოუებმა"

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი თავის "ფეისბუქგვერდზე" წერს:

"ეს შარშან მოხდა. ჩემს სიახლოვეს ორი ხელოსანი მუშაობდა, უფრო სწორად, ერთი ხელოსანი და ერთიც - დღიური მუშა. მე იქვე ვაკეთებდი რაღაცას და უნებლიედ მათი საუბარი მესმოდა. საერთო ნაცნობებს იხსენებდნენ: ვინ რითი ცხოვრობს, ვინ ცოცხალია, ვინ - მკვდარი. დღიურმა მუშამ ვიღაც ჯემალა ახსენა. მაგას რა უჭირსო, სიტყვა ჩამოართვა ხელოსანმა. ლამაზი გოგო ჰყავს, ვიღაცის საყვარელი გამხდარა ქალაქში, ის ვიღაც მაღაზიაში ამუშავებს და მშობლებს ფულს უგზავნისო. მის სიტყვებში არც აღშფოთება იყო, არც წუხილი. უბრალოდ, ფაქტი აღნიშნა და ეგაა. მუშამაც თავი დაუქნია, ჰო, მაგას გაუმართლაო. კიდევ ვიღაც ახსენა, იმასაც გაუმართლაო.

მათ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სიმპატიებზე არაფერს ვიტყვი. იოლი მისახვედრია.

რამ მოიტანა ეს? - დამოუკიდებლობამ, დემოკრატიამ, ბრაზილიურმა სერიალებმა?!  ვერ დავიჯერებ... ზნეობრივი დეგრადაცია არც ოც წელიწადში ხდება და არც გაჭირვების გამო. გაჭირვება უარესიც გვქონია, გაცილებით უარესი. გვსურს თუ - არა, ასეთია საბჭოთა სოციალური ინჟინერიის პროდუქტი, დღესაც რომ შენატრის იმას, ვინც მასში ადამიანური ღირსება ჩაკლა, პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა, ვეგეტატიურ არსებობაში ჩაკეტა და ეს უკანასკნელიც რაღაც მანქანებით ამგვარ ყოფაში თავისი ღირსების წყაროს ხედავს. ჰოდა ერთ დღესაც ეს პიროვნულ ნებას მოკლებული და სახელმწიფოზე ჭიპლარით მიბმული ადამიანები მათვის გაუგებარ სამყაროში აღმოჩნდნენ.

ღმერთმა დამიფაროს ქედმაღლობისაგან. ან კი როგორ შეიძლება ქედმაღალი იყო ამ ადამიანური ტრაგედიის მიმართ. უბრალოდ, მინდა, არ დამავიწყდეს ის ადამიანური მასალა, რომელიც დღეს საქართველოშია - საკმაოდ მრავლადაც. ჩვენ კიდევ მას თავისუფლებით მოგვრილი ღირსების ნაცვლად ხშირად ამავე თავისუფლების უგვანი პროდუქტებით ვუმასპინძლდებით და კიდევ უფრო ვაუცხოვებთ. ჰოდა ისიც ეჭიდება იმ ძველ თუ ახალ კერპებს, რომლებიც ამ მახინჯი პროდუქტებისაგან და საკუთარი ბედის გამო პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებენ. რამდენი ადამიანი გააუცხოვა ადამიანის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეისაგან მავანი გაურკვეველი სქესის ადამიანების სატელევიზიო შოუებმა, ღმერთმა იცის.

მოკლედ, კაცი ვერ გაიგებს, ვისი ლიბერალიზმი ვის წისქვილზე ასხამს წყალს. არადა, ეს არ არის ლიბერალიზმი. ესაა ლიბერალიზმად წოდებული ბანდერ ლოგი, სადაც უპასუხისმგებლო ადამიანები ლიბერალობანას, სიტყვის თავისუფლებობანას და მსგავსთ თამაშობენ, თავის სნობურ "ინტელექტუალიზმში" ჩამტკბარან, მერე კი ჩივიან პუტინისტების მომძლავრებისა და ყბადაღებული 31%-ის გამო. არადა, სწორედ თავად მიიჩნევდნენ ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების მთავარ პირობად ტრადიციული ნორმების "დეკონსტრუქციას" და თავადვე გადაულოცეს ეროვნული იდეა და რწმენა, როგორც "ჩამორჩენილობის ნიშანი", პუტინისტურ ძალებს. თითქოს უკვე დიდი ხანია ბეწვის ხიდი გავიარეთ და უკვე შეგვიძლია ლაღ თამაშებს მივეცეთ. 31%-მა გაგვახსენა, რომ ჯერ არ გაგვივლია, თურმე.

თავისთავად ცუდი არც ლიბერალიზმია და არც კონსერვატიზმი. ცუდი მაშინ იწყება, როდესაც ერთიც და მეორეც პატარა, უპასუხისმგებლო თავებში მოექცევა.

არადა, არის რაღაც, რასაც ვერც აკრძალავ და ვერც შეზღუდავ. ცხადია, ვერც ამათ აუკრძალავ თავის თამაშებს. შეეცდები და ან დამარცხდები, ან თავადაც ერთ-ერთ იმ კერპად იქცევი. უბრალოდ, რაღაც წამს უნდა მიხვდეს, რომ თავადაც ისეთივე უმსგავსია, როგორც მავანი კერპთაყვანისმცემელი.

მაპატიეთ, თუ კატეგორიულად ნათქვამი გამომივიდა. გუშინ იმ ხელოსანს თვალო მოვკარი და ამან გამახსენა."