"შუქი სიკეთისა" – კოტე თოლორდავას ოჯახს ბინა აჩუქეს - კვირის პალიტრა

"შუქი სიკეთისა" – კოტე თოლორდავას ოჯახს ბინა აჩუქეს

მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, ახლობლებისა და მეგობრებისთვის უმძიმესი 40 დღე.

მსახიობი მოსკოვში 11 აპრილს გარდაიცვალა, როდესაც რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. უმამოდ დარჩა სამი შვილი: ბუკა, ტასო და თარაში. ერთ-ერთ ინტერვიუში განო მელითაური წერდა, ქმრისგან ყველაზე დიდი მხარდაჭერა მშობიარობისას ვიგრძენიო. კოტე მათი ორივე შვილის - ტასოს და თარაშის დაბადებას დასწრებია და როდესაც მისი შვილები ევლინებოდნენ ქვეყანას, ცოლის ხელი ხელში სჭერია... კოტე მეოთხე შვილს ელოდა, მაგრამ... განო კოტეს გარეშე სამი თვის ფეხმძიმე დარჩა...

მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ კოტეს ოჯახი ბანკის ვალით ნაყიდი ბინის დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგა.

გადაცემა "ეკა ხოფერიას შოუში" მსახიობზე სიუჟეტი მომზადდა, რომელშიც კლასელები, მეგობრები და ახლობლები კოტეს იხსენებდნენ. სწორედ ამ გადაცემის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ოჯახს ბინა სამშენებლო კომპანია "არქი ჯგუფმა" აჩუქა, კოტეს მეგობრებსა და ტელეკომპანია "იმედთან" ერთად. "ვწუხვარ, რომ ვერ შევძელით და სიცოცხლეშივე კოტეს გვერდით დგომა ისე, როგორც შეიძლებოდა, მაგრამ ამას ვერავინ იფიქრებდა..." - განაცხადა გადაცემაში კოტეს მეგობარმა ნოე სულაბერიძემ.

შემოგვეხიანა კოტე თოლორდავას მეგობარი, მსახიობი მერო ჭიკაშვილი, რომელმაც გვითხრა:

- მინდა, ასევე  გულწრფელი მადლობა გადავუხადო კომპანია "ავერსს" და მის დამფუძნებელს, პაატა კურტანიძეს, რომელმაც გულთან მიიტანა  კოტე თოლორდავას ტრაგედია და 20 000 ლარი გადმორიცხა კოტეს ოჯახის დასახმარებლად. მადლობა კოტეს ოჯახისა და მეგობრების სახელით!