ფიროსმანის ნახატს კრისტის აუქციონზე გაყიდიან - "ვთხოვთ კულტურის სამინისტროს, ბიზნესმენებს, იზრუნონ ამ უნიკალური ძეგლის სამშობლოში დაბრუნებაზე" - კვირის პალიტრა

ფიროსმანის ნახატს კრისტის აუქციონზე გაყიდიან - "ვთხოვთ კულტურის სამინისტროს, ბიზნესმენებს, იზრუნონ ამ უნიკალური ძეგლის სამშობლოში დაბრუნებაზე"

"კულტურის სამინისტრომ უნდა ითავოს, მიმართოს ბიზნესმენებს, ან ბანკებს და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ კულტურის ეს უნიკალური ძეგლი სამშობლოში დაბრუნდეს."

კულუტურის სამინისტროში კი ამბობენ, რომ საკითხს არ იცნობენ...

1 -ელ ივნისს, ლონდონში კრისტის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარს "არსენალის მთა ღამით" გასაყიდად გაიტანენ. ნახატი დაახლოებით 1907-1908 წელსაა შექმნილი. მისი საწყისი ფასი 800 000-1 200 000 ფუნტი იქნება. საინტერსოა, რომ ის აუქციონის ვებგვერდზე წარმოდგენილია, როგორც რუსული კულტურის ნიმუში. ტილო ბოლოს 2010 წელს გაიყიდა ლონდონის აუქციონზე, როდესაც მისმა დღევანდელმა მფლობელმა იყიდა. მანამდე იგი 2007 წელს ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე გაყიდეს.

ამ ნახატს წლების განმავლობაში არერთი ქართველი ეძებდა, მათ შორის ჟურნალისტის ნელი კობიაშვილი, რომელიც ფიროსმანის უნიკალური ნახატის თავგადასავალს მოგვიყვა:

- 2003 წელს, როდესაც ეს სურათი აღმოვაჩინე პარიზში, მივმართე მთელს საქართველოს, რომ გვეყიდა ნახატი და სამშობლოში დაგვბრუნებინა, თუმცა მაშინ არავინ გამოიჩინა ამის ინიციატივა. მ ნამუშევარს გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ეძებდა რეზო თაბუკაშვილი, როგორც გაირკვა ნახატი ეკუთვნოდა ცნობილ ფრანგ მწერალს ლუი არაგონს, რომელსაც ფიროსმანის ეს ტილო საბჭოთა მთავრობამ იუბილეს აღსანიშნავად აჩუქა. ლუი არაგონი 1962 წელს გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვალებამდე რეზო თაბუკაშვილმა გადაიღო ფილმი "ფრანგული დღიური," რომელშიც დააფიქსირა ეს სურათი. როდესაც არაგონი გარდაიცვალა სურათის კვალი დაიკარგა. ის არც მუზეუმში იძებნებოდა და არც არაგონის ბიბლიოთეკაში იყო. 1982-83 წლებში, როდესაც მე დავიწყე ფიროსმანის კვლევა, სრულად შევისწავლე ამ სურათის ისტორია. როდესაც 2003 წელს წავედი პარიზში, უკვე მქონდა მინიშნება, ნამუშევარი სად უნდა მეძებნა. დიდი კვლევის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არსებობდა ასეთი პიროვნება ჟან რიხტა, რომელიც იყო ლუი არაგონის მეგობარი და სწორედ მას ერგო პოეტის მემკვიდრეობა. წასვლამდე ვესაუბრე ქართველ მხატვარ თენგიზ მირზაშვილს, რომელიც ასევე იკვლევდა ფიროსმანის ცხოვრებას და მოღვაწეობას. მან მითხრა, რომ ეს არის შედევრების შედევრი, ამიტომაც ნამუშევარს მალავენ და არ ამხელენ სად არისო.

- საბოლოოდ სად და როგორ მიაგენით ნახატს?

- როცა მივედი ჟან რიხტასთან, ეს კაცი არ მაჩვენებდა სურათს, თავიდან მეუბნებოდა, რომ ამ ნახატის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა, მაგრამ დიდი წვალების შემდეგ, როცა ავუხსენი, რომ ვიყავი ჟურნალისტი და ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საგანძური იყო, ის დამთანხმდა, მაჩვენა ნამუშევარი, რომელიც ბანკის სეიფში ჰქონდა შენახული და საბოლოოდ იმაზეც დამთანხმდა რომ მომყიდდა. ეს გადაიცა ყველა ტელევიზიით, სხვადასხვა ფონდებში შევიტანე განცხადება, ვითხოვდი დახმარებას... ერთადერთი ვინც გამომეხმაურა ბადრი პატარკაციშვილი იყო, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. საბოლოოდ არც კულტურის სამინისტრომ და არც ქართველმა ბიზნესმენებმა არაფერი მოიმოქმედეს ნამუშევარის სამშობლოში დასაბრუნებლად.. ეს არ არის უბრალო ნახატი, რომელსაც შეიძლება ყურადღება არ მიაქციო, ეს არის ფიროსმანის განსაკუთრებული ნამუშევარი, ტილოს ზომიდან დაწყებული, ფერთა გამითა და შესრულების ხარისხით დამთავრებული, ეს საერთაშორისო დონის ნამუშევარია. მას შემდეგ რაც ჩვენ ვერ გამოვისყიდეთ ნამუშევარი, დილერების დახმარებით ის იყიდა რუსმა ებრაელმა ბიზმესმენმა, რომელიც ამავე დროს გალერისტიც იყო. შემდეგ ამ რუსმა ბიზმესმენმა ფიროსმანის ნახატი გაიტანა სოთბის აუქციონზე ამერიკაში. სწორედ მაშინ მოხდა ფიროსმანის ნამუშევრის მსოფლიოსთვის წარდგენა, ის გაიყიდა 1 800 000 $. რამდენიმე ხანში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ნახატი სოთბის აუქციონზე გაიტანეს, მაგრამ ამჯერად ლონდონში და ის გაიყიდა 1 800 000 ფუნტად. რატომ ადევს ამჟამად ან მახატს ასეთი დაბალი ფასი, არ ვიცი. სასურველია, რომ ჩვენმა ბიზნესმენებმა დადონ ფული და დააბრუნონ ეს სურათი საქართველოში, ეს არის ფიროსმანის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი. თავის დროზე უამრავი პრესკონფერენცია მოვაწყვე, ჩემთან ერთად, ნახატის დაბრუნებას ითხოვდნენ გიორგი შენგელაია, რეზო ესაძე და სხვები... ყველანი ერთად ვთხოვდით საზოგადოებას, რომ ვინმეს მოექცია ყურადღება, სააკაშვილიც იყო საქმის კურსში, მაგრამ საბოლოოდ არავინ დაინტერესდა.

პირველად ეს სურათი აღმოაჩინეს ძმებმა ზდანევიჩებმა ბაიაძეების დუქანში და იყიდეს. კარგა ხანს სურათი ინახებოდა ზდანევიჩების სახლში, ახლანდელი ბაქრაძის ქუჩაზე. ეს არ არის მარტივი ტილო და მიეკუთვნება ფიროსმანის ისეთ განსაკუთრებულ ტილოებს, როგორიცაა "დათვი მთვარიან ღამეში". კვლავაც ვთხოვთ კულტურის სამინისტროს, ბიზნესმენებს იზრუნონ ამ უნიკალური ნახატის სამშობლოში დაბრუნებაზე. კარგი იქნება თუ დარეკავთ კულტურის სდამინისტროში და რომელიმე პასუხისმგებელი პირი გაგცემთ ამ საკითხზე პასუხს. სწორედ "კულტურის სამინისტრომ უნდა ითავოს, მიმართოს ბიზნესმენებს, ან ბანკებს და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ კულტურის ეს უნიკალური ძეგლი სამშობლოში დაბრუნდეს."

ჩვენ ასეც მოვიქეცით და დავუკავშირდით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ჯერ გვიპასუხეს, რომ ამის თაობაზე არაფერი იცოდნენ. დაგვპირდნენ, გავერკვევით, და შესაბამის თანამდებობის პირთან დასაკავშირებლად ჩვენ თვითონ დაგირეკავთო. რა თქმა უნდა, არავის დაურეკავს. ამის შემდეგ კიდევ დავრეკეთ და ვთხოვეთ, რომ პასუხისმგბელი პირის კოორდინატები მოეცათ, რომლსაც დავუკავშირდებოდით, თუმცა კვლავ გვითხრეს, რომ თვითონ დაგვირეკავდნენ. საბოლოოდ არათუდაგვირეკე, ჩვენს ზარებსაც აღარ უპასუხეს.

კრისტის აუქციონის ვებსაიტი

ეკა გადახაბაძე