სააკაძის მოედნის მიწისქვეშა გვირაბები და ლაბორატორია, რომელსაც ანალოგი არ აქვს - კვირის პალიტრა

სააკაძის მოედნის მიწისქვეშა გვირაბები და ლაბორატორია, რომელსაც ანალოგი არ აქვს

რამდენიმე დღის წინ მიწისქვეშა ლაბორატორია-შახტში ერთი საათი გავატარე. უნიკალური მიწისქვეშა ნაგებობა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, დედაქალაქის ცენტრში, სააკაძის მოედნის ქვემოთ, 16-30 მეტრ სიღრმეზე მდებარეობს. აქ მომავალ სამთო ინჟინრებს ამზადებენ.

მეზობელი მყავდა, ციალა.  მისი ავლადიდება საბჭოთა პერიოდის გრამოფონი და დრო-ჟამისგან გაცვეთილი რამდენიმე ფირფიტა იყო.  მარტოხელა ქალს თავისი წარმოსახვითი სამყარო ჰქონდა. შლიდა სუფრას და ელოდებოდა გამოგონილ კოლეგებს, რომლებიც ვითომდა სხვადასხვა ქვეყნიდან უნდა ჩამოსულიყვნენ. შინ იშვიათად, მაგრამ მაინც შევყავდით უბნის ბავშვები, კანფეტებს გვირიგებდა. როგორც გვიხსნიდა, "სტუმრები" მასთან საიდუმლო გვირაბით მოდიოდნენ და უკან იმავე გზით ბრუნდებოდნენ... მის სარდაფში საიდუმლო გვირაბის არსებობისა მაშინ ყველას გვჯეროდა.„გვჯეროდა, რომ მისი სახლიდან ნებისმიერ ქვეყანაში შეგვეძლო მოხვედრა... ციალა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. უკანასკნელ გზაზე მეზობლებმა გავაცილეთ... სარდაფი, რომელსაც მთელი ბავშვობა საგულდაგულოდ გვიმალავდა, თურმე არ არსებობდა...

გასაიდუმლოებული ადგილებისა და გვირაბების არსებობის დღეს არავის უკვირს, თუმცა, რასაც ახლა გიამბობთ, დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის სიახლე იქნება.

მიწიდან 30 მეტრ სიღრმეზე...

რამდენიმე დღის წინ მიწისქვეშა ლაბორატორია-შახტში ერთი საათი გავატარე. უნიკალური მიწისქვეშა ნაგებობა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, დედაქალაქის ცენტრში, სააკაძის მოედნის ქვემოთ, 16-30 მეტრ სიღრმეზე მდებარეობს. აქ მომავალ სამთო ინჟინრებს ამზადებენ.

ლაბორატორიაში მოსახვედრად ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსში მივდივართ. იქ მხოლოდ ასე თუ მოხვდებით. 82 წლის უშანგი კავთიაშვილი წლების განმავლობაში ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. მას სადისპეტჩერო ოთახიდან დერეფნის გავლით ლიფტში შევყავართ და მიწის ქვეშ ვეშვებით...

უშანგი კავთიაშვილი: - ახლა ვიმყოფებით ზედაპირიდან 16 მეტრ სიღრმეზე. ლაბორატორიის ყველაზე დაბალი წერტილი 30 მეტრია. ეს არის ვერტიკალური გვირაბი, რომლის დანიშნულებაა ლაბორატორიის ზედაპირთან დაკავშირება. სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვება, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობა სახიფათო საქმეა და დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული. ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტი ვერ უძლებდა მიწისქვეშეთში მუშაობას და ტოვებდა წარმოებას.

საშახტო ლაბორატორიის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო და 1991 წელს დამთავრდა... მას "მეტრომშენის" თანამშრომლები აშენებდნენ. დაახლოებით მილიონ-ნახევარი მანეთი დაჯდა. მუშაობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან დაიწყეს. ე.წ. გამხსნელი გვირაბიდან ახლაც შემოდის სუფთა ჰაერი. სწორედ ამ შემოსასვლელიდან გაქურდეს ლაბორატორია სამჯერ. ლაბორატორიის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საწარმოო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ მიწის ქვეშ განთავსებულ გვირაბებში შესაძლებელია ლაბორატორიული, პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობების ჩატარება.

მიწისქვეშა ლაბორატორია რამდენიმე ჰორიზონტალური, დახრილი, ვერტიკალური გვირაბისა და აუდიტორიისგან შედგება, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე  სამთო-შახტური მოწყობილობებით. დანადგარების ნაწილი, თავის დროზე, ჭიათურის მაღაროდან ჩამოუტანიათ.

გვირაბებსა და კამერებში დამონტაჟებული დანადგარები ფეთქებად-უსაფრთხო კონსტრუქციებია. ტექნიკური აღჭურვილობა შეესაბამება ქვანახშირის შახტების უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს.

ერთ-ერთ ლაბორატორია-აუდიტორიაში სამთო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ყოველდღე ტარდება მეცადინეობები. ზამთარ-ზაფხულ, 24 საათის განმავლობაში, აქ ტემპერატურა -16-18 გრადუსია.

- რამდენი თანამშრომელია დღეს ლაბორატორიაში?

- ამჟამად სამი, წლების წინ კი 12-14 თანამშრომელი ჰყავდა.

90-იან წლებში ლაბორატორიას იუნესკოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ, რომლებსაც ვიდეომასალა გადაუღიათ. წლების წინ იაპონელებს საერთაშორისო სასწავლო ცენტრის მოწყობაც სურდათ, თუმცა, პროექტი აღარ განხორციელდა.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ "პალიტრაTV"-ზე