"თქვენი პატრიარქი საოცარი ადამიანია" - ამერიკელი ჯონი ქართველი მიუსაფარი ბავშვების დასახმარებლად - კვირის პალიტრა

"თქვენი პატრიარქი საოცარი ადამიანია" - ამერიკელი ჯონი ქართველი მიუსაფარი ბავშვების დასახმარებლად

"შვილების განათლებაზე ფულს რომ ხარჯავთ, ხომ გაინტერესებთ შედეგი? მეც ასე ვარ. არ ვერევი საგანმანათლებლო და აღზრდის საკითხებში, ქართველებს ვანდობ, მაგრამ მუდმივად თვალს ვადევნებ შედეგს, რამდენმა ბავშვმა დაიწყო სწავლა, რამდენი მივიდა ბოლომდე. ფსიქოლოგიც გვყავს, ბავშვებს რომ არ შეეშინდეთ, უკან არ დაიხიონ, მომავლისთვის იბრძოლონ."

ლეემბრა, ანუ ღმერთს ახსოვხარ, - პორტუგალიურ ენაზე ასე ჰქვია ამერიკულ საქველმოქმედო ფონდს, რომელიც 2013 წლიდან საქართველოში სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ ბავშვებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებაში ეხმარება. ფონდი ბავშვებს სტუდენტობის ოთხწლიან პერიოდში სტიპენდიასაც უხდის - 150 დოლარის ოდენობით. ფონდის დამფუძნებელ ჯონ სიმონსს მიაჩნია, რომ მოზარდების ამ ფორმით დახმარება ყველაზე გამართლებულია: "რაც უნდა დიდი ინვესტიცია გაიღო ბავშვებისთვის, ფული ყოველთვის ცოტა გამოჩნდება და წყალში ჩაიყრება, თუ არ მივცემთ განათლებას. ასე დავეხმარებით მომავლის შექმნაში".

ჯონ სიმონსი ერთ თბილისურ კაფეში გავიცანი. იმ დღეს განსაკუთრებით კმაყოფილი იყო, რადგან E"ლე Lემბრას" პროექტის მონაწილე გოგონას, რომელიც უკვე სტუდენტია და დედაც გამხდარა, ჯონი ოჯახში სწვევია, -„შვილიშვილიც ვნახეო. პროექტში მონაწილე ყველა ბავშვს ჯონი შვილს ეძახის. ამერიკაში კი, მშობლიურ იუტას შტატში, სამი საკუთარი და ექვსიც ნაშვილები ბავშვი ჰყავს. ის სოციალურად დაუცველ ოჯახებზეც ზრუნავს. მათი დახმარება საპატრიარქომ სთხოვა.

ჯონ სიმონსი: - სამი ვაჟის შეძენის შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს, რომელიც ერთხანს ბავშვთა სახლში ცხოვრობდა, მოგვინდა, გოგონა გვეშვილა. მივმართეთ სააგენტოს და დაველოდეთ, ურთულესი ბიუროკრატიული პროცესის შემდეგ როდის დადგებოდა ჩვენი რიგი. კარგა ხნის შემდეგ შეგვატყობინეს, რომ პატარა ბიჭი იყო გასაშვილებელი. ბავშვზე სქესის გამო უარს როგორ ვიტყოდით? ბიჭუნა ვიშვილეთ და გოგონას ძებნა განვაგრძეთ. იმ დროს ამერიკაში ბევრი ბავშვი ჩამოჰყავდათ რუსეთიდან. რუსეთში ბავშვთა სახლში ვნახეთ ორი გოგონა, დები. ჰყავდათ წლინახევრის ბიჭიც, რომლის მშობლებმაც თავი მოიკლეს. სამივეს აყვანა გადავწყვიტეთ, თანაც, შევეცადეთ, გაგვერკვია ბავშვების წარმომავლობა. გაირკვა, რომ გოგონები ერთი ქალის მეექვსე და მეშვიდე შვილები იყვნენ და დედას შვიდივე შვილი გაეშვილებინა. კიდევ ორ დას სხვა ბავშვთა სახლში მივაგენით. დანარჩენები რუსეთშივე გაეშვილებინათ. ასე რომ, ხუთი ბავშვი ვიშვილეთ... მე და ჩემს ძმას მომგებიანი ბიზნესი გვაქვს, გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა საქველმოქმედო ფონდი და რუსეთში მიუსაფარ ბავშვებს დავხმარებოდით. თუმცა, იმის გამო, რომ 2013 წელს რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა დაიძაბა, რუსებმა ქვეყანაში, ფაქტობრივად, აღარ შეგვიშვეს, ჯაშუშები ხართო და ჩვენც რუსეთს შევეშვით.

ჩემს მეგობარს, თბილისელ ებრაელ დაიანა რევუცკის ვთხოვე დამხმარებოდა ქვეყნის შერჩევაში. მან საქართველო შემომთავაზა... თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ სოციალური დახმარების სააგენტოსთან და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ბავშვების შესახებ ინფორმაცია... სასწავლო პროცესისთვის ინფრასტრუქტურა და პედაგოგები თბილისში ებრაულმა სკოლამ დაგვითმო. რაბინმა მეიერ კოზლოვსკიმ სიამოვნებით მიიღო ჩვენი ინიციატივა... მერე საპატრიარქომ გვთხოვა, მათი რეკომენდაციით შერჩეული მოზარდებიც გვენახა.

სიამოვნებით ვიხსენებ პატრიარქთან შეხვედრას. ჩვენმა ქართველმა თანმხლებმა გაიკვირვა, რას ვხედავ, ქრისტიანი პატრიარქი ებრაელ რაბინსა და ამერიკელ ბიზნესმენთან ერთად მუშაობსო. პატრიარქმაც უპასუხა, უჩვეულო არაფერია, რადგან კარგი საქმის საკეთებლად შევიკრიბეთო.

თქვენი პატრიარქი საოცარი ადამიანია. ის არა მხოლოდ ლოცულობს, ფიქრობს, ძალდატანების გარეშე როგორ გააკეთებინოს კარგი საქმე ხალხს...

შვილების განათლებაზე ფულს რომ ხარჯავთ, ხომ გაინტერესებთ შედეგი? მეც ასე ვარ. არ ვერევი საგანმანათლებლო და აღზრდის საკითხებში, ქართველებს ვანდობ, მაგრამ მუდმივად თვალს ვადევნებ შედეგს, რამდენმა ბავშვმა დაიწყო სწავლა, რამდენი მივიდა ბოლომდე. ფსიქოლოგიც გვყავს, ბავშვებს რომ არ შეეშინდეთ, უკან არ დაიხიონ, მომავლისთვის იბრძოლონ.

- ჯერ მხოლოდ თბილისის მასშტაბით მუშაობთ?

- ვაპირებთ პროგრამის გაფართოებას. ჩემი აზრით, ბავშვებს იქ უნდა დაეხმარო, სადაც დაიბადნენ, სადაც ცხოვრობენ. უკიდურესი შემთხვევის გარდა, არა ვარ მომხრე უცხოეთში გაშვილებისა. რაც უნდა კარგად აცხოვრო, მაინც ენატრებათ ის გარემო, სადაც ცხოვრობდნენ. ენობრივი ბარიერიც დიდ სტრესს იწვევს. ჩვენს გოგონებსაც ჰქონდათ ასეთი პრობლემები. ერთხელაც მათ ციმბირული ჰასკი ვუყიდე და ვუთხარი, აი, მეგობარი თქვენი ქვეყნიდან. თუ ოდესმე დაეჭვდებით, რომ მე და დედა ვერ გიგებთ, ის აუცილებლად გაგიგებთ-მეთქი. ბედნიერი იყვნენ ახალი მეგობრით. ყველა ბავშვის კარგად ყოფნა ჩემი ბედნიერებაა, მეტის და მეტის გაკეთება მინდა მათთვის. ვფიქრობ, საქართველოში ეს კარგად გამომივა, რადგან 20 წელია მსოფლიოში ვმოგზაურობ, მაგრამ ასეთი მეგობრული ხალხი არსად მინახავს.