"როგორია უყურო ორი პატარის ცხედარს... რამდენი ადამიანი უნდა ემსხვერპლოს ამ გზას, რომ მოგვხედონ?!" - კვირის პალიტრა

"როგორია უყურო ორი პატარის ცხედარს... რამდენი ადამიანი უნდა ემსხვერპლოს ამ გზას, რომ მოგვხედონ?!"

სასწრაფო დახმარების დაგვიანებაზე ლაპარაკობდნენ გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში მომხდარი ავტოკატასტროფის თვითმხილველებიც. იქ "აუდისა" და "ვაზ 24-ის" შეჯახებისას, 5 ადამიანი უმძიმესად დაშავდა, ერთი თვის ჩვილი და 40 წლის გოგიტა წოდოლაშვილი კი გარდაიცვალნენ.

ორი დღის წინ უმძიმესი ავტოავარია მოხდა სენაკი-ფოთის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ჭალადიდში, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს შეეჯახა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი ახლდა. შეჯახების შემდეგ, მანქანა ქუჩის მეორე მხარეს თხრილში ჩავარდა. ადგილზე გადაიცვალნენ 30 წლის ქალი და ბავშვები, რომელთაგან ერთი - ქალბატონის შვილი, მეორე კი მაზლის შვილი იყო...

ჩვენ დაღუპული ქალბატონის ოჯახის ახლობელს ვესაუბრეთ:

- მზიას შვილი და მაზლის შვილი ბაღში მიჰყავდა. იმ ადგილს, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, დაწყევლილს ვეძახით, რადგან უამრავი უბედურება მოხდა უკვე, უმეტესად იმიტომ, რომ გზის ეს სახიფათო ნაწილი სათანადოდ არ არის მიხედილი... კიდევ რამდენი ტრაგედია უნდა დატრიალდეს, რომ ვინმემ ყური  შეიბერტყოს. მოსაწესრიგებელია გზა, რომელსაც ბარდიურიც კი არ აქვს. მეტი რაღა უნდა მოხდეს, კიდევ რამდენი ადამიანი უნდა ემსხვერპლოს ამ გზას, რომ მოგვხედონ. პანტა-პუნტით იხოცება იმ ადგილას ხალხი, ყველას ვთხოვ მოხედონ აქაურობას...

- ქალბატონს ეს ერთი შვილი ჰყავდა?

- არა, მზიას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. უფროსები, სკოლის მოსწავლეები არიან... ეს ორი პატარა საბავშვო ბაღში მიჰყავდა - 3 და 4 წლის ქალ-ვაჟი, ორივე ადგილზე გარდაიცვალა. არ ვიცი, სიტყვებით როგორ გადმოგცეთ, რაც მათ საცოდავ ოჯახებში ხდება. ეს ბავშვები და - ძმასავით იზრდებოდნენ ოჯახში, ენატიკტიკები ყველას სიხარულს ანიჭებდნენ, როგორია უყურო ორი პატარას ცხედარს, ოჯახის წევრები გიჟებს ჰგვანან... ღმერთმა გაძლება მისცეთ... იმ მეორე პატარას მშობლები და 2 წლის და ჰყავს...

- მძღოლის მდგომარეობა მძიმე იყო...

- მძღოლი ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყავნეს, მაგრამ უმძიმეს მდგომარეობაში იყო და გარდაიცვალა. ეს არ არის პირველი შემთხვევა და თუ არაფერი შეიცვალა, არც ბოლო იქნება, სამწუხაროდ. კიდევ ერთიც, განა შეიძლება ასეთ მძიმე ვითარებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა ლამის 40 წუთით იგვიანებდეს?! ვისაც ეს შეეხება, უნდა მიხედონ ამ ამბავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გზა არ გაკეთდა არავინ იცის, კიდევ რა უბედურების მომსწრენი ვიქნებით...

პ.ს. სასწრაფო დახმარების დაგვიანებაზე ლაპარაკობდნენ გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში მომხდარი ავტოკატასტროფის თვითმხილველებიც. იქ "აუდისა" და "ვაზ 24-ის" შეჯახებისას, 5 ადამიანი უმძიმესად დაშავდა, ერთი თვის ჩვილი და 40 წლის გოგოტა წოდოლაშვილი კი გარდაიცვალნენ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)