"როცა ბრჭყალებით ხორცს მაცლიდნენ, სულის წამღებ ტკივილს ვგრძნობდი" - ზოოპარკის მომვლელი ვეფხვების თავდასხმას იხსენებს - კვირის პალიტრა

"როცა ბრჭყალებით ხორცს მაცლიდნენ, სულის წამღებ ტკივილს ვგრძნობდი" - ზოოპარკის მომვლელი ვეფხვების თავდასხმას იხსენებს

"თურმე სიკვდილთან ჩემი შეხვედრა ვნახე სიზმრად"

"ვეფხვებმა თათებით დაიჭირეს ჩემი კაბა, რომელიც საბედისწეროდ არ გაიხა. მერე დავეცი, ერთმა ხელი დამიჭირა, მეორემ ფეხში ჩამავლო ბრჭყალები და მესამე ცდილობდა სხეულით მივეთრიე გალიისკენ. მე კიდევ მეორე ხელით ვცდილობდი კედლისკენ მიხოხებას."

"დამესიზმრა, რომ ვეფხვების გალიასთან სისხლის ტბა იდგა, ვიღაც დაგლიჯეს, ვხედავდი ორ კაცს, დაშავებულს რომ დატრიალებდნენ, მაგრამ მსხვერპლი ვინ იყო, ვერ დავინახე. ეს სიზმარი ზურასაც (გურიელიძე, ზოოპარკის დირექტორი) ვუამბე. ხომ ცნობილია, რომ სამწუხაროდ, ვეფხვებთან რამდენჯერმე მიახლოება სცადეს ახალგაზრდებმა, რაც სავალალოდ დასრულდა. მეშინოდა, ჩემი სიზმარი მორიგი ახალგაზრდის დაუდევრობის მაუწყებელი არ ყოფილიყო. ამიტომაც ზოოპარკში მგონი ყველას თავი მოვაბეზრე ვედრებით, ცუდი სიზმარი ვნახე და დაცვამ ვეფხვებს მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება, ვაითუ ვიღაცამ კიდევ სცადოს მათთან გადაძრომა-მეთქი. თურმე სიკვდილთან ჩემი შეხვედრა ვნახე სიზმრად, მაგრამ საკუთარი თავი ვერ ამოვიცანი. ეს ჩემი ბედისწერა იყო."- იხსნებს გულიკო და დროდადრო იდაყვს ზემოთ მოკვეთილ მარჯვენა კიდურს, მხართან ახლოს ამოძრავებს, თან ღიმილით მეუბნება, აი, ეს კარგის ნიშანი ყოფილა, ხელი სულ არ მომიკვდა, პროთეზსაც უკეთსად ვიხმარ და ჩემს პატარებს ისევ მოვუვლიო.

გულიკო კონცელიძე-ჭიტაძე ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვეფხვებმა დაასახიჩრეს. მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და ვიცი, როგორი გაუტეხელი სულის და ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანია, მაგრამ საავადმყოფოში მონახულების დროს მისგან მოსმენილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყველას, ვინც მასთან დაღონებული მიდის, ეუბნება, რომ აღარ ღირს იმაზე დარდი, რასაც ვერ შევცვლით. ამბობს, ახალი ცხოვრება უნდა ვისწავლო მარცხენა ხელითო. ვეფხვების მიმართ აუგი არ დაცდება. მეტიც, მტკიცედ სჯერა, რომ "სულელები ეთამაშებოდნენ" და ვერც მიხვდნენ რა ჩაიდინეს. არადა, გალიის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოყვანილ ქალს მარჯვენა ხელზე, იდაყვამდე აღარ ჰქონდა ხორცი.

რა მოხდა იმ დღეს? ყველაზე მეტად ტრაგედიის დეტალები მაინტერესებდა, რადგან, ოდესღაც, როდესაც ლომმა სიმბამ, თამაშის დროს ბრჭყალით დამსერა, გულიკო მკიცხავდა, ჩემგან ნასწავლი უსაფრთხოების ზომები რატომ არ დაიცავიო. მისგან, სწორედ, როგორც უზომოდ ფრთხილი ადამიანისგან გამიკვირდა, რომ ეს უბედურება შეემთხვა, თორემ უგულისყურო და დაუდევარისგან, შესაძლოა ტრაგედიის მოლოდინიც კი მქონოდა.

მალე თბილისის ზოოპარკიდან მისი გაზრდილი თეთრი ვეფხვები უნდა წაიყვანონ. ბოკვერები სხვა ქვეყნების ზოოპარკებში დაიდებენ ბინას. გულიკო იმ დღეს თავის "პატარებთან" გამოსამშვიდობებლად მივიდა, ფოტოები გადაუღო და ოთახში მაიმუნ მარტასათან და მელაკუდა ტროასთან დაბრუნებას აპირებდა.

"ბავშვის ტირილის ხმა მომესმა. ლომების და ვეფხვების ვოლიერის ზედა მხარეს გოგონა იდგა და ტიროდა, თანმხლები კაცი, როგორც მერე გავიგე, მამა ამშვიდებდა, - სხვას გიყიდიო. ბავშვს სათამაშო გადავარდნოდა და ზედ ვეფხვების საბრძანებელის გისოსებთან დაცემულა. დავამშვიდე ბავშვი, ნუ ტირიხარ, აი, მამიკო ხომ დაგპირდა, რომ ახალს გიყიდის, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ის უფრო უმატებდა ტირილს, კაცმა, არ გაჩუმდებაო და დაბლა ჩასვლა დააპირა. ჩემი სიზმარი გამახსენდა, ვიფიქრე, რომ ჩავიდოდა თუ არა, მხეცები დაგლეჯდნენ. რას ამბობთ, იქ დამთვალიერებელთა ჩასვლა არ შეიძლება, დაცვაც არ შეგიშვებთ და ისედაც თქვენთვის სასიკვდილო საფრთხეს ნიშნავს. მოითმინეთ, მე ჩავალ და არ ვანერვიულებ გოგონას-მეთქი. სათამაშო კი არა, ოქროს ზოდები რომ ჩავარდნოდა, იმის ამოსატანადაც არ უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ მე, ვისაც სამწუხაროდ, შვილი არ მეღირსა და უზომოდ მიყვარს ბავშვები, ვერ გავწირე გოგონა დიდხანს სატირლად და დაბლა ჩავედი. სანამ ვეფხვები გალიის ქვედა კუთხედან ამოვიდოდნენ, სათამაშოს აღება მოვასწარი და მაღლა ავაგდე. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს ვერ მოვზომე და ძალიან ახლოს მომიწია ვოლიერთან ყოფნამ. ვეფხვებმა თათებით დაიჭირეს ჩემი კაბა, რომელიც საბედისწეროდ არ გაიხა. მერე დავეცი, ერთმა ხელი დამიჭირა, მეორემ ფეხში ჩამავლო ბრჭყალები და მესამე ცდილობდა სხეულით მივეთრიე გალიისკენ. მე კიდევ მეორე ხელით ვცდილობდი კედლისკენ მიხოხებას. იმ კაცმა ყვირილი ატეხა და ჩამოირბინა, ვთხოვე, არ შემოხვიდე, დათვების გალიასთან გაიქეცი, იქ ვანიკო (მარხვაშვილი ) ვეტერინარი იკითხე და მიშველის-მეთქი. მართლაც ვანიკო გიჟივით მოიჭრა, მაგრამ ჩემი ხელი ფაქტობრივად აღარ იყო. როცა ბრჭყალებით ხორცს მაცლიდნენ, საშინელ, სულის წამღებ ტკივილს ვგრძნობდი. წარმოიდგინეთ, რა მტკივნეულია თითში ხიჭვი რომ შეგესობა, მე კი ყველა თითს და მთელ ხელს მილიონობით უზარმაზარი ხიჭვით მისერავდნენ... მახსოვს, გატყავებული ჩონჩხი როგორ ავიღე მეორე ხელით და გვერდზე გადმოვაგდე. ვანიკომ მაისური გაიხადა სასწრაფოდ, გახია და ჟგუტის მაგივრად გადამიჭირა, რადგან დრო არ ითმენდა და სისხლისგან ვიცლებოდი. სიმწრისგან თითქმის დავკარგე გონი, მაგრამ ყველაფერი მესმოდა. ვერ აღვწერ როგორ მტკიოდა ხელი, რომლითაც იმ ვეფხვების დედა სალიმა გავზარდე. კიდევ კარგი, ის მიხვდა, რომ რაღაცას მიშავებდნენ მისი შვილები. მოვარდა და თათებით ცემა დაუწყო, რითაც ჩემზე ზეწოლა შეამცირა, თორემ თამაშ-თამაშით, ნაკუწ-ნაკუწ შემათრევდნენ გალიის გისოსებში.

ხმები გავრცელებულა, რომ თითქოს ჩემმა გაზრდილმა ვეფხვებმა გამიმეტეს, არ დაიჯეროთ. უფროსი თეთრი ბოკვერები უკვე დიდები არიან და უნდა ნახოთ როგორ მეფერებიან, ყელს ყელზე გადამაჭდობს ხოლმე ერთ-ერთი და ფისოსავით იტრუნება. ჩემი გაზრდილების არასდროს შემშინებია და არც დავეჭვებულვარ, რომ ოდესმე თავდასხმას განიზრახავდნენ. ცხოველები საოცრად გრძნობენ დედა-შვილურ სითბოს და ამაგს არ ივიწყებენ."

გულიკოს მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოში თავს ევლებიან, ერთი სული აქვს შინ დაბრუნდეს. შინ ზოოპარკს ნიშნავს. ცხოველების ერთგული დამცველი, რომელსაც საკუთარი შვილი არ ჰყავს, ფაქტობრივად, ზოოპარკში დასახლდა და პატარა მხეცებს ზრდის. მისთვის არ არსებობს ჯიშიანი ან უჯიშო, მტაცებელი, ან უბრალოდ გარეული ცხოველი. გულიკო ყველა ცხოველის პატარა ნაშიერს ერთნაირად უვლის. წამოსვლისას მითხრა, სულ ჩემს პატარებზე, მაიმუნებზე ევასა და მარტაზე და მელაკუდა ტროაზე ვფიქრობო. საყვარელი ძიძა რომ არ გამოჩნდა, თურმე პატარებმა საჭმელზე უარი სთქვეს. მხოლოდ გულიკოს მეუღლის მალხაზ ჭიტაძის დანახვაზე მიუსხდნენ საჭმლით სავსე ჯამებს, იმ იმედით, რომ მალხაზს გულიკოც მალე მოჰყვებოდა.

ორიოდე წლის წინ, ვეფხვებმა ვოლიერის თავზე გადმომხტარი ბიჭი რომ დაგლიჯეს, გულიკო ძალიან ნერვიულობდა. ეს რა ჰქნა იმ დალოცვილმა, თავი როგორ ჩაიგდო ასეთ საფრთხეშიო. ბიჭი საავადმყოფოში ინახულა, დაამშვიდა... შემდეგ ცრემლიანი მიყვებოდა ვეფხვებს სასწაულებრივად გადარჩენილის ამბავს. ასეთია გულიკო, კეთილი და დაუზარელი გულით. ძნელად ნახავთ ვინმეს, მასავით რომ დაგიდგეთ გვერდში.

ეკა ლომიძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ სიუჟეტი