"კოტემ განო ამ მძიმე ამბავთან გასამკლავებლად მარტო არ დატოვა..." - კვირის პალიტრა

"კოტემ განო ამ მძიმე ამბავთან გასამკლავებლად მარტო არ დატოვა..."

"მთელი 8 წელი პრობლემები არ ელეოდა, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ არასდროს ულაპარაკია. არასდროს არავინ შეუწუხებია."

"მანამდე იმ მშენებლობისთვის ის ბინა გაყიდეს, რომლშიც ცხოვრობდნენ. კოტე მას მერე 9 ადგილას, თავდაუზოგავად მუშაობდა, რომ ოჯახი ამ პრობლემებისგან ეხსნა. მოკლედ, "არქი ჯგუფის" მიერ გადაცემულ ბინის საკითხში ყველა გვეხმარებოდა."

ცოტა ხნის წინ, "არქი ჯგუფმა" უდიდესი თანადგომა ახლახან გარდაცვლილი მსახიობ კოტე თოლორდავას ოჯახის მიმართ და მეგობრების აქტიური დახმარებით, ბინა აჩუქა. ნინი დედალამაზიშვილი კოტეს მეუღლის, განო მელითაურის უახლოესი მეგობარია, რომელიც ამ მძიმე დღეებში მეგობარს გვერდიდან არ მოშორებია.

- ნინი, მოგვიყევი საიდან იღებს სათავეს თქვენი მეგობრობა ?

- მე და განო ბავშობიდან საერთო მეგობრის აგარაკზე ერთად ვისვენებდით ხოლმე და იმ პერიოდიდან ვმეგობრობთ. ჩემზე ერთი წლით უფროსია და ჩემზე სულ მზრუნველობდა. მე-9 კლასში გამოცდას რომ ვაბარებდი, სკოლაში მოვიდა და დირექტორს უთხრა, - შემომიშვით, ნინის მეგობარი ვარ, ჩემ გარეშე ვერ დაწერსო. დირექტორი გააოგნა... მათემატიკას ვაბარებდი, ძალიან სასაცილოები ვიყავით, მეგონა, თუ ჩემს ახლოს იქნებოდა, მომეხმარებოდა და გამოცდას კარგად ჩავბარებდი.

- განო მათემატიკაში უკეთესად ერკვეოდა?

- არა (იცინის), მაგრამ მაგრამ თუ ჩემ გვერდით იქნებოდა, მეგონა, რომ კარგად ჩავაბარებდი... დაახლოებით 15 წლის იყო, როცა გადაწყვიტა, ფილმი უნდა გადავიღოო. ლაპარაკი იყო მოკლემეტრაჟიან ფილმზე "ტანკა". მე მისი პროდიუსერობა გადავწყვიტე. მერე ორივე ერთად ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესთან მივედით, რომ ფილმი დაეფინანსებინა. ბატონი მამუკა იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც დაიჯერა, რომ განო ფილმის გადაღებას შეძლებდა და დააფინანსა.

- ე.ი. ბიზნესმენს, როგორც პროდიუსერი და რეჟისორი ისე წარუდექით?

- კი, 15 წლის ბავშვებმა ასე გადავწყვიტეთ. საოცარი ადამიანია ბატონი მამაუკა. გავიდა წლები და განოს ცხოვრებაში ის კიდევ გამოჩნდა, როცა ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ ოჯახს, მატერიალურად დაეხმარა... რატომღაც ისე ხდება ხოლმე, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში მხარში უდგას. არც მაშინ ველოდით, რომ დაგვაფინანსებდა, მაგრამ ისეთი ტიპები ვიყავით და ისე მოქოქილები, ისე ძალიან გვინდოდა, რომ განოს ფილმი გადაეღო.

- ბატონ მამუკასთან ვიზიტი როგორ მოახერხეთ?

- შეხვედრის ორგანიზებაში დაგვეხმარნენ, მაგრამ მან პატარა ბავშვებს სტიმული რომ მოგვცა, ეს საოცარი ფაქტი იყო. ფილმის კომპოზიტორი ნიკა მემანიშვილი გახლდათ და ნამუშევარი ანაპის ფესტივალზე იყო წარდგენილი. "ტანკა" იაპონური მინიატურული ლექსების სახეობაა და ფილმიც ამ მოტივებზე იყო შექმნილი. მოკლედ, მე და განო ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. განოს მეჯვარე და შვილის - ტასოს ნათლია ვარ.

- ცოტა ხნის წინ ცუდი ამბავი მოხდა, კოტე თოლორდავას ტრაგიკულად დაღუპვა შოკში ჩაგვაგდო ყველა. მერე კი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მათ ოჯახს ძალიან უჭირდა, ბანკის ვალი ჰქონდა, რაც მათ პატარებს უთავშესაფროდ დარჩენის საფრთხეს უქმნიდა. მაგრამ გამოჩდნენ ადამიანები, ვინც ოჯახის თანადგომა შეძლეს. ამ საქმეში მეგობრებს სერიოზული წვლილი მიგიძღვით...

- განოს და კოტეს საუკეთესო მეგობრები ჰყავთ. ბინასთან დაკავშირებით ჩემზე აქცენტი არასწორად გაკეთდა. მეგობრებმა, ეს საქმე მხოლოდ იმის გამო ითავეს, რომ კოტე ყველასთვის ასეთივე ყურადღებიანი და თბილი იყო. მთელი 8 წელი პრობლემები არ ელეოდა, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ არასდროს ულაპარაკია. არასდროს არავინ შეუწუხებია. მათი პრობლემა კი იმის გამო შეიქმნა, რომ მშენებლობა, რომელშიც თანხა ჰქონდათ შეტანილი, აღარ გაგრძელდა და ის ფული დაიკარგა. არადა, მანამდე იმ მშენებლობისთვის ის ბინა გაყიდეს, რომლშიც ცხოვრობდნენ. კოტე მას მერე 9 ადგილას, თავდაუზოგავად მუშაობდა, რომ ოჯახი ამ პრობლემებისგან ეხსნა.

მოკლედ, "არქი გჯუფის" მიერ გადაცემულ ბინის საკითხში ყველა გვეხმარებოდა. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რომ ადამიანებმა ასეთი გულისხმიერება გამოიჩინეს და ასე მიხედეს კოტეს ოჯახს.

ნამდვილად დიდი საქმე გააკეთეს და ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვით ილია წულაიასა და ქეთი არეველაძის, ასევე ნოე სულაბერძისა და ეკა ხოფერიას. ყველანი ჯარიკაცებივით იბრძოდნენ, რომ ეს ყველაფერი გამოსულიყო. ამიტომ ამ ყველაფრის გამო მადლობას მე ვერ მივიღებ. ეს იყო ჩვენი ვალდებლება... ვიმეორებ, ყველაფერი თავად კოტემ დაიმსახურა. პირადად მე კოტესგან დიდი სითბო მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ თავად უამრავი პრობლემა ჰქონდა.

- როგორ გადის დღეები უახლოესი მეგობრის გარეშე?

- სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, ეს მდგომარეობა რომ გამოვხატო. კოტეს დიდი იმედი მქონდა, თუ რაიმე გამიჭირდებოდა, უპირვეელსად მას ვეძახდი... როცა პრობლემა ჩნდებოდა, სამეგობროში პირველი ფრაზა რაც ისმოდა ეს იყო: - კოტე გვიშველის.

- ბინა როდის დასრულდება?

- ახალ ბინაში აგვისტოში უკვე გადავლენ...

- განო როგორ არის?

- მისი მდგომარეობა მოგეხსენებათ, ორსულად არის, ცდილობს ყოჩაღად იყოს. მოკლედ, კოტემ განო ამ მძიმე ამბავთან გასამკლავებლად მარტო არ დატოვა...

- კოტეს დედა ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში მოხვდა, მძიმედ იყო. ახლა როგორ არის?

- კრიტიკული პერიოდი გადალახა, მოკლედ, გამოვძვერით. ახლა უკვე შინაა. სულ ბოლოს კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ასეთი მხარდაჭერისთვის, ადამიანებმა საოცარი მხრდაჭერა გამოხატეს.

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)