ინფორმაციას ბავშვი ყველაზე კარგად თამაშის დროს ითვისებს - კვირის პალიტრა

ინფორმაციას ბავშვი ყველაზე კარგად თამაშის დროს ითვისებს

ჭავჭავაძის #7-ში, "ბიბლუსი გალერეას" პირველ სართულზე "ბიბლუსი ქიდსში" იდეალური გარემოა შექმნილი მათთვის, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ ბავშვებისთვის განათლების მიწოდება იძულების ნაცვლად, თამაშით ბევრად ეფექტურია

ნეირომეცნიერებაში ჩატარებული კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს და ვითარდება თამაშით და თამაშის დროს - თამაშისას ბავშვი ხდება ჯგუფის წევრი, სწავლობს სხვებისა და საკუთარი მოქმედებებისა და ქცევის შეფასებას. თამაში ბავშვს ურთიერთობებს, საკუთარი აზრების სწორად გამოხატვასა და დიალოგის წარმართვას ასწავლის. ყველაფერთან ერთად, თამაში ბავშვს გარკვეული შეთანხმების შედეგად დადგენილი პირობითი ნორმებისადმი დამორჩილება-დაქვემდებარებასაც აჩვევს. ნებისმიერ ინფორმაციას ბავშვი ყველაზე კარგად ითვისებს სწორედ თამაშის დროს.

ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, თანამედროვე მსოფლიოში სწავლების ყველაზე რეკომენდებულ მეთოდოლოგიად თამაში და ექსპერიმენტი ითვლება. არაერთი კვლევით დამტკიცდა, რომ ყველაზე უკეთ გვამახსოვრდება ის ინფორმაცია, რომელიც დადებით ემოციებთან ასოცირდება. და მთავარი - თამაშით სწავლა ბავშვისთვის ბუნებრივია, სახალისო და მას არ ღლის! პირიქით, ბავშვი მეტს სწავლობს და კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას ითხოვს, ამ პროცესში კი ჩვენი მთავარი ამოცანაა, პატარებს ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ - შევუქმნათ მისთვის საინტერესო გარემო.

ბავშვებისთვის მსგავსი ინტელექტუალურ-გასართობი გარემოს შექმნაში კი ჭავჭავაძის #7-ში, "ბიბლუსი გალერეას" პირველ სართულზე განთავსებული "ბიბლუსი ქიდსი" მაქსიმალურად დაგეხმარებათ - აქ მართლაც იდეალური გარემოა შექმნილი მათთვის, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ ბავშვებისთვის განათლების მიწოდება იძულების ნაცვლად, თამაშით ბევრად ეფექტურია. "ბიბლუსი ქიდსში" ბატუტი, კარუსელი, ბურთების აუზი, სასრიალო და იტალიური ბრენდის, "ჩი გუსტას" უგემრიელესი დესერტები საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურასთან არის გაერთიანებული. საბავშვო ინტელექტუალურ ცენტრს მესიჯიც შესაბამისი აქვს; "შეიმეცნე ხალისით". "ბიბლუსი ქიდსის" პირველ სართულზე სათამაშო აპარატებიცაა დამონტაჟებული, რომლებზეც ბოულინგის, ფეხბურთის, რალის, წყლის აქტივობებით თამაშია შესაძლებელი. იქვე არიან ძიძა "პოპინსები", რომლებიც  პატარების გართობასა და შემეცნებაზე მაქსიმალურად იზრუნებენ. რაც მთავარია, ბავშვები "ბიბლუსი ქიდსიდან" ცოდნით დატვირთულები წავლენ. შაბათ-კვირას კითხვის დღეები გაიმართება - მოწვეული კოსტიუმირებული ზღაპრის გმირი პატარებს საკუთარ ისტორიას თავად მოუყვება. ამასობაში მშობლებს "ბიბლუსი გალერეის" მეორე სართულზე უგემრიელესი იტალიური ყავის დაგემოვნების ან წიგნების თავისუფლად შერჩევის შესაძლებლობა ექნებათ. ამ დროს კი თქვენს შვილებს წიგნებს უკითხავენ, სათამაშოების გაკეთებასა და სხვა სასარგებლო რაღაცებს ასწავლიან, ამაზე მეტი კომფორტის შექმნა მშობლისთვის პირადად მე ვერ წარმომიდგენია.

"ბიბლუსი ქიდსი" იმუშავებს ყოველდღე, 10.00-დან 23.00 საათამდე.

ქეთი მახათაძე, "ბიბლუს ქიდსის" მენეჯერი: "სხვა საბავშვო გასართობი ცენტრებისგან "ბიბლუსი ქიდსი" რადიკალურად განსხვავდება, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვებისთვის გართობასთან ერთად ცოდნის მიწოდებაა. აქ არიან ჩვენი "პოპინსებიც" - გოგონები, რომლებიც ბავშვებს ხატვას, ძერწვას, თოჯინების გაკეთებასა და ხელსაქმეს შეასწავლიან. ბიჭებისთვის ლეგოებიც გვაქვს და მათ კონსტრუქციების აწყობაშიც დავეხმარებით.

კვირიდან კვირამდე კი გამოფენისთვის მოვემზადებით - კვირის განმავლობაში ბავშვების ნახატებს შევაგროვებთ და მათ შაბათ-კვირას გამოვფენთ. ნახატების შეძენის შესაძლებლობა კი მშობლებს სიმბოლურ ფასად, 20-50 თეთრად შეეძლებათ. დაგროვილი თანხა საქველმოქმედო ყუთში განთავსდება.

გამოფენებზე მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსაც მოვიწვევთ, რომლებსაც ნახატებისა და ნაძერწის შემქმნელები საკუთარ ნამუშევრებს თავად გადასცემენ. ამით ბავშვები სხვებზე ზრუნვის სიამოვნებას მიიღებენ, რაც თვითშეგნების ამაღლებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. გაიმართება კითხვის დღეებიც. მაგალითად, თუ შაბათი სპორტულ აქტივობებს დაეთმობა, კვირას აუცილებლად კითხვას მივუძღვნით. მოწვეული მსახიობები ბავშვებთან ერთად წიგნს შეარჩევენ, რომლის მთავარი გმირის თავგადასავალს პატარებს მსახიობი მოუყვება. ეს პატარებისთვის ცოდნის მათთვის საინტერესო კუთხით მიწოდებაში დაგვეხმარება, რათა მომავალში თავად მათ მოუნდეთ ახალი თავგადასავლის გაცნობა და არაერთი წიგნის წაკითხვა. სპორტულ დღეებში კი სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებას მოვაწყობთ, ვგეგმავთ საჭადრაკო ტურნირის გამართვასაც.

"ბიბლუსი ქიდსში" ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს - ორი წლის ასაკიდან ნებისმიერი წლოვანების ბავ-შვს საინტერესო ღონისძიებებს შევთავაზებთ. სათამაშო აპარატებზე მშობლებსაც კი შეუძლიათ გაერთონ ან პატარები "პოპინსებთან" დატოვონ და თავად წიგნების შესარჩევად წავიდნენ. ამასობაში, კვალიფიციური "პოპინსები", განათლებასთან ერთად, პატარების უსაფრთხოებაზეც იზრუნებენ".

რუსუდან შელია