"გგონიათ, ჩვენ გვეხალისება აქ ყოფნა?!" - რას პასუხობენ ქართველი ემიგრანტები ქეთი დოლიძეს - კვირის პალიტრა

"გგონიათ, ჩვენ გვეხალისება აქ ყოფნა?!" - რას პასუხობენ ქართველი ემიგრანტები ქეთი დოლიძეს

"რომ ჩამოვიდე იმისთვის, რომ ქალბატონი ქეთის თვალში გმირი გავხდე, მერე რა ვქნა?! - დედაჩემის პენსიით ვიცხოვრო?! ამაზე იფიქრეთ, ქალბატონო ქეთი, თორემ თქვენი "კუკარაჩა" ნანახი მაქვს და რასაც აქედან ვუყურებ, საქართველოში ბევრ მურტალოს დაუძველდა მეთოდები.

რეჟისორ ქეთი დოლიძის ჩანაწერს, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოქვეყნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ემიგრანტი ეწოდება ადამიანს, რომელიც თავის ქვეყანაში პოლიტიკური წყობის შეცვლის და დევნის საშიშროების გამო ტოვებს ი ძ უ ლ ე ბ ი თ თავის ქვეყანას... და არა საკუთარი ნებით. ამიტომ თავისი ნებით წასულ (რა თქმა უნდა გაჭირვების გამო) ადამიანს, არ შეიძლება ერქვას ემიგრანტი. აქ, საქართველოში ვინმე სდევნის? მიშას მომხრეები ხომ ურიცხვი ხართ უცხოეთში (?) და მითხარით, მისი მმართველობის დროს რატომ არ დაბრუნდით? არც მაშინ გდევნიდათ ვინმე. ამიტომ დაერქვას ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი. ყველა აქედან წასული ძალიან მეცოდება, მაგრამ ე მ ი გ რ ა ც ი ა ს თ ა ნ ამას საერთო არა აქვს." – დაწერა ქეთი დოლიძემ. არარეთი ჩვენი სამშობლოდან წასული ადამიანი გამოგვეხმაურა და თავის გულისტკივილი გაგვიზიარა.

ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ ქეთის და კომენტარი ვთხოვეთ:

- ჩემი სტატუსი იწყება ძალიან მოკრძალებულად და საქართველოდან წასული ადამიანებისადმი ხაზგასმული პატივისცემით. ბევრმა საინფორმაციო სააგენტომ დამახინჯებულად გაავრცელა და მინდა გითხრათ, რომ ეს სააგენტოები ძალიან ხშირად ატყუებენ საკუთარ მკითხველებს, მერე მე განმარტება გავაკეთე (მაგრამ ეს აღარ გაავრცელეს), რომ ემიგრანტები იმათ ეწოდებოდათ, ვინც იძულებით, პოლიტიკური მდგომარეობის გამო წავიდა საქართველოდან-მეთქი (20-იან წლებში, მენშევიკებთან მოვახდინე ასოცირება) და ეს ადამიანები, ვინც საკუთარი ნებით წავიდნენ, ჩემი უღრმესი პატივისცემის მიუხედავად, არ არიან ემიგრანტები. 2012 წელს მოვიარე 12 ქვეყანა, შევხვდი ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. მაშინ ჩატანილი მქონდა ჩემი სპექტაკლი "დილა მშვიდობისა, 100-დოლარიანო" და ვინც ეს სპექტაკლი ნახა, ზოგი ტიროდა, ზოგიც - იცინოდა, თუმცა ყველა ამბობდა, რომ ამ სპექტაკლის ნახვის მერე გაგვიჩნდა სურვილი ჩავაწყოთ ჩემოდანი და სახლში დავბრუნდეთო. ეს ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლადაა აღიარებული. სამწუხაროდ, ხალხი ყველაფერს განსხვავებულად იგებს და ის, რომ ერთ ადამიანს მინდოდეს ჩვენი კარგი ქართველები ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდნენ, ამაში რაა ცუდი?! თქვენ იცით რამხელა პრობლემებია ლატვიაში?! როგორც კი ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდა, მაშინვე, თითქმის ნახევარზე მეტი ლატვიელი გავიდა, ქვეყნიდან და თან რაც ყველაზე ცუდია, წასულთა უმეტესობა ახალგაზრდა იყო.

- ანუ თქვენ თვლით, რომ ჩვენ ევროკავშირისკენ აღარ უნდა ვისწრაფოდეთ?

- რა მნიშვნელობა აქვს საქართველო ევროკავშირში შევა, თუ - არა, ხალხი მაინც მიდის ქვეყნიდან. თქვენ ვერ წარმოდიგნეთ როგორ მტკივა გული. პირადად მე, ბევრი მეგობარი და ნათესავი მყავს საზღვარგარეთ, ვიცი თუ რა მდგომარეობაში არიან ისინი და როგორ ენატრებათ ჩვენი ქვეყანა. ამ ადამიანებმა ოჯახები გადაარჩინეს და პატივისცეის მეტს არაფერს იმსახურებენ. ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა ამერიკაში წასვლამდე გააჩინა შვილი, ჩვენ ვეუბნებოდით, რომ იქ გააჩინე თორემ არ გაგატანენო, მართლაც არ გაატანეს და 18 წელის სკაიპით ზრდიდა შვილს. სკაიპით უმღეროდა იავნანას, სანამ სკაიპი არ იყო ტელეფონით აკეთებდა ამას.

- რატომ მიიღო ხალხმა ძალიან ნეგატიურად თქვენი სტატუსი...

- მე ვინც მლანძღავს, უმეტესობა სააკაშვილის ფანია, რომლებიც წერენ - თქვენ მიშა გააგდეთ, თქვენ მიშას არ უშვებთ, თორემ მიშა გადაგვარჩენსო და სხვ. აი, ასეთი ხალხი მლანძღავდა. თქვე დალოცვილებო, თუ ასე გიყვარდათ სააკაშვილი, მისი მმართველობის დროს რაღას გარბოდით საქართველოდან? ან თუ წასულები იყავით, რატომ არ დაბრუნდით? დაახლოებით 40 წერილი მივიღე საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისაგან, სადაც ისინი მწერდნენ, ქალბატონო ქეთი, არ მოიშალოთ ნერვები, ბოღმა ხალხიაო და სხვ. ზოგმა ორაზროვნად გაიგო ჩემი ნათქვამი, რადგან ერთაზროვნად წაკითხვა უჭირთ.

გთავაზობთ საქართველოდან წასული ერთ-ერთი მოქალაქის დათო გელაშვილის მოსაზრებას:

- მეოთხე წელია საქართველოდან წამოვედი. ჰოლანდიაში ვცხოვრობ, შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს,, მაგრამ დღეში 7-8 საათი ვმუშაობ. ანაზღაურებას იმდენს ვიღებ, რომ ჩემ თავსაც ვინახავ და ჩემებსაც ვუგზავნი საქართველოში და მე თავს ემიგრანტად მივიჩნევ. პოლიტიკურ რეჟიმს არ გამოვქცევივარ, მაგრამ იმ სიტუაციას გამოვექეცი, როცა უმაღლეს დამთავრებულს ყველგან ნაცნობი მჭირდებოდა სამსახურის დასაწყებად. ალბათ ქალბატონ ქეთის ასეთი პრობლემა არასოდეს ჰქონია (ან იმდენად ნიჭიერია, რომ გავლენიანი ნაცნობი არ დასჭირვებია) და იმიტომ მიიჩნევს, რომ ვინც წავედით ყველა უსაქმურები ვართ. გულწრფელად ვამბობ, რომ მისი ნათქვამი ძალიან მეწყინა. მე არც მიშას ვუჭერდი მხარს და არც - ივანიშვილს, მე საქართველოს ვუჭერდი მხარს და არავის აქვს უფლება ჩემი განკითხვა დაიწყოს. გგონიათ, ჩვენ გვეხალისება აქ ყოფნა?! ზოგჯერ ისე მენატრება ჩემი სოფელი, ტირილს ვიწყებ, მაგრამ რომ ჩამოვიდე იმისთვის, რომ ქალბატონი ქეთის თვალში გმირი გავხდე, მერე რა ვქნა?! - დედაჩემის პენსიით ვიცხოვრო?! ამაზე იფიქრეთ, ქალბატონო ქეთი, თორემ თქვენი "კუკარაჩა" ნანახი მაქვს და რასაც აქედან ვუყურებ, საქართველოში ბევრ მურტალოს დაუძველდა მეთოდები.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)