"რა ბოროტი ხალხი ცხოვრობს ჩვენ ლამაზ ქვეყანაში" - კვირის პალიტრა

"რა ბოროტი ხალხი ცხოვრობს ჩვენ ლამაზ ქვეყანაში"

ცნობილი რეჟისორი რობერტ სტურუა "ფეისბუქგვერდზე" წერს:

"ისე, რა ბოროტი ხალხი ცხოვრობს ჩვენ ლამაზ ქვეყანაში.

რამ გააბოროტა?

მე რომ მკითხო ძირითადად ერთმა მიზეზმა ( თუ, რასაკვრველია ავად არა ხარ!) აი ის მიზეზიც:

შ უ რ ი.

მე ერთ საკმაოდ ნიჭიერ და ცნობილ ხელოვანს ვიცნობდი, რომელსაც, ეზოში ფეხბურთს კარგად თუ თამაშობდა მეზობლის ბიჭი, იმისაც კი შურდა და ვალიდოლს აკანკალებული იდებდა ათრთოლებული ენის ქვეშ.

ვაი ამ პატარა ბიჭის დედას და მამას - ცხოვრებას გაუმწარებდა, ანონიმურ წერილებს გაგზავნიდა სადაც საჭიროა (კიდევ ერთი სიყვარულის საგანი, რასაც მაგრა დავეწაფეთ ქართველები) არ დამშვიდებოდა, სანამ უბედურ მამას სამსახურიდან არ დაითხოვდნენ, სიმშვიდე და ბედნიერება მაშინ უბრუნდებოდა, როცა გაუბედურებულ, გამათხოვრებულ ოჯახს ხედავდა.

აბა, წარმოიდგინეთ, რა დაგემართება, როცა სამოსანი ხარ, მაგრამ გეძლევა უფლება, შენზე ნიჭიერი ადამიანს მოუსპო სიცოცხლე... ანუ, სახელმწიფო მოხელეს, სამინისტროს განყოფილება რომ გაბარია, ან ცეკას (დიახ "ცეკას" - უბრალოდ, სახელი შეუცვალეს - "პრეზიდენტი"-ო, დაიჩემეს თავისუფალმა ქართველებმა: სამი ცეკას მდივანი გვყავდა მას შემდეგ - რაც თავისუფლება გვიბოძეს დათვებმა) ჰოდა, ცეკას ინსტრუქტორის სურვილზეა დამოკიდებული შენი ბედი, მაგრამ თუ მასზე უნიჭო ხარ, დაგეხმარება, ზედ გადაგყვება: აგერ, ამბობენ, რომელიღაც თეატრის რეჟისორს 300 000 ლარს აძლევენ "აჩუ-ბაჩი"-ს ხორცშესხმაში... ჩვენ კი უდიდესი პოეტის პოემის დადგმისთვის (თანაც ნაკლებ თანხას ვთხოვთ) ათ წელზე მეტია გვესმის : გვიჭირს, უნდა გაგვიგოთ, ბატონებო, სხვა თერატრებისაც უნდა მივხედოთო!

და შერცხვენილი და კუდამოძუებული ვბრუნდებით შინ.

შურზე მინდოდა დამეწერა პატარა ესსე, - ჩემი შურის მიზეზი კი გაგანდეთ... ფეხები მტკივა, ვეღარ დავდივარ და შემეშინდა...

ახლა ვიღაც ჩამწიხლავს კომენტში:

"ჰოდა დროზე ჩაძაღლდიო!"

გამოგიტყდებით, უცნაურია, მაგრამ ასეთი შეძახილები რატომღაც მშველის.

გავივლი!

"სანამ ცოცხალი ხარ, არ გაბედო სიკვდილი."