თბილისში კიდევ ერთ ვეფხვს ეძებენ... მტაცებელმა ერთი ადამიანი უკვე მოკლა - ვინ არის დამნაშავე?! - კვირის პალიტრა

თბილისში კიდევ ერთ ვეფხვს ეძებენ... მტაცებელმა ერთი ადამიანი უკვე მოკლა - ვინ არის დამნაშავე?!

"ვეფხვმა ჩვენი მეგობარი დაგლიჯა... თავზე აზის, ვერ შევდივართ, ვერ ვუშველეთ, რას გადარჩებოდა? სად არის სამაშველო სამსახური, სად?"

"კიდევ ერთ ვეფხვს ვეძებთ. ერთი ვეფხვის ლეში არ არის აღრიცხული", - ამის შესახებ თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ბიძინა გიორგობიანმა "ლიბერალს" განუცხადა. ეს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურში შევამოწმეთ, დაგვიდასტურეს, რომ ვეფხვს მართლაც ეძებენ. ჩვენი საუბრის მომენტში ჯგუფი ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ იყო გასული და იქიდან შემოსულ შეტყობინებას ამოწმებდა. რა გამოდის, ხელისუფლებამ საზოგადოებას ისე აუწყა ინფორმაცია, რომ მტაცებლებს აღარ ეძებდნენ, რომ სულ ცოტა ერთი და შეიძლება მეტი მტაცებელი ნაპოვნი არ ჰყავდათ?! შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ლაგუნა ვერესთან ვეფხვი ადამიანს დაესხა თავს და მოკლა.

"ეს არის აღმაშფოთებელი, საზარელი ფაქტი. 2 დღის წინ, დღის ბოლოს საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობდა. მომზადებულ ანგარიშში მე ვთქვი, გავიმეორე ის ინფორმაცია, რომელიც მომაწოდა საგანგებო შტაბმა, თავის მხრივ, საგანგებო შტაბი კი დაეყრდნო ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ მტაცებელი ცხოველები ქალაქში აღარ იმყოფბეოდნენ და რომ მოსახლეობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან შეწუხებული ვარ და მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო", - განაცხდა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა. სამწუხაროდ, ეს ბოდიში ვერ გააცოცხლებს 43 წლის ოთარ ცუხიშვილს, რომელიც ვეფხვმა იმსხევრპლა. თანამშრომელთა თქმით, ოთარ ცუხიშვილი პერიოდულად მიდიოდა აღნიშნულ საწყობებში, სადაც ტრაგედია დატრიალდა და გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა. მათი თქმითვე, ცუხიშვილის მეუღლე თურქეთში სამუშაოდაა წასული.

დილიდან კი პროცესები ასე ვითარდებოდა:

2015 წელი. 17 ივნისი. დილიდანვე გმირთა მოედანზე სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი. თითქოს ყველაფერი რიგზე  იყო, სტიქიის შედეგად განადგურებული ზოოპარკის ტერიტორიის გაწმენდა გრძელდებოდა. ყველა თავის საქმეს აკეთებს. მოულოდნელად, საგანგებო შტაბში მოვიდა ინფორმაცია, რომ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე დახოცილი ცხოველები იპოვნეს. საგანგებო სამსახურის ბრიგადა ადგილზე გავიდა, ჟურნალისტებიც გავყევით. ადგილზე მისულები საშინელი ტრაგედიის მოწმენი გავხდით; ისმის ადამიანების განწირული ყვირილი - "ვეფხვმა ჩვენი მეგობარი დაგლიჯა... თავზე აზის, ვერ შევდივართ, ვერ ვუშველეთ, რას გადარჩებოდა? სად არის სამაშველო სამსახური, სად?"

ნანახ-გაგონილს ჯერ ვერ ვიჯერებდი, რადგან ჯერ კიდევ გუშინ, სახელმწიფო უწყებებისგან შემდგარი საგანგებო საბჭომ მოსახლეობა დაამშვიდა, რომ ზოოპარკის მტაცებელი ცხოველები, უკლებლივ ყველა, დაჭერილია და საფრთხე არ არსებობსო. ალბინოსმა ვეფხვმა 43 წლის ოთარ ცუხიშვილი დაგლიჯა, დანარჩენებმა კი თავს გაქცევით უშველეს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა - არსებობდა თუ არა ინფორმაცია დაკარგული მტაცებლის შესახებ და შესაბამისმა უწყებებემა პრევენციის რაიმე ზომები მიიღეს თუ - არა? სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის განცახდებით, ისინი ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციას ეყრდნობოდნენ, რომლის თანახმად, ყველა დაკარგული მტაცებელი დაჭერილი ან მკვდარი იყო. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოოპარკის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ გუშინ ერთ ვეფხვს, ერთი დათვს და აფთარს ეძებდა. ამას ადასტურებს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც 16 ივნისით თარიღდება. დაუჯერებელია, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია დაკარგული მტაცებლების შესახებ, მაგრამ პრევენციული ღონისძიებები არ გაატარა... ვეფხვი, რომელიც ადამიანს დაესხა თავს, ლიკვიდირებულია, თუმცა...

ჩვენთან საუბარში "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე არსებული საწყობების მფლობელები და თანამშრომლები აღშფოთებას არ მალავდნენ და ამბობდნენ, რომ შესაბამის სამსახურებს სამი დღის განმავლობაში სთხოვდნენ ამ ტერიტორიის შემოწმებას.

"სამი დღე ვიხვეწებოდით, რომ აქაურობისთვის მოეხედათ. კაციშვილი არაა პატრონი, ყველა მხოლოდ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზეა. თქვენც ხედავთ, ეს უზარმაზარი ტერიტორიაა, სადაც სხვადასხვა კომპანიებს ჩვენ-ჩვენი საწყობები გვაქვს. როცა წყალი მოვარდა, სარდაფები დატბორა. 13 ივნისის მერე მერიას ვეხვეწებით, რომ მოვიდნენ და ეს წყალი ამოტუმბონ. ამ ტერიტორიას ყველა მხრიდან გასასვლელი აქვს. ამიტომ, გაქცეულ ცხოველს აქ შემოსვლა და თავის შეფარება არ გაუჭირდებოდათ. ვამბობდით, რომ აქ შეიძლება ცხოველები ყოფილიყვნენ, მეტიც ნახეს ვეფხვიც, ამის შესახებ გავაფრთხილეთ კიდეც. როგორც ჩანს, ვეფხვი საწყობში იმალებოდა. დღეს კი მუშები რომ შევიდნენ, პირველი ვინც შევიდა იმას ეცა. წარმოიდგინეთ, სამი დღის მშიერი, აგრესიული ვეფხვი რას უზამდა? ეს ადამიანი სხვების უპასუხისმგებლობას შეეწირა. ყველა ახლა მოცვივდა, როცა კაცი ცოცხალი აღარ არის. მანამდე რომ ვიხვეწებოდით სად იყვნენ? ხომ იცოდნენ, რომ მტაცებელი ცხოველი გარეთ იყო, სხვა თუ არაფერი ეს ადგილი ზედაპირულად მაინც ხომ უნდა შეემოწმებინათ?! სად არის პრემიერი, რომ იძახის სიტუაციას ვაკონტროლებთო? ესაა სიტუაციის კონტოლი? ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს," - ამბობს ერთ-ერთი კომპანიის მფლობელი, რომელმაც ვინაობის დასახელებაზე უარი გვითხრა.

თუმცა, 112-ში ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს. როგორც უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ლაგუნას" მიმდებარე ტერიტორიაზე მუშებმა ვეფხვი შენიშნეს, მათთან არ შესულა: "ეს ინფორმაცია ჩვენთან არ შემოსულა. არ ვადასტურებთ," - გვითხრეს 112-ში.

საგულისხმოა ისიც, რომ შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მოვიდნენ სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურები. კიდევ უფრო გვიან გამოჩნდა სპეცრაზმი.

მოგვიანებით, შემთხვევის ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გამოცხადდნენ. შეკითხვაზე, იცოდნენ თუ არა, რომ მტაცებელი ცხოველი გარეთ იყო და მიიღეს თუ არა რაიმე სახის პრევენციული ზომები, სამივე უწყების ხელმღძვანელს ანალოგიური პასუხი აქვს, რომ ისინი ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციას ეყრდნობოდნენ, რომლის თანახმად, ყველა მტაცებელი ნაპოვნი იყო.

შს მინისტრი ვახტანგ გომელაურის თქმით, ყველა სარდაფის შემოწმებას ვერ დაიწყებენ: "ჩვენი ინფორმაციით, გარეთ არცერთი მტაცებელი ცხოველი აღარ უნდა იყოს. ჩვენ გუშინაც ვაცხადებდით, რომ აღარ უნდა ყოფილიყო. თუმცა, აღმოჩნდა. ხვალ რა აღმოჩნდება და როგორ დაითვალა ზოოპარკის ადმინისტრაციამ ცხოველები, ამაზე პასუხს ვერ ვაგებთ. ყველა სარდაფს ვერ შევამოწმებთ." - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სრულიად გაგებარია ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის კომენტარი, რომელიც "რუსთავი 2" - განუცხადა: "დღეს დილით გადავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ ერთი ვეფხვი გვაკლდა. გვეგონა ლაფში იყო ჩაფლული, აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო."

რას ნიშნავს, რომ გადათავლეს და უცებ აღოაჩინეს?! თუმცა როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, - "ზოოპარკის დირექტორი ხელისუფლება არ არის!" დიახ, ის არ არის ხელისუფლება და საბოლოოდ პასუხისმგებლობა სწორედ იმათ ეკისრებათ, ვინც ხელისუფლებაშია.

დადგება თუ არა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი? როგორც შემთხვევის ადგილზე მოსულმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, კონრკეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. თუმცა, კონკრეტულად ვისი, ჯერ უცნობია.

ფაქტია, რომ დღევანდელი ტრაგედია სახელმწიფო უწყებების არაკოორდინირებული მუშაობის ბრალია. როგორც ჩანს, 13 ივნისს დაწყებული უბედურების ჯაჭვი არ დასრულებულა. თავის დროზე, შესაბამის სამსახურებს ზოოპარკის მიმდებარე პერიმეტრი, რომ შეემოწმებინათ, შესაძლოა ეს ფატალური შედეგი თავიდან აგვეცილებინა. მტაცებელზე რომ არაფერი ვთქვათ, სამი დღეა, რაც იქაურობა დატბორილია, თუმცა, გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე არ მიმდინარეობს.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, პრევენციის მიზნით, საგანგებო სამსახური ყველა მიტოვებულ შენობებს ათვალიერებს.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)

წაიკითხეთ ასევე: "თვალებიდან არ ამომდის, როგორ ეჯდა ადამიანს ვეფხვი ზედ... ვინ გასცემს დაღუპულის ცოლ-შვილს პასუხს?!"