რაში ადანაშაულებს ზოოპარკის ადმინისტრაციას პრემიერის ცოლისძმა და რას ამბობს ზურაბ გურიელიძე?! - კვირის პალიტრა

რაში ადანაშაულებს ზოოპარკის ადმინისტრაციას პრემიერის ცოლისძმა და რას ამბობს ზურაბ გურიელიძე?!

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა, დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი "ფეისბუქგვერდზე" წერს:

"საშინელებაა!!!

მოატყუო შენი მოქალაქეები, გაწირო ადამიანები იმის გამო, რომ ცხოველი არ მოეკლათ - ეს ავადმყოფობაა უკვე!!! ცხოველების სიყვარულმა ცხოველად არ უნდა გაქციოთ!"

თუმცა გამოძიების გარეშე, ხელაღებით ვიღაცის დადანაშაულება დაუშვებელია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე დღეს მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

როგორც ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ საღამოს მონაცემებით საფრთხე აღარ არსებობდა. "ყველა ინფორმაციით, რაც გუშინ საღამოს გვქონდა, ეს საფრთხე აღარ არსებობდა. ამის მიუხედვად შსს პატრულირებდა ტერიტორიებზე, მაგრამ შიგნით შენობებში ძებნა არ ხორციელდებოდა. ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია, ჩემი შეტყობინების შემდეგ ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია", - განაცხადა გურიელიძემ.

მისივე თქმით, ეძებენ კიდევ ერთ პატარა ვეფხვს და აფთარს. "აფთარი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის და გაურკვეველია სად იმყოფება პატარა ვეფხვი და აფთარი", - განაცხადა გურიელიძემ.

მისივე თქმით, მას ჰქონდა შეხვედრები პოლიციის წარმომადგენლებთანაც, რაზეც გურიელიძის ინფორმაციით, დღეს მომხდართან დაკავშირებით ისაუბრა.

შეგახსენებთ, დღეს მტაცებელმა ცხოველმა ადამიანი იმსხვერპლა.

წაიკითხეთ ასევე: "თვალებიდან არ ამომდის, როგორ ეჯდა ადამიანს ვეფხვი ზედ... ვინ გასცემს დაღუპულის ცოლ-შვილს პასუხს?!"