"მივიღე კახიდან წამოსვლის გადაწყვეტილება" - ვინ და რატომ აძევებს ქართველ მღვდელმსახურს აზერბაიჯანიდან?! - კვირის პალიტრა

"მივიღე კახიდან წამოსვლის გადაწყვეტილება" - ვინ და რატომ აძევებს ქართველ მღვდელმსახურს აზერბაიჯანიდან?!

"სამწუხაროდ, ოთხი წლის განმავლობაში არასოდეს მიგრძვნია მხარდაჭერა სახელმწიფო სტრუქტურებისგან, ყოველთვის ხდებოდა და ხდება აზერბაიჯანული მხარის დაუსრულებელ მოთხოვნათა მხარდაჭერა"

"რა მოხდებოდა მაშინ, მსგავსი რამ ქართულ მხარეს რომ გაეკეთებინა?! მაშინ მთელი ევროპა და საერთოდ ყველა შეშფოთდებოდა ალბათ."

"კვირის პალიტრა" ამ ცოტა ხნის წინ წერდა აზერბაიჯანში, კახის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერზე, რომლის წინამძღვარიც, არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი აცხადებდა, რომ დიდი გადასახადის გამო, ეკლესიას ელექტროენრგიის ჩაჭრა ემუქრებოდა (იხილეთ სტატია: "ეკლესიას არ აქვს ამხელა გადასახდის გადახდის საშუალება" - კახის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერს შეიძლება ელექტროენერგია გაუთიშონ). იმჟამად მამა დემეტრეს ზერაბიჯანში დავუკავშირდით და დეტალები ისე გავარკვიეთ, ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, რაც "ინტერპრესნიუსს" მამა დემეტრემაც დაუდასტურა.

"როდესაც საზღვარზე მივედი, პასპორტში ბეჭედი ჩაარტყეს, მერე პასპორტი საეჭვოდ ატრიალეს, გამოიძახეს მეორე მებაჟე, საბაჟოს უფროსი. შემდეგ ამ ბეჭედს დაარტყეს რაღაც, რაც ნიშნავს ბეჭდის გაუქმებას. როდესაც მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, რომ შავ სიაში ვიყავი შეყვანილი და ბრძანებაა, რომ აზერბაიჯანში არ შევეშვი."- განაცხადა მამა დემეტრემ. არქიმანდრიტი 4 წელია აზერბაიჯანში ცხოვრობს და მსახურობს და აქამდე ადგილობრივ მთავრობასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

მამა დემეტრემ სულ ახალახან გამაოქვეყნა ჩანაწერი "ფესიბუქგვერდზე:"

" მივიღე კახიდან წამოსვლის გადაწყვეტილება, ვინაიდან არავინ იღებს პასუხისმგებლობას ჩემს უსაფრთხოებაზე, აზერბაიჯანის მოქალაქეობა არ არის გარანტი უსაფრთხოების, პირიქით ეს არის შევიწროების, უკიდურესად შეზღუდვის და ასე.... ვითხოვდით გამონაკლისის სახით ორმაგ მოქალაქეობას.

1.უსაფრთხოების მიზნით საქართველოს მოქალაქეობას;

2. მე ყველაფერი მაქვს საქართველოში.

რომ იყოს უსაფრთხო ქვეყანა არაა პრობლემა, ასე შორიდან საუბარი და ცივი განცხადება საგარეოს მხრიდან ,რომლის პასუხსაც გუშინ მთელი დღე ველოდი და არ დამირეკეს. გაცხადებაში კი დაწერეს რომ თურმე რაღაც ვადა მოუციათ, მივიღებ აზერბაიჯანის მოქალაქეობას და ასე... ეს არის მტკნარი სიცრუე.... ხორნაბუჯელ ეპისკოპოს დიმიტრის ვაცნობე რომ მოძებნოს სასულიერო პირი, ვინც გაბედავს მიიღოს აზერბაიჯანის მოქალაქეობა და გააგრძელებს მსახურებას. სამწუხაროდ, ოთხი წლის განმავლობაში არასოდეს მიგრძვნია მხარდაჭერა სახელმწიფო სტრუქტურებისგან, ყოველთვის ხდებოდა და ხდება აზერბაიჯანული მხარის დაუსრულებელ მოთხოვნათა მხარდაჭერა, მართალია მათი სასულიერო პირები მსახურებენ საქართველოში და ისინი არიან საქართველოს მოქალაქენი, მაგრამ მსახურებაში არასოდეს შეშლიათ ხელი, ასევე რუსეთის ეპარქიის მღვდელმსახურნი არიან დაბადებულნი აზერბაიჯანში და შესაბამისად, მოქალაქენიც არიან ამ ქვეყნის, თუ ვინმე რუსეთიდანაა, ისინი ორმაგი მოქალაქენი არია. რატომღაც, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე უნდა გახდეს აზერბაიჯანის მოქალაქე, რათა როგორც მათ სურთ ისე მოგექცნენ, ზურგს და მხარდაჭერას ვერ მიიღებ საქართველოდან და იძულებული გახდები დაჰყვე მათ ნებას. მე ვითხოვ დამეხმაროს საელჩო ჩემი ნივთების წამოღებაში. 21ივნისის მოვლენებმა ცხადყო არსებული მდგომარეობის სიმძიმე."

კახი გიგაური, ჰერეთში ქართველების პრობლემებზე მომუშავე საინიციატივი ჯგუფის წევრი:

- 21 ივნისს კახში, ჰერეთში მოღვაწე სასულიერო პირი, არქიმანდრიტი დემეტრე საზღვარზე არ გადაუშვეს, როგორც მას საზღვარზე განუცხადეს ის შავ სიაშია მოხვედრილი. მამაომ ვერ შეძლო ჰერეთში დაბრუნება, ის დიდი ხანია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობს და მოღვაწეობს, მაგრამ ამჯერად არ მიეცა საშუალება უკან დაბრუნებულიყო, ჩემი აზრით, ეს დაუშვებელია, მით უმეტეს მაშინ, როცა ქართულ მხარეს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან, უამრავი აზერბაიჯანის მოქალაქეა საქართველოში და მათ არ ექმნებათ მსგავსი პრობლემები. როგორც ჩანს, ეს მეგობრული ურთიერთობა ცალმხრივია.

ჰერეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული კუთხე, სადაც სასულიერო პირის ყოფნა აუცილებელია იქ მცხოვრები ქართველებისთის. მამა დემეტრე კი იქ ცხოვრობს და მოღვაწეობს. რა მოხდებოდა მაშინ მსგავსი რამ ქართულ მხარეს რომ გაეკეთებინა?! მაშინ მთელი ევროპა და საერთოდ ყველა შეშფოთდებოდა ალბათ. მაშინ როდესაც საქართველო მაქსიმალურ ტოლერანტობას იჩენს მეზობელი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, აუცილებელია ჩვენს მოქალაქეებსაც მისცენ შესაძლებლობა გააგრძელონ მოღვაწეობა.

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საიდანაც ოფიციალური წერილით აი, რა გვიპასუხეს:

"გაცნობეთ, რომ ა.წ. 21 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მოქმედი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს მამა დემეტრეს (ერისკაცობაში ლევან თეთრუაშვილი) საქართველოდან აზერბაიჯანში დაბრუნებისას ("ლაგოდეხი-ბელაქანის" სასაზღვრო–გამშვები პუნქტი), აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა არ მისცა ქვეყანაში შესვლის უფლება. საელჩოსთვის ცნობილი გახდა აღნიშნული საკითხის შესახებ, ოპერატიულ რეჟიმში დაუკავშიდა აზერბაიჯანის შესაბამის სტუქრტურებს როგორც აზერბაიჯანული მხარე განმარტავს, ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილია მკაცრი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ღვთისმსახურების უფლება აქვთ მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეებს და სწორედ ეს გახლდათ საქართველოს მოქალაქე მღვდელმსახურის ქვეყნის ტერიტორიაზე დაუშვებლობის მიზეზი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან არსებობს მზაობა აღნიშნული ეკლესიის წინამძღვარმა მიიღოს აზერბაიჯანის მოქალაქეობა და მისი საქმიანობა ქვეყნის ტერიტორიაზე მოექცეს ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებში, რათა წმინდა გიორგის ეკლესია, არ დარჩეს მოძღვრის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე, აზერბაიჯანული მხარე გამონაკლისს უშვებდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, ხოლო სხვა დანარჩენი კონფესიების რელიგიური მოღვაწენი არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები. ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე, 2015 წლის 1 ივნისამდე აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენჯერმე გადადო ქართული მხარისთვის ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნის შესრულება. დადგენილი ვადის ამოწურვის შემდგომ კი აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, რათა ქართველმა სასულიერო პირმა შეძლოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ღვთისმსახურება აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად."

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)