"სიახLOVE" - ის მე, ჩემი სულიდან, ტვინიდან და სისხლიდან გავაჩინე" - რისი ძეგლის დადგმას ითხოვს დავით დეფი? - კვირის პალიტრა

"სიახLOVE" - ის მე, ჩემი სულიდან, ტვინიდან და სისხლიდან გავაჩინე" - რისი ძეგლის დადგმას ითხოვს დავით დეფი?

"მსგავსი სიტყვა ჯერ არავის შეუქმნია"

"ჩვენი ხელისუფლება ამის ნებას ვერ გამოიჩენს, არა და სწორედ მათ, რომ თავზე ამ სიტყვის დადგმის პასუხისმგებლობა აიღონ, ძალიან მაგარი იქნება. მერე რა, რომ მე მათი ამომრჩეველი არ ვარ და ხშირად ვაკრიტიკებ, ეს არაფერია ამ სიტყვის უკეთილშობილეს იდეასთან."

ამ ცოტა ხნის წინ პოეტმა დავით დეფიმ "ფეისბუქგვერდზე" ერთი საინტერესო იდეის შესახებ დაწერა, მისი თქმით, კარგი იქნება თუ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში დადგამენ სიტყვის "სიახLOVE" ძეგლებს. ინიციატივას გამოხმაურებაც მოჰყვა.

დავით დეფი:

- სიტყვა "სიახLOVE" ამ ფორმით 2010 წელს შევქმენი და მისი პრეზენტაცია წიგნის სახლში გავმართე. ეს სიტყვა ჩემი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის. ვფიქრობ ამ ერთ სიტყვაში, სწორედ ასეთი ფორმით დაწერილ სიტყვაში ყველაფერია ნათქვამი, საერთოდ ყველაფერი რისი თქმაც შეიძლება და რაც ყველაზე მთავარია - თავისუფლება, პასუხისმგებლობა და სიყვარული. ეს ერთი სიტყვაა პოეზია.

- როგორ გაჩნდა ძეგლის დადგმის იდეა?

- ამ სიტყვის ძეგლად დადგმა დიდი ხანია მინდა. 2010 წლიდან, ანუ სიტყვის გაჩენის დღიდან ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად უნდა დაიდგას საქართველოში და თანაც სამ ან მეტ ადგილას: ენგურის ხიდთან, ბათუმის პორტში, სვანეთში მთაზე, თბილისში მთაზე ან მოედანზე, კახეთში და რა თქმა უნდა, გორში. ეს სიტყვა მთელი თავისი არსით თავისუფლებას და ცხოვრების კეთილშობილურ მისწრაფებას, უზუსტესად გამოხატავს. მსგავსი სიტყვა ჯერ არავის შეუქმნია, დიახ, ის მე, ჩემი სულიდან, ტვინიდან და სისხლიდან გავაჩინე და მინდა, მთელს მსოფლიოს მოედოს.

- რატომ უნდა დაიდგას სიტყვის ძეგლი?

- რადგან გლობალურია და რადგან ეს გზავნილი უკვე მარტო ჩემი აღარაა, ის მთელს მსოფლიოს ეკუთვნის. ასეთი რამ, ერთ სიტყვაში ჩატეული ასეთი მაგარი გზავნილი, ამ ფორმით დაწერილი მსოფლიოს არც ერთ ენაზე არ არსებობს, მხოლოდ ქართულად და ლათინურად (ამ შემთხვევაში ინგლისურად) გამოდის ასე და უზუსტესად გამოხატავს ჩვენი უნიკალური საქართველოს და მთელი კულტივირებული, თავისუფალი მსოფლიოს ერთობას. თანაც სიყვარულით. წარმოიდგინეთ, რა იქნება, განათებული და დიდი, უშველებელი (ან გნებავთ ზოგ ადგილას საშუალო ზომის) ასოებით შედგენილი სიტყვა - ქანდაკება, რომ დაიდგას ენგურის ხიდთან, ბათუმის პორტსა ან მოედანზე ან სარფის საზღვართან, მთაზე სვანეთში ან თბილისში. სიტყვა სიახLOVE ხიდია ცნობიერებებს, კულტურებს და ისტორიებს შორის. ეს სიტყვა საქართველოს და მთლიანი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ერთობაა და თანაც ასე უნიკალურად შექმნილი.

- უკვე შეარჩიეთ დიაზანი ან ადამიანი, ვინც ამ ძეგლზე იმუშავებს?

- დიზანიზეც ვფიქრობ, ამისთვის საჭიროა ულტრათანამედროვე არქიტექტორული გადაწყვეტა და უკვე ამის გამკეთებლებიც, სავარაუდოდ, მოფიქრებული მყავს, მაგრამ ეს ყოველივე დიდ ფულთანაა დაკავშირებული და ჯერ არ ვიცი რა და როგორ მოხდება.

- გაქვთ ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი?

- ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი არ მაქვს. ჩვენი ხელისუფლება ამის ნებას ვერ გამოიჩენს, არა და სწორედ მათ, რომ თავზე ამ სიტყვის დადგმის პასუხისმგებლობა აიღონ, ძალიან მაგარი იქნება. მერე რა, რომ მე მათი ამომრჩეველი არ ვარ და ხშირად ვაკრიტიკებ, ეს არაფერია ამ სიტყვის უკეთილშობილეს იდეასთან. ეს არ არის ჩემი ძეგლი, ეს მთლიანად საქართველოს სიტყვიერი ძეგლია, სწორედ იმ საქართვლოს ძეგლი, რომელსაც მე ჩემს პოეზიაში ვადიდებ და თაყვანს ვცემ.

- მინდა, გკითხოთ ცოტა ხნის წინ მომხდარ ტრაგედიაზეც, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა...

- საშინლად ტრაგიკული რამ მოხდა. ქართველებს ინსტინქტურად გვესმის გლობალური საშიშროებაც და გლობალური კეთილდღეობაც. ასეთი რამ ადრეც არა ერთხელ მომხდარა და ყოველ ჯერზე საქართველოს მოქალაქეები, ყოველი ახალი თაობა ერთად აკეთებდა საქმეს... მაგრამ შემდეგ რაღაც ხდება და დიდი ხანი ჩვენი ერთობა ვეღარ ძლებს. აი ეს "რაღაც" არის სწორედ ამპარტავნობა, რაც ჰედონიზმთან ერთად გვემართება და იმ საოცარ წამებს გვავიწყებს, როცა ერთნი ვიყავით, ერთი იდეით ატაცებულნი.

- თქვენც გასული იყავით მოხალისედ, რატომ გადაწყვიტეთ ამის გაკეთება?

- ასეთია ჩემი არჩევანი, მოვალეობა და სინდისი. ვნახე ასობით ადამიანი, დიდი და პატარა, ქალიც და კაციც, ვინც შრომობდა და არაფერს ითხოვდა სანაცვლოდ. 1921 წელსაც ასეთი თაობა იცავდა ქვეყნის თავისუფლებას. ზუსტად ამხელები და ზუსტად ასეთები, კიდევ 1989, 2003 წელსაც და 2008 წლებშიც. მათ მე ცნობიერების ვარსკვლავებს ვუწოდებ. ჩემთვის არსებობს ერთი მთლიანი კულტივირებული ცივილიზაცია, ყველა ასეთი მანათობელი ვარსკვლავით სავსე და არსებობს არაკულტივირებული ბნელი ცივილიზაცია, ცინიზმითა და ღვარძლით სავსე. მისი შემადგენლებიც ასევე ყველა თაობაში არიან. ჩემს გვერდით მუშაობდა და ქვეყანას იცავდა სკოლის მოწაფეც, მოზარდიც, აბიტურიენტიც, სტუდენტიც, ჩემი ასაკისაც, ჩემზე უფროსიც, რიგითი პენსიონერიც და ღრმად მოხუცებულიც. გოგოც, ბიჭიც, ქალიც, კაციც, პაპაც, ბებოც, ყველა. თანაც ყოველთვის. ყოველ ჯერზე. ახლაც ასეა. ამიტომ, როცა ვამბობთ ეს რა თაობაა, ცუდი თუ კარგი, უვიცი თუ გონიერი, აბსოლუტურად უსაგნო ლაპარაკია. რადგან სულ ახლახანს მომხდარ 17 მაისს და 14 ივნისს თუ ერთმანეთს შევადარებთ, ორი სამყაროს, ორი ცივილიზაციის ბრძოლას დავინახავთ - კულტივირებულის და არაკულტივირებულის, განვითარებულის და ღრმად განუვითარებელის. სადაც, რა თქმა უნდა, 14 ივნისის ერთობა გაიმარჯვებს. ჩემთვის არსებობს ერთი თაობა - იდეალური ასაკის თაობა. განათლებისა და თანაგრძნობის, გმირებისა და ვარსკვლავების, გენიოსების თაობა და ყველა ასეთი ადამიანი, თავისი ქვეყნის, თავისი საზოგადოების, საცხოვრებელი სივრცის, დროის, ასაკის თუ წარმომავლობის მიუხედავად ერთიანია ასეთ თაობაში. ინდივიდუალიზმია თაობა და არა ქრონოლოგია. სხვა ყველაფერი არის Bullshit. მე ინდივიდუალისტი ვარ. მადლობა ყველა ვარსკვლავს, ვინც საქართველოს და მთლიან სამყაროს გზას უნათებს.

ლადო გოგოლაძე(სპეციალურად საიტისთვის)