“თბილისის აეროპორტისთვის “სოხუმი” უნდა გვეწოდებინა” - კვირის პალიტრა

“თბილისის აეროპორტისთვის “სოხუმი” უნდა გვეწოდებინა”

ასევე კარგი იქნებოდა, რომ აეროპორტი ყოფილიყო: "საქართველოს პირველი რესპუბლიკის" სახელობის, რადგანაც პირველი რესპუბლიკა ქართული ცნობიერებიდან დიდწილად ამოშლილია

დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მისასალმებელია. თუმცა მაგალითად, ისტორიკოს ბექა კობახიძის აზრით, სხვა გადაწყვეტილების მიღებაც იყო შესაძლებელი:

-  აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი. უცხოელს სახელმწიფოზე პირველი წარმოდგენა სწორედ აეროპორტიდან ექმნება.  შესაბამისად,   საშუალება გვეძლევა ჩვენი კულტურის, ისტორიის ექსპორტი მოვახდინოთ აეროპორტის სახელის მეშვეობით. თუ საქართველოს ისტორიიდან და კულტურიდან რაიმეა მსოფლიოში ცნობილი,  ერთ-ერთი პირველი სწორედ შოთა რუსთაველის სახელია.  ამავე დროს,  ქვეყნის მთავარ გამზირს ჰქვია მისი სახელი ( საქართველოს სხვა  ქალაქების დიდ ნაწილშიც სწორედ რუსთაველის სახელობისაა ცენტრალური ქუჩა), ასლარიანზეც რუსთაველია გამოსახული, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში რუსთაველის ქუჩებია და რაც მთავარია -  მსოფლიოს უამრავ ენაზეა ნათარგმნი "ვეფხისტყოსანი" ანუ რუსთაველის ცნობადობის პრობლემა არ დგას. სამაგიეროდ, არის უამრავი რამ რისი ექსპორტირება და სხვებისთვის გაცნობა ჯერ კიდევ გვჭირდება, ამიტომ კარგი იქნებოდა აეროპორტის სახელი ამისთვის გამოგვეყენებინა.

- რამდენად მისაღები იყო თქვენთვის "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა, აეროპორტისთვისა ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდებინათ?

- ზვიად გამსახურდიას პიროვნების გარშემო ჯერ კიდევ საქართველოს შიგნით არ არის  კონსენსუსი მიღწეული, ხოლო ქვეყნის გარეთ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, რადგან რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა ის,  რომ ზვიად გამსახურდია საერთაშორისო დონეზე არის საკმაოდ დისკრედიტირებული.  რუსი პოლიტიკოსები  მას მიაწერენ ფრაზას : "საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის", ზვიადს ხშირად უწოდებენ შოვინისტს,  თუმცა ქართველ პოლიტიკოსებსა და ისტორიკოსებს ამაზე რატომღაც პასუხი არ გაუციათ.  ზვიადის შესახებ უცხო ენაზე, მაგალითად, ინგლისურად არ გვაქვს სერიოზული გამოკვლევები, რომელიც დაუპირისპირდებოდა რუსულ პროპაგანდას. როდესაც ზვიადის სახელის დარქმევის ინიციატივა  გახმაურდა,  აუცილებელი იყო იმის გათვალისწინება, თუ რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე   აფხაზებს და  ოსებს,  როგორ გამოიყენებდა ამას რუსული პროპაგანდა და სხვა ნიუნასები.

- პირადად  თქვენ თუ გქონდათ რაიმე იდეა?

- შეიძლებოდა ამ აეროპორტს "სოხუმი" გვეწოდებინა.  ასევე კარგი იქნებოდა, რომ აეროპორტი ყოფილიყო: "საქართველოს პირველი რესპუბლიკის" სახელობის, რადგანაც პირველი რესპუბლიკა ქართული ცნობიერებიდან დიდწილად ამოშლილია. პირველი რესპუბლიკა გაძარცვეს როგორც სიმბოლიკის მიმართულებით, ასევე  შეუცვალეს სახელები იმ ადგილებს რომელიც მასთან ასოცირდებოდა (მაგ: რესპუბლიკის მოედანს, რომელიც დედაქალაქის ცენტრში იყო და დღეს ჰქვია "ვარდების მოედანი"). ჩვენ რომ გადავხედოთ ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის და სხვა სახელმწიფოების პრაქტიკას ვნახავთ, თუ როგორ აფასებს ეს ხალხი თავის პირველ დამოუკიდებლობას, ხოლო საქართველოში აბსოლუტურად ნიველირებულია, მეტსაც გეტყვით 2015 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ზეიმი ისე დასრულდა პირველი რესპუბლიკა არავის გახსენებია. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ არამარტო სამართალმემკვიდრეები ვართ პირველი რესპუბლიკისა, არამედ ვართ იმ პლურალისტული დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადეობის იდეების იდეოლოგიური მემკვიდრეებიც, რასაც პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები ცდილობდნენ რომ შეექმნათ.

- იყო იდეაც რომ აეროპორტს დარქმეოდა დავით აღამაშენებლის სახელი...

- ჩემთვის,  როგორც ისტორიკოსისათვის,  საქართველოს ისტორიიდან ყველაზე დიდი პიროვნება არის დავით აღმაშენებელი, მაგრამ სამწუხაროდ მას მსოფლიო ძალიან ცუდად იცნობს და მის სახელს ნამდვილად სჭირდება პოპულარიზაცია. ამჟამად დავითის სახელი ჰქვია ქუთაისის აეროპორტს და აბსოლუტურად შესაძლებლად მიმაჩნია რომ ეს სახელი ქვეყნის მთავარ აეროპორტს მინიჭებოდა და ქუთაისის აეროპორტისთვის დაერქმიათ სხვა სახელი.

ლადო გოგოლაძე