ანრი ჯოხაძე: "ნუ ავიშლით ნერვებს სხვისი უკანალის გამო!" - კვირის პალიტრა

ანრი ჯოხაძე: "ნუ ავიშლით ნერვებს სხვისი უკანალის გამო!"

"განსხვავებული ორიენტაციის ხალხის მიმართ აგრესია აქვს სწორედ იმას, ვინც ამის რეალიზება ვერ მოახდინა ცხოვრებაში. შეგიძლიათ ფსიქოლოგებსაც ჰკითხოთ და მათგან უფრო კომპეტენტურ მოსაზრებას მოისმენთ. ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში ზუსტად "ლატენტური გეებისგან" არის ატეხილი ისტერიკა სოციალურ ქსელში"

"სატელევიზიო სივრცეში ძალიან სხვანაირი "სასტავი იჩითება". სექსუალური უმცირესობებიდან მოწვეულები ძალიან კარიკატურულები არიან"- ამბობს ანრი ჯოხაძე, რომელიც ბოლო დროს ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება...

- რატომ განვიხილავთ ერთსქესიანთა ქორწინებას რელიგიურ ჭრილში?! რამდენადაც ვიცი, ჯვრისწერას არავინ ითხოვს. ამდენი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში და ამერიკამ რა დააკანონა, ამისთვის რომ ამხელა ამბავია ატეხილი, ძალიან სასაცილოა! ისედაც, ვისაც უნდა ერთად თანაცხოვრება, არ მგონია, რამემ ხელი შეუშალოთ! ამისთვის არც ხელის მოწერაა საჭირო და არც ფეხის! ისე განვიცდით ამერიკის ბედს, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი დალაგებული გვქონდეს. სოციალურ ქსელში განგაშია ატეხილი, არიქა, ქართველებსაც გადაგვარება გვემუქრებაო. ზოგადად, განსხვავებული ორიენტაციის ხალხის მიმართ აგრესია აქვს სწორედ იმას, ვინც ამის რეალიზება ვერ მოახდინა ცხოვრებაში. შეგიძლიათ ფსიქოლოგებსაც ჰკითხოთ და მათგან უფრო კომპეტენტურ მოსაზრებას მოისმენთ. ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში ზუსტად "ლატენტური გეებისგან" არის ატეხილი ისტერიკა სოციალურ ქსელში. ისინი მუდმივად აპროტესტებენ განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების არსებობას! არ მახსენდება ჰეტეროსექსუალი, რომლებსაც აღელვებს ქალი ქალთან დაწვება თუ კაცი კაცთან! რატომ უნდა გიჟდებოდე ადამიანი სხვის საცვლებში ძრომიალით!? ამდენი პრობლემა ვერ მოგვიგვარებია და ნუ ავიშლით ნერვებს სხვისი უკანალის გამო!

- დღეს ბევრი ღელავს, რომ ქართულ ტელესივრცეშიც სულ გეებს და მეძავებს არეკლამებენ...

- სატელევიზიო სივრცეში ძალიან სხვანაირი "სასტავი იჩითება". სექსუალური უმცირესობებიდან მოწვეულები ძალიან კარიკატურულები არიან. თუ მართლა სექსუალური უმცირესობიდან უნდათ ვინმეს მოწვევა, მოიწვიონ ჯორჯ მაიკლი ან ელტონ ჯონი! ყველაფერი მხოლოდ ეპატაჟისთვის არის გათვლილი და სინამდვილეში, გეებისა თუ მეძავების კარიკატურა არიან... ისე, ვერაფრით გავათანაბრებ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანს მეძავთან!.. გეები მოიწვიე, მაგრამ ნუ დახატავ მათგან ისეთ სურათს, რომ ხალხს ყველაფერი შეაზიზღო. ნუ დააკნინებ თვითონ იმ ადამიანსაც, რომელსაც იწვევ... ძალიან ცუდ კონტექსტში აჩვენებენ ყველაფერს. უმეტესად, საცვლების დემონსტრაციას ახდენენ, რაც საზოგადოებას ძალიან აღიზიანებს. აშკარაა, რომ ყველაფერი მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ საზოგადოებისთვის იყოს შოკის მომგვრელი!

დარწმუნებული ვარ, საქართველოში ვერ მიიღებენ კანონს, რომელსაც ერი ეწინააღმდეგება, შესაბამისად, სანერვიულოც არაფერია . მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)