თენგიზ არჩვაძე: - "აღარაფერი მკითხოთ თბილისზე, ცუდად ვარ!" - კვირის პალიტრა

თენგიზ არჩვაძე: - "აღარაფერი მკითხოთ თბილისზე, ცუდად ვარ!"

"თბილისი სულ გაიჩეხაო, რომ ჩივიან ყმაწვილები, ვინ გაჩეხა? - მამათქვენებმა, ბიძათქვენებმა და თქვენმა მთავრობამ!  მე თბილისელი კაცი ვარ და კარგად მახსოვს, თბილისი რაც იყო. არ უყვართ ამ ხალხს თბილისი და დაეტყო კიდეც ჩვენს ქალაქს...

82 წლის კაცი ვარ, შეიძლება ხვალ აღარ ვიყო, მაგრამ დღეს ჩემს შვილიშვილებსა და მომავალ თაობაზე ვზრუნავ - სულ რაღაცას ვრგავ! ჩემი ყოველი სიტყვა იქნება იმ ხალხის საწინააღმდეგოდ, ვინც ჩემი თბილისი გაჩეხა! თავიანთ სინდისში, გულში ჩაიხედონ, თუ აქვთ... გაიხსენონ: „იას უთხარით ტურფასა“, „ხმელი წიფელი“... თუმცა, ზოგს ალბათ, არც წაუკითხავს ვაჟა-ფშაველა. ვაჟა თუ კარგად ეცოდინება ადამიანს, ის ხეებს უდიერად აღარ მოეპყრობა! ისე ვნერვიულობ, სულ მაკანკალებს, თბილისი რომ ამ დღეშია. რასაც ვამბობ, ნახევრად გიჟის ნათქვამია ეს სიტყვები. როგორ შეიძლება, შენი ქალაქი ამ დღეში ჩააგდო?! ქვეყანა, რომელმაც ძუძუ გაწოვა! დამარხეს ქალაქი. ვინმემ მიპასუხოს, რატომ გაიჩეხა ვაკის პარკი? არნახული ხეივნები იყო იქ... არცერთ გაზეთსა და ტელევიზიას მიწვევაზე არ ვთანხმდები, მაგრამ ეს თემა ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია და იმიტომ გესაუბრებით. დაწერეთ, რომ ქართული სული, საქართველო და სიმწვანე ერთდროულად ამოძირკვეს!“ - ეს სიტყვები თენგიზ არჩვაძეს ეკუთვნის, რომელმაც მისთვის მტკივნეულ თემაზე "კვირის პალიტრასთან~ ისაუბრა. ამჯერად მსახიობს ისევ თბილისზე სასაუბროდ დავუკავშირდით...

- თბილისში რომ ახლახან საშინელება დატრიალდა, იმის მერე ცუდად ვარ! მე იქვე ვცხოვრობ და ყველაფერი ვიცი, რაც მოხდა და რა საშინელება იყო. რომ გავიძახით, - ვეფერებით და გვიყვარს ჩვენი თბილისიო, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორც გვიყვარს და ვუფრთხილდებით. მარტო სიტყვები და გულზე მჯიღის ცემა ვიცით და მეტი არაფერი! აღარ გვაქვს თბილისი, ეს ის ქალაქი აღარ არის რაც იყო!

- თქვენ  თბილისელი ბრძანდებით და კარგად გახოვთ, როგორიც იყო თბილისი...

- დიახ, ბატონო ჩემო! ძალიან კარგად მახსოვს, რაც იყო თბილისი! შემიძლია ყველაფერი გავიხსენო და ბევრი რამე გიამბოთ, მაგრამ საუბარს როგორც ვიწყებ, ცუდად ვხდები და აღარაფრის თავი არ მაქვს. ძალიან გთხოვთ, აღარასოდეს მკითხოთ თბლისზე, აღარაფრის თქმა აღარ  შემიძლია, ახლაც ისე ცუდად ვარ, უნდა დაგემშვიდობოთ!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)