"უბედურები გამწარებულები კიოდნენ" – რატომ ვერ შევიდა სასწრაფოს მანქანა ტრაგედიის ადგილზე - კვირის პალიტრა

"უბედურები გამწარებულები კიოდნენ" – რატომ ვერ შევიდა სასწრაფოს მანქანა ტრაგედიის ადგილზე

"ღმერთმა ნუ ქნას, ამ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდეს, სახანძრო მანქანა ვერც შემოვა. წინა ხელისუფლებამ სადამდეც შეძლო და მოასწრო, სპორტის სასახლის მიმდებარე" ტერიტორია გაასხვისა

თბილისში, სპორტის სასახლესთან, აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით დილის 11 საათზე მოხდა. "კვირის პალიტრა" შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. როგორც ჩვენთან საუბარში თვითმხილველები იხსენებენ, მოულოდნელად, იქაურობა გამაყრუებელმა ხმაურმა მოიცვა, რამდენიმე წამში კი არაადამიანური ხმები გაისმა...

"უბედურები, ნანგრევებში მოყოლილები გამწარებულები კიოდნენ...ეს რა უბედურება დატრიალდა. სახლში ვიყავით, როცა გამაყრუებელი ხმა გაისმა, მეგონა ომი დაიწყო... თავიდან ყურადღება არ მივაქციეთ, რადგან აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მშენებლობებია და სულ რაღაც ცვივა.. თუმცა, რამდენიმე წამში ისეთი კივილის ხმა გაისმა, რომ..გარეთ გამოვცვივდით, აქაურობა მტვრის ბუღში გახვეულიყო. ვერაფერს ვხედავდით. ნეტავ, ღამით მაინც ჩამონგრეულიყო და არავინ ემსხვერპლა," - ამბობს ლია ცუცქირიძე.

მოსახლეობის თქმით, სპორტის სასახლის ტერიტორიაზე დაუსრულებელი მშენებლობების შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანებით გადაადგილება შეუძლებელია. როგორც მოსახლეობამ გვითხრა, იმ შენობასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ჩამოინგრა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მერიას თხოვნით მიმართეს, რომ ამ შენობაში საჯარო სკოლა განთავსებულიყო. თუმცა, მათი თხოვნა თქოვნად დარჩა.

"თქვენც ხომ ხედათ აქ რაც ხდება. ირგვლივ სამშენებლო მასალებია მიმოფანტული. თავი ერთ დიდ სამშენებლო ობიექტზე გეგონება. მთავარი უბედურება რა არის იცით? როცა ეს შენობა ჩამოინგრა და მუშები ნანგრევებში მოყვნენ, სასწრაფო დახმარების მანქანა ტერიტორიაზე ვერ შევიდა. ობიექტის წინ ბორდიურის ქვები დაყარეს, გზა ჩახერგილი იყო. რა თქმა უნდა, ისევ მეპატრონეებმა გააკეთეს, ჩვენ ხომ არ მოვიტანდით. შემდეგ ჩვენი უბნის ბიჭებმა იყოჩაღეს და გაადგილეს. ღმერთმა ნუ ქნას, ამ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდეს, სახანძრო მანქანა ვერც შემოვა. წინა ხელისუფლებამ სადამდეც შეძლო, მოასწრო და სპორტის სასახლის ტერიტორია გაასხვისა. სადაც ერთი გოჯი მიწა ნახეს, ყველა გაყიდეს და შენობები ააშენეს. დაუსრულებელი მშენებლობის გამო სახლის გამოგვა დღეში რამდენჯერმე გვიწევს, ისეთი მტვერია. თან, მშენებლობები დამცავი ბადეების გარეშე მიმდინარეობს. მუშები სამშენებლო ნაგავს ადგილიდან ყრიან. რამდენჯერ მივმართეთ მაშინდელ და ამჟამინდელ მერს, რომ ამ შენობაში სკოლა განთავსებულიყო, ვინმემ მოგვისმინა? ნარმანია ყველაფრის საქმის კურსშია, მაგრამ შედეგი? ნოლი. იმედი დავკარგეთ. ეს უბედურება ხომ მოხდა, ახლა ცოტას შეფუცხუნდებიან და კვლავ იგივე გაგრძელდება." - ჩივიან ადგილობრივები.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)