"ამ შეკითხვას საერთოდ ნუ დავსვამთ, რა" – რას ჰყვება სპორტის სასახლესთან ჩამონგრეული შენობის მფლობელი კომპანიის წარმომადგენელი - კვირის პალიტრა

"ამ შეკითხვას საერთოდ ნუ დავსვამთ, რა" – რას ჰყვება სპორტის სასახლესთან ჩამონგრეული შენობის მფლობელი კომპანიის წარმომადგენელი

"მუშები რკინის კოლონებს აკეთებდნენ, როცა ფილები ჩამოინგრა... მათი უსაფრთხოება დაცული იყო, მაგრამ ისეთი რამ მოხდა, ჩაფხუტი ნამდვილად ვერ უშველიდათ"

"ყველა დოკუმენტი გვაქვს, ეს ექსპერტიზები თვალის ასახვევად არ ჩაგვიტარებია. ამ შენობის გაყიდვას არ ვაპირებდით, მასში დიდი ფული ჩავდეთ"

თბილისში მორიგი სამშენებლო ტრაგედია დატრიალდა. ამჯერად, უბედური შემთხვევა სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის 13 ნომერში მდებარე გამოყენებითი მათემატიკის ყოფილ შენობაში მოხდა. შენობის ბოლო, მეოთხე სართულზე მყოფი მუშები სახურავს ცვლიდნენ, როცა ფილები ჩაინგრა. მუშები ნანგრევებში მოყვნენ, რის შედეგად სამი მუშა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეოთხე – საავადმყოფოში.

შემთხვევის ადგილზე თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტი ძალიან სწრაფად უნდა გამოიძიონ. ასევე, ადგილზე იმყოფებოდა მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე, რომელმაც განმარტა, რომ მშენებლობის ნებართვა შესაბამისი ნორმების დაცვით გასცეს. მისივე თქმით, მშენებლობის ნებართვა შარშან, აგვისტოში გასცეს.

ცნობილია, რომ გამოყენებითი მათემატიკის ყოფილი შენობა კომპანია "ტიფლის ბიზნეს ცენტრმა" შეისყიდა. სამშენებლო სამუშაოებსაც სწორედ აღნიშნული კომპანია აწარმოებდა.

ნიკოლოზ ბარათაშვილი (ტიფლის ბიზნეს ცენტრის წარმომადგენელი):

- ეს მართლა უბედური შემთხვევაა. საქმე აღძრულია. დარწმუნებული ვარ, ექსპერტები ყველაფერს გამოიძიებენ, დაწყებული აგურის ლაბორატორიული შემოწმებით, დამთავრებული შენობის კონსტრუქციის შესწავლით. ჩვენ რამდენიმე კერძო კომპანიასთან გვქონდა ხელშეკრულება გაფორმებული, რომლებიც მშენებლობის წარმოებას რეკომენდაციას უწევდნენ. მშენებლობის დაწყებამდე შენობა გავამაგრეთ. სადაც კარები იყო, იქ რკინის თაღები გავაკეთეთ, რომ შენობა კიდევ უფრო მდგრადი ყოფილიყო. მშენებლობის დაწყებამდე ყველანაირი სახის ექსპერტიზა ჩავატარეთ - გეოლოგიური, სამშენებლო...ყველა დოკუმენტი გვაქვს, ეს ექსპერტიზები თვალის ასახვევად არ ჩაგვიტარებია. ამ შენობის გაყიდვას არ ვაპირებდით, მასში დიდი ფული ჩავდეთ და მშენებლობის დაწყებამდე კარგად შევისწავლეთ. შენობა დაახლოებით 50-60 წლისაა. სახურავი არ მოგვეწონა, შეცვლა გადავწყვიტეთ. მოვხსენით თუნუქი, ჭერის ქვეშ რკინა-ბეტონის იატაკი იყო, ხიმინჯებით. მუშები რკინის კოლონებს აკეთებდნენ, როცა ფილები ჩამოინგრა. კედლებზე არანაირი სიმძიმე არ ყოფილა და არც დემონტაჟი მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ამას მსხვერპლი მოჰყვა.

- რისი მშენებლობა მიმდინარეობდა და მუშების უსაფრთხოება დაცული თუ იყო?

- სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობდა. მუშების უსაფრთხოება დაცული იყო, მაგრამ ისეთი რამ მოხდა, ჩაფხუტი ნამდვილად ვერ უშველიდათ.

- კომპანია დაზარალებულების ოჯახებს მატერიალურად დაეხმარება?

- მოდით, ამ შეკითხვას საერთოდ ნუ დავსვამთ, რა.. ჩვენ, ჩვენს მორალურ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. იურიდიულ კუთხეს რაც შეეხება, ყველაფერს შეისწავლიან. თავს დამნაშავედ ვერ ვგრძნობთ. მოხდა უბედური შემთხვევა, რასაც წინასწარ ჩვენ ვერ გავთვლიდით."

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)