თემურ წიკლაური: "იქნებ ვირის ფენომენიც შემოგვეტანა. ამერიკელებს შევუთვალოთ, რამე მოიფიქრონ" - კვირის პალიტრა

თემურ წიკლაური: "იქნებ ვირის ფენომენიც შემოგვეტანა. ამერიკელებს შევუთვალოთ, რამე მოიფიქრონ"

"ეს ქვეყანა ყველასია. ნუ ვარქმევთ მარტო "ქართული ოცნებისას" ან "ნაციონალებისას". ხომ გახსოვთ მამლუქები? - ორივე უბედური საქართველოს შვილები იყვნენო"

"რაღაც არამოყვარული ხალხის გაერთიანება გახდა საქართველო! ტელევიზიებიდან მხოლოდ ის ისმის, რომ - დედა მოკლა შვილმა, ქმარმა ცოლს ყელი გამოღადრა, ბავშვებმა დახოცეს ერთმანეთი. ნუთუ ამ ქვეყანაში სასიკეთო არაფერი ხდება?! რამდენიც გინდათ, ხდება და რატომ არავის სურს სიკეთეზე ისაუბროს?! რომელი პოლიტიკოსების შეკვეთას ასრულებენ ქართული ტელევიზიები, ღმერთმა უწყის. არასოდეს მისაუბრია ამ საკითხებზე, მაგრამ ახლა იმდენად გული მტკივა, არ შემიძლია ხმა არ ამოვიღო! " ამბობს ცნობილი მომღერალი თემურ წიკლაური, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გვესუბრა:

- ჩვენს ქალაქში საშინელება დატრიალდა. ძალიან მტკივნეულია სტიქიისას ამდენი ადამიანი რომ დაიღუპა... ახლა კიდევ ეს უბედურება, ნანგრევებში ოთხი კაცის სიცოცხლე ჩაიმარხა...

თუ ვინმეს არ მოსწონს ხელისუფლება, სირცხვილიც არის და არაკორექტულიც მთავრობას აბრალებდე ადამიანების დაღუპვას. ეს განგებ ხდება, ხალხი რომ განაწყონ მთავრობის წინააღმდეგ. სწორად არ მიმაჩნია თორემ, მე არც ამ მთავრობის მომხრე ვარ, არც წინა ხელისუფლების მხარდამჭერი ვყოფილვარ და არც მომავლის ვიქნები. არ ვერევი პოლიტიკაში და მორჩა!

ყაზბეგში მთლად მთა მოწყდა, კახეთში სულ დაიქცა ყველაფერი და ეს მთავრობაც ცოტა არ იყოს, უიღბლოა. ძალიან ბევრი გაჭირვება გამოიარეს. ახლა გვერდით დგომა სჭირდებათ და არა განქიქება. იმასაც კი იძახდნენ, ვეფხვი რომ გაიქცა, ეგეც მთავრობის ბრალიაო...

ნუ ვჩხუბობთ და ვქიშპობთ ერთმანეთში, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და ვაშენოთ. ეს ქვეყანა ყველასია. ნუ ვარქმევთ მარტო "ქართული ოცნებისას" ან "ნაციონალებისას". ხომ გახსოვთ მამლუქები? - ორივე უბედური საქართველოს შვილები იყვნენო, ესენიც ჩვენი ქვეყნის შვილები არიან. მილიონობით ხალხი მათ შექსცქერის, ელოდება რაღაც სასიკეთოს და მუდმივად ისმის - ეს ამის ბრალია და ის იმის ბრალიაო...

რაღაც არამოყვარული ხალხის გაერთიანება გახდა საქართველო! ტელევიზიებიდან მხოლოდ ის ისმის, რომ - დედა მოკლა შვილმა, ქმარმა ცოლს ყელი გამოღადრა, ბავშვებმა დახოცეს ერთმანეთი. ნუთუ ამ ქვეყანაში სასიკეთო არაფერი ხდება?! რამდენიც გინდათ, ხდება და რატომ არავის სურს სიკეთეზე ისაუბროს?! რომელი პოლიტიკოსების შეკვეთას ასრულებენ ქართული ტელევიზიები, ღმერთმა უწყის. არასოდეს მისაუბრია ამ საკითხებზე, მაგრამ ახლა იმდენად გული მტკივა, არ შემიძლია ხმა არ ამოვიღო! ხომ ვნახეთ, მომავალმა თაობამ რა მაგალითი გვაჩვენა. Aახალგაზრდები როგორ დაუდგნენ თავის ქვეყანას გვერდით! მათ ამხელა ჭირი შეგვიმსუბუქეს და დაგვანახეს, რომ ქართველ ხალხს ერთად დგომა შეგვიძლია.

- ქვეყანაში ფართო განხილვის საგანი ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება გახდა...

- გადავგვარდებით, აბა, რა იქნება?! გლობალიზაცია მეტს კი არაფერს გულისხმობს. გარყვნილების ერთ-ერთი პრინციპია, რომ არ უნდა იყო მართლმადიდებელი და არც არაფერი! ერთადერთი - უნდა ჭამო და გარყვნილებით დაკავდე! კარგით რა, ხალხნო, ამის საერთოდ თქმა შეიძლება, თუ რა დამოკიდებულება მაქვს ერთსქესიანთა ქორწინებაზე? რა უბედურებაა ეს! საქართველოშიც იყვნენ ასეთი მამაკაცები და დედამიწაზეც, მაგრამ თავისთვის იყვნენ. ვენაცვალე ამ მთავრობას, რადგან მიაჩნიათ, რომ ოჯახი არის ქალი და მამაკაცი! ძალიან კარგად დაუპირისპირდნენ შერყვნილებას! თუ უნდათ ერთად ყოფნა, კანონი არ სჭირდებათ, მაინც ერთად იქნებიან. რატომ უნდათ დააკანონონ გარყვნილება, რომელსაც დედამიწის არცერთი რელიგია არ მისდევს... ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დემოკრატია არისო. მართლმადიდებლობა დემოკრატია არ არის?! დასჯა არის და მონობა? ამერიკელებმა ხომ მიიღეს ერთსქესიანთა ქორწინება, მერე ისიც თქვეს, მექსიკაში კაცმა ნიანგზე იქორწინაო და იქნებ ვირის ფენომენიც შემოგვეტანა. ამერიკელებს შევუთვალოთ, იქნებ რამე მოიფიქრონ.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)