„აქ საშინელება ტრიალებს, ერთ სადარბაზოში ოთხი მიცვალებული ასვენია“ - კვირის პალიტრა

„აქ საშინელება ტრიალებს, ერთ სადარბაზოში ოთხი მიცვალებული ასვენია“

„განუყრელი მეგობრები იმქვეყნადაც ერთად წავიდნენ“

„მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოდიოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა“

7 ივლისს კიდევ ერთი ენით აუწერელი ტრაგედია დატრიალდა, მამკოდის გზაზე ავტოკატასტროფას ოთხი ახალგაზრდა ემსხვერპლა:  21 წლის ირაკლი ჭანია, 22 წლის ზუკა ლემონჯავა, 21 წლის შოთა ანჯაფარიძე და 22 წლის კოკა ჯობავა, ეს უკანასკნელი იმ დღეს იუბილარი იყო.

მეგობრის იუბილის აღნიშვნა მეგობრებმა ბუნებაში, მამკოდის ტყეში გადაწყვიტეს... შეღამებულზე კი თბილისისკენ გამოემართნენ.

„კვირის პალიტრასთან“  გარდაცვლილთა ახლობლები ამბობენ, რომ მძღოლი მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. მანქანაში რვანი ისხდნენ.

ოთხი ბიჭი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენები გადარჩნენ.

„განუყრელი მეგობრები იმქვეყნადაც ერთად წავიდნენ“ - ამბობენ გარდაცვლილთა ახლობლები. მეგობრები ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ, ახლა იქ ოთხი მიცვალებული ასვენია. უბანში ენით აუწერელი მწუხარება ტრიალებს.

„კვირის პალიტრა“ გარდაცვლილების ახლობელს, კახა გოგოხიას ესაუბრა:- ეს ბიჭები ჩემ თვალწინ გაიზარდნენ, ჩემი პატარა მეგობრები იყვნენ. იმ დღეს  კოკას დაბადების დღე აღნიშნეს. შებინდებისას შინ ბუნდებოდნენ. როგორც გავიგეთ, მძღოლი ცოტა ნასვამი ყოფილა და მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდაო.  ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავრდა...

ვერ აღვწერ იმ საშინელებას, რაც ახლა ჩვენს უბანში ტრიალებს. მთელი უბანი ბიჭებს გლოვობს. ერთამენთზე უკეთესი, უპატიოსნესი ბიჭები იყვნენ. ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, მეგობრები კი არა, ძმები იყვნენ.

ზუკა მორაგბე იყო, ძალიან ყურადღებიანი, უბანში თუ ვინმეს დაინახავდა, მძიმე ბარგი მოჰქონდა, გაიქცეოდა და უსიტყვოდ ჩამოართმევდა...

ირაკლი არაჩვეულებრივი ბიჭი იყო...

კოკა ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადამიანი გახლდათ. ცრემლებს ვერ ვიკავებ, დაუჯერებელია, რომ ცოცხლები აღარ არიან.

შოთა, უკეთილშობილესი ბიჭი, ეკლესიურად ცხოვრობდა. ფეხმძიმე  მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. ცოლს სულ ეხმარებოდა, პატარას უბანში ასეირნებდა. ასეთი მოსიყვარულე ოჯახის შემყურეს, მთელ უბანს გვიხაროდა...

ახლა კი ერთ სადარბაზოში 4 მიცვალებული გვისვენია. ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა .ღმერთს ვთხოვ, ასეთი ბიჭები გვიმრავლოს...

მაკა კვარაცხელია, ირაკლი ჭანიას ახლობელი: - მანქნაში რვანი ისხდნენ. ხევში როგორ გადავარდა, არ ვიცით... ირაკლის ძმა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მანქანის კარი გაიღო და გადმოვარდა. მშობლებს მან დაურეკა და ასე გავიგეთ მომხდარის შესახებ. მძღოლი და კიდევ სამი ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა...  ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენი ბიჭები აღარ გვყავს, ამას როგორ გადავიტანთ, არ ვიცი...

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)