"შავი" ფული რელიგიურ ორგანიზაციებში და ვაჰაბიტური მეჩეთი ფონიჭალაში - რა უნდა შეზღუდოს რელიგიის კანონმა?! - კვირის პალიტრა

"შავი" ფული რელიგიურ ორგანიზაციებში და ვაჰაბიტური მეჩეთი ფონიჭალაში - რა უნდა შეზღუდოს რელიგიის კანონმა?!

"დღეს ხელისუფლება პრაქტიკულად უკანონოდ აჩერებს ამ ვაჰაბიტური მეჩეთის მშენებლობას, რადგან არცერთ კანონს არ შეუძლია ამ მშენებლობის შეჩერება. ამიტომაცაა საჭირო კანონი, რომელიც ამგვარ საკითხებს დაარეგულირებს"

"შავი" ფულით ხდება რელიგიური ორგანიზაციების ფუნქციონირება... და აქ ხდება ამ ფულის ბიზნესით "გადახურდავება". - ეს განცხადება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა "პალიტრატვ" გადაცემა "პროვოკატორში" სტუმრობისას გააკეთა. მისი აზრით, იმისთვის, რომ სიტუაცია გაკონტროლდეს და არალეგალურმა, გაეროს მიერ აკრძალულმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა საქართველოში საქმიანობა ვერ შეძლონ, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა გატარდეს. ამისთვის კი რელიგიის კანონისს მიღება აუცილებელია. "თქვენს ეთერში პირველად ვაცხადებ, რომ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და საზოგადოებამ ამაზე დისკუსია უნდა დაიწყოს," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა, რომელთანაც დეტალების გარკვევას შევეცადეთ:

ირაკლი სესიაშვილი:

- ჯერჯერობით კანონ-პროექტი არ არსებობს, მე უბრალოდ ის ვთქვი, რომ საჭიროა ქვეყანაში ასეთი კანონის მიღება-მეთქი. გავეცანი რა საქართველოში არსებულ ვითარებას, მივიჩნევ, რომ ასეთი კანონის მიღება აუცილებელია. სხვათა შორის, მსგავსი კანონი უკვე მოქმედებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში (გერმანია, საფრანგეთი და სხვ), ასევე ჩვენს მეზობელ სომხეთში და აზერბაიჯანში. ამ კანონით სამართლებრივ ფარგლებში მოექცევა რელიგიური ორგანიზაციები. ყველას უნდა ჰქონდეს არსებობის სამართლებრივი საფუძველი, რეგისტრაციის ადგილი, გამჭირვალე ფინანსები და სხვ. შესაძლოა რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციაში შავი ფული ტრიალებდეს და ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს.

- გამოდის რომ გაკონტროლდება რელიგიური ორგანიზაციების ფინანსები?

- სიტყვა "კონტროლი", სრულიად ზედმეტია. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ყველას ჰქონდეს რეგულაციები, ისე, როგორც ყველა სხვა ორგანიზაციას, მაგალითად, ანგარიში ბანკში, გამჭირვალე დაფინანსება და სხვ. წარმოიდგინეთ, თუ რომელიმე რელიგიური ჯგუფს ფარულად აფინანსებს ტერორისტული ორგანიზაცია (სამწუხაროდ, ამგვარი პრობლემის თაობაზე ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობენ) ან სხვა სახის ექსტრემისტული ჯგუფები და "შავი" ფული შემოდის ქვეყანაში, ეს რა საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის...

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:

- ქვეყანაში, სადაც ასეთი ჭრელი რელიგიური სურათია, არ არსებობს რელიგიის კანონი, რომელიც სრულყოფილად ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს. აქედან გამომდინარე, ასეთი კანონის მიღება აუცილებელია. სამწუხაროდ, კანონ-პროექტის შინაარსს არ ვიცნობ და არც ის ჯგუფი ვიცი, ვინც ამ კანონზე მუშაობს, რადგან ამ საქმეზე მომუშავე ხალხს არავინ დაგვკავშირებია რაიმე სახის კონსულტაციისათვის, მაგრამ ირაკლი სესიაშვილის ნათქვამიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, სწორი მიმართულება აქვთ აღებული, იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს რეგიონისთვის ტრადიციული რელიგიური მიმდინარეობები, რომელთაც სჭირდებათ ყურადღება და ხელშეწყობა. აქ იგულისხმება ქრისტიანული რელიგიის ზოგიერთი მიმართულება, ისლამის ზოგიერთი მიმდინარეობა და იუდაიზმი, ამ შემთხვევაში მე ვსვამ არა მძიმეს, არამედ წერტილს. ის, რაც მე ჩამოვთვალე არის ტრადიციული მიმდინარეობები, ამათ გარდა არსებობს რელიგიური მიმდინარეობები, რომლებიც პოლიტიკას ემსახურებიან. სწორედ აქედან მოდის ტერმინი "პოლიტიკური ისლამი." ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ, ისლამის იმ მიმართულებას, რომელიც რელიგიას იყენებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და რომელიც პირველ რიგში, ემტერება ტრადიციულ ისლამს. ამიტომ ასეთი ტიპის რელიგიური მიმდინარეობებისთვის გარკვეული შეზღუდვები უნდა არსებობდეს. როცა ვიცით, რომ რელიგიური ჯგუფი (არ აქვს მნიშვნელობა ქრისტიანული თუ მაჰმადიანური) ემსახურება პოლიტიკურ და ექსტრემისტულ მიზნებს, ის აუცილებლად უნდა მოხვდეს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ფონიჭალაში შენდება მეჩეთი (პრინციპში პრაქტიკულად უკვე აშენებულია), რომელიც ვაჰაბიტურია. ამ მეჩეთის წინააღმდეგ პირველ რიგში ილაშქრებს ადგილობრივი შიიტური მოსახლეობა. ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ ორ თემს შორის დაპირსპირება დავუშვათ, მით უფრო, რომ იქ შიიტური თემი გაცილებით მრავალრიცხოვანია. სწორედ ამ დროს უნდა არსებობდეს კანონის გარკვეული ნორმა, რომელიც ამ ურთიერთობებს დაარეგულირებდა. სხვათა შორის, დღეს ხელისუფლება პრაქტიკულად უკანონოდ აჩერებს ამ ვაჰაბიტური მეჩეთის მშენებლობას, რადგან არცერთ კანონს არ შეუძლია ამ მშენებლობის შეჩერება. ამიტომაცაა საჭირო კანონი, რომელიც ამგვარ საკითხებს დაარეგულირებს.

- თუ ამგვარი კანონი მართლაც იარსებებს, ეს ხომ არ შეზღუდავს ქვეყანაში მოქმედი რელიგიური სექტების საქმიანობას?

- ალბათ გარკვეულწილად მათი მუშაობის შეზღუდვაზე იქნება ორიენტირებული. ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი აზრით, შეიზღუდება უცხოეთიდან დაფინანსების მიღება, როგორც მუსლიმანური მიმდინარეობებისთვის, ისე - სხვისთვისაც.

- სხვა ქვეყნებში თუ არსებობს ამგვარი კანონი?

- ბევრგან არის და ზოგან ამას დისკრიმინაციული სახეც აქვს. მაგალითად, შვეიცარიაში აკრძალულია მეჩეთების მშენებლობა, საფრანგეთში აკრძალულია სკოლაში ჩადრით წასვლა და სხვა. კანონი, რის მიღებასაც ჩვენთან აპირებენ, მგონია, რომ არ იქნება დისკრიმინაციული, თუმცა იქნება შემზღუდავი.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)