თბილისის ქუჩებში, შესაძლოა, ტრუსებიანი და შლოპანცებიანი ბეჰემოთი გამოჩნდეს - კვირის პალიტრა

თბილისის ქუჩებში, შესაძლოა, ტრუსებიანი და შლოპანცებიანი ბეჰემოთი გამოჩნდეს

ემიგრანტის საჩუქარი

რა აკავშირებს ქართველ მხატვარს სანდრა ბალოკთან

სტიქიური უბედურების დროს დატბორილი ზოოპარკიდან გმირთა მოედანზე გამოქცეული და არხეინად მობაჯბაჯე ბეჰემოთი თბილისის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ამიტომაც ტრაგედია მინავლებული არ იყო, რომ ხალხმა ივარაუდა, ზოოპარკს უთუოდ უნდა ამშვენებდეს ორი ცხოველის - ბეჰემოთ ბეგლარისა და თეთრი ლომის ბოკვერ შუმბას ძეგლებიო. ზოოპარკში კი ახლა მთავარი საზრუნავი გადარჩენილი ცხოველების, მათ შორის ბეჰემოთის საზამთროდ დაბინავებაა...

"კვირის პალიტრამ" შეიტყო, რომ ბეგლარის ბედზე ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვარი ნიკო აბაზაძეც ფიქრობს. მეტიც, მან უკვე შექმნა მოდელი, რომლის მიხედვით, თუ თბილისის ხელმძღვანელობა ისურვებს, ბეჰემოთის ძეგლი დაიდგმება.

ნიკო აბაზაძეს ამერიკაში ვესაუბრეთ, მან სიამოვნებით გაგვაცნო გრძელ, სიმძიმისგან ჩაზნექილ სკამზე მოკალათებული ბეგლარის ქანდაკების მოდელი.

- თბილისს სჭირდება არა სიმბოლური ბეჰემოთის ძეგლი, არამედ მეგობარი. სკამზე წამომჯდარ, ტრუსებიან და შლოპანცებიან ბეგლარს ერთი ხელი“ისე დავუტოვე, რომ მსურველმა ყვავილები დააჭერინოს ან ჭიქა მიუჭახუნოს, გვერდზე მიუჯდეს და სელფი”გადაიღოს... ბევრს ვფიქრობ განთავსების ადგილზე. ის იოლად მისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ზომითაც რეალურს არ უნდა აღემატებოდეს. არქიტექტორს მივმართავ და შესაფერის სივრცეს ავარჩევთ. მთავარია, თბილისის ხელისუფლებამ ძეგლის დადგმა მოისურვოს.

ამასთან, უარს ვამბობ ჰონორარზე და მოვითხოვ, თანხა ზოოპარკის აღდგენას მოხმარდეს. ბეგლარიც ხომ მდგმურად არის და შეუფერებელ "სახლში" ცხოვრობს. იმ ფულით ძეგლიც დავუდგათ და სახლიც გავუკეთოთ.

მიუხედავად იმისა, რომ მოდელი მოვამზადე, სულაც არ ვფიქრობ, რომ ჩემი ავტორობით უნდა დაიდგას ძეგლი. არ გამიკვირდება, თუ ამ საკითხზე სხვა მხატვრებიც მუშაობენ. კარგი იქნება, კონკურსი გამოცხადდეს და საუკეთესო ნამუშევარი შეირჩეს. ხშირად ემიგრანტები ვერ ვმონაწილეობთ კონკურსში, რადგან ინფორმაცია გვიან მოდის. არადა, ბევრი ნიჭიერი ადამიანია ემიგრაციაში და მათი მონაწილეობა წაადგება ქალაქისა და ქვეყნის შენებას.

- როგორი ქანდაკებები მოუხდება თბილისს?

- დეკორატიული, არამონუმენტური, ე.წ. მოძრავი პატარა ქანდაკებები ორგანულად ჩაჯდება იმ ქალაქის ხასიათში, რომელსაც ურთიერთობები უყვარს. ქანდაკება კერპს არ უნდა ჰგავდეს, სითბოს გამომხატველი უნდა იყოს.

- მაკეტში ბეჰემოთის ძეგლს თავზე ჩიტი აზის, აფრიკაში ღალღა ცნობილი "სტომატოლოგია", ეს ბეგლარის ღალღაა?

- დიახ, ეს ბეგლარის ღალღაა. ჩემს ძეგლზე ფრინველს სხვა დანიშნულებაც აქვს. ეს არის ჩემი ხელწერა, რაც გამოარჩევს სხვა ქანდაკებებისგან, - ჩემს თითქმის ყველა ნამუშევარს აზის ჩიტი და ყველა მათგანი განსხვავებულია. ჩიტები "პატრონების" შინაგან მდგომარეობას გამოხატავენ.

აი, მხოლოდ ჰიტლერის პორტრეტი თავისთავად არაფრის მთქმელია, მაგრამ მისი მტაცებლური ბუნება მასზე მოკალათებულ ქორში გამოისახა. ხშირად ფრინველი ჩემს ქანდაკებებში ნარატივს აღრმავებს, წაკითხვაში გვეხმარება. ქანდაკება ხომ აზრის გადმოცემის ურთულესი ფორმაა. ძნელია, ერთ გაყინულ მოძრაობაში ისტორია ჩაატიო. ამიტომაც  ვცდილობ, სათქმელი განსხვავებული ფორმით გამოვხატო.

- ამბობენ, რომ ხელოვანის ბედი ყველა ქვეყანაში რთულია, მათ შორის ამერიკაშიც არ ყოფილა იოლი წარმატების მიღწევა...

- აქ, ისევე, როგორც ყველგან, შემოქმედების გაყიდვა ძალიან რთულია, განსაკუთრებით მოქანდაკისთვის. თუმცა, კომერციული შეკვეთები მრავლად მაქვს. ამ ნამუშევრებზე ჩემი ვინაობა არ ფიქსირდება, მაგრამ ეს არის საქმე არსებობისთვის, რაც შემოქმედებითი მუშაობის საშუალებას მაძლევს. მე იმ იღბლიანთა მცირე კატეგორიას ვეკუთვნი, რომელსაც გაუმართლა და თავისი პროფესიით ცხოვრობს. თუმცა, თავიდან ძალიან გამიჭირდა. იაფფასიან კაფეში ხელსახოცებზე ვხატავდი, მერე ქუჩაში გადავინაცვლე და სახელდახელოდ შესრულებული პორტრეტებით ვშოულობდი საარსებო ფულს. შემდეგ შეკვეთებიც გაჩნდა...

სანდრა ბალოკს ძველი ბუხრები აღვუდგინე და ავუწყვე. შემდეგ ანტიკვარული მაგიდის აღდგენა მთხოვა, ამას სხვა შეკვეთებიც მოჰყვა და ისე გამოვიდა, რომ სამი წლის განმავლობაში სანდრა ბალოკის სახლის გასაღები ჯიბეში მედო. სანდრასა და მამამისთან ურთიერთობა სასიამოვნოდ მახსენდება. მისი პიროვნებით მოხიბლულმა, ქანდაკება, სახელად "ვედრებაც" ვაჩუქე.

"არაჩვეულებრივი" კაცი

მხატვარი, მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი, ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების მკვლევარი - ნიკო აბაზაძე მხოლოდ მხატვარი არ არის. ისევე, როგორც ცხოვრება, პროფესიებიც მრავალფეროვანი აქვს. თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1986 წელს ტყუპისცალ ძმასთან ერთად დრეზდენში, იმ საჯარისო ნაწილში მსახურობდა, სადაც პუტინი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სპეცსამსახურების სამჭედლოში მოხვდა, ჯარიდან დაბრუნებისთანავე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას შეუერთდა, რის გამოც ჯერ უშიშროების სამსახური აკონტროლებდა, 9 აპრილს კი რუსებმა ნიჩბით მძიმედ დაჭრეს... იბრძოდა აფხაზეთისთვის... ამერიკაში წასვლამდე ქართულ სპეცრაზმში მსახურობდა. როგორც მხატვართა კავშირის წევრი, პარალელურად მონაწილეობდა გამოფენებში, მაგრამ მიხვდა, ყოფიერ ცხოვრებას დიდი ენერგია მიჰქონდა და საბოლოოდ, მხატვრობასთან დაბრუნება გადაწყვიტა, რის გამოც ოკეანის გაღმა, ოცნებების ქვეყანაში გაემართა.

ბოლო წლებში კინემატოგრაფიით დაინტერესდა. თამაშობს ფილმებში, წერს სცენარებს, იღებს ფილმებს. მან მთავარი როლი შეასრულა ლევან კოღუაშვილის ფილმში "ვალი" და ნიუ-იორკის First run film festival-ზე საუკეთესო მსახიობის პრიზიც მიიღო. გადაიღო დოკუმენტური ფილმი "სულის ცხენი". ფილმი ძველ ხევსურეთსა და მეომრულ სულს ეძღვნება და მასში აღწერილია უკვე დავიწყებას მიცემული რიტუალები, თუნდაც სულის ცხენი. როცა ხევსური მეომარი კვდებოდა, მის ნივთებსა და იარაღს დაიტირებდნენ, მერე მის ცხენს აღკაზმავდნენ და გააჭენებდნენ, თითქოს მას მხედრისთვის საიქიოს მიჰქონდა იარაღი. ფილმში 80 წელს გადაცილებული მოხუცები თავის ისტორიებს ჰყვებიან, ფარიკაობენ... "მინდოდა, გადამეღო ისტორია, რომელიც იკარგება და არ განმეორდება",“- ამბობს ნიკო.

კარგა ხნის განმავლობაში ის ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში მუშაობდა როგორც მხატვარ-რესტავრატორი და მონაწილეობდა აშშ-ის ცნობილი ისტორიული ძეგლების: მეტროპოლიტენ-მუზეუმის, არმორი პლეისის, ემპაიერ-სთეით ბილდინგსა და საკათედრო ტაძრების ინტერიერების რესტავრაცია-კონსერვაციაში.