კატასტროფის მოლოდინში - კვირის პალიტრა

კატასტროფის მოლოდინში

ქვეყანაში უმძიმესი ეკოლოგიური ვითარებაა. სპეციალისტების პროგნოზი შემაშფოთებელია: თუ ეკოლოგიას სასწრაფოდ არ მივხედეთ, 50 წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა მილიონზე ნაკლები დარჩება, გადარჩენილთაგან ნახევარი კი მძიმე სენით იქნება დაავადებული!

ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, გრანდიოზული მეგაპოლისის ფილტვებში, ჯანსაღი ნარგავები არასოდეს გაუჩეხავთ. ამერიკელებმა იციან, რომ ამ მწვანე საფრის ხარჯზე მშენებლობა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მიწის ყველაზე მაღალი ფასი სწორედ ნიუ-იორკშია.თბილისის ვაკის პარკი კი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი რეკრეაციული ზონაა და უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მისი ფართობი 40%-ით შემცირდა! იქ, სადაც ჯერ კიდევ  XXI საუკუნის დამდეგს მრავალწლოვანი ხეები ხარობდა, დღეს საცხოვრებელი სახლები, რესტორნები და დაწესებულებებია. ვაკის პარკის მსგავსად ვანდალურად გაიჩეხა თბილისის ფაქტობრივად ყველა რეკრეაციული ზონა. ხეებს და მწვანე ნარგავებს, რომელიც ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებებისგან ყველაზე მეტად გვიცავს, საქართველოში ნამდვილი ომი გამოუცხადეს. მათ ხარჯზე კი კოლოსალური თანხები "იჭრება".

ადამიანი დღე-ღამეში დაახლოებით 15 კილოგრამ ჰაერს ჩაისუნთქავს. მკვლევართა შეფასებით კი, თბილისში ჰაერი კატასტროფულად დაბინძურებულია - მტვრის საშუალო კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას 5-ჯერ აღემატება. ჯერ კიდევ 2000 წელს თბილისი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად აღიარეს. მას შემდეგ 15 წელი გავიდა და ვითარება გაცილებით გაუარესდა. ყოველწლიურად ატმოსფეროში 300 ათას ტონამდე მავნე ნივთიერება ხვდება. აქედან 83% ავტოტრანსპორტზე მოდის.

2004 წლიდან ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება გაუქმდა. ამით ხელისუფლებამ მძღოლების გული მოიგო, მაგრამ მოსახლეობის ჯანმრთელობა მკვეთრად შეარყია. ავტოპარკის თითქმის 80% 15-20-წლიან და კიდევ უფრო ძველ მანქანებზე მოდის. არადა, ძველი მანქანა, ახალთან შედარებით, 15-ჯერ მეტ მავნე ნივთიერებას აფრქვევს. იმ ქვეყნებში, სადაც ასეთ მანქანებს ვყიდულობთ, კანონი ადამიანის ჯანმრთელობას მკაცრად იცავს. ძველ ავტომობილებს ტკეპნიან და ჯართში აბარებენ. საქართველოში კი გაუმართავი მანქანების პრობლემას საწვავის საეჭვო ხარისხიც ემატება. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა  ექსპერიმენტი ჩაატარა - აღმოჩნდა, რომ ბენზინში ტყვიის შემცველობის გადაჭარბებული რაოდენობის გამო საქართველოში წელიწადში ათიათასობით ადამიანი ავადდება.

ვანდალურად გაიჩეხა თბილისის ფაქტობრივად ყველა რეკრეაციული ზონა. ხეებს და მწვანე ნარგავებს, რომელიც ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებებისგან ყველაზე მეტად გვიცავს, საქართველოში ნამდვილი ომი გამოუცხადეს. მათ ხარჯზე კი კოლოსალური თანხები "იჭრება" ბინძური ჰაერი დამღუპველად მოქმედებს ყველაზე: მინისტრსა და უმუშევარზე, მდიდარსა თუ ღატაკზე, ასაკოვანსა თუ ახალგაზრდაზე, ყველაზე მეტად კი ბავშვებზე. მავნე ნივთიერებების განსაკუთრებული კონცენტრირება მიწის ზედაპირიდან 1 მეტრ სიმაღლეზე ხდება. ამდენად, ბავშვის ორგანიზმში გაცილებით მეტი მავნე ნივთიერება ხვდება, ვიდრე ზრდასრულისაში. საქართველოში საგანგაშოდ იმატა გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნურმა დაავადებებმა. დაბინძურებული ჰაერი ერთ-ერთი მიზეზია საქართველოში შობადობის კატასტროფული კლებისა. ამ თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. შესაბამისია ქვეყნის მდგომარეობა მოსახლეობის მატების ტემპით - 232 სახელმწიფოს შორის საქართველო 217-ე საფეხურზეა. მკვეთრად გაიზარდა სიკვდილიანობის პროცენტიც, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფში.

უკანასკნელ წლებში ქვეყანაში ათასობით ჭადარი მოჭრეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ფაქტს ზარ-ზეიმით შეხვდა, რადგან  ხეების მოჭრის მიზეზად ალერგია სახელდებოდა. არადა, ირკვევა, რომ ურბანულ მცენარეთა შორის ჭადარი ყველაზე ნაკლებად იწვევს ალერგიას და ყველა ნარგავს შორის გამორჩეულია მავნე ნივთიერებების მოცულობის შთანთქმით...

ქვეყანა გარდაუვალი კატასტროფის წინაშე დგას! ვინ არის დამნაშავე? - ალბათ, ყველა: მთავრობაც და პარლამენტიც, ბიზნესიც და სამოქალაქო სექტორიც, მედიაც და, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი.

მიხეილ ჩერქეზია