შვილის გარდაცვალების 5 წლის თავზე თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლე - კვირის პალიტრა

შვილის გარდაცვალების 5 წლის თავზე თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლე

ზუგდიდში შუახნის მამაკაცი ხიდიდან გადახტა და თავი მოიკლა

"დილაუთენია მისი სახლიდან წასვლა არავის გაჰკვირვებია, რადგან ლამის ყოველ დღე ამ დროს გადიოდა შვილის საფლავზე. როგორც თქვეს, შოშიტა დილის 5 საათისთვის იპოვეს გარდაცვლილი და ამ დროს გადამხტარა უბედური მამაც ხიდიდან. ტანჯვა იყო მისი ცხოვრება, ყოველდღიური ტანჯვა და ჯოჯოხეთი."

"შვილის 5 წლისთავი იყო იმ დღეს... ყველამ ვიცოდით, რომ კარგად არ დაასრულებდა, ისე იყო გაგიჟებული, ზოგჯერ ღამეც არ მოდიოდა სახლში. თითქმის შვილის სასასაფლაოზე ცხოვრობდა. თავიდან არც ჭამდა... შვილებზე გადარეული მამა იყო, კიდევ მიკვირს, ამდენ ხანს რომ გაძლო მის გარეშე. იმ დღეს კი, ეტყობა, ნერვებმა უმტყუნა საცოდავს", - ასე იხსენებენ 60 წლის მამაკაცს, არმაზ სამელიას რომელმაც სიცოცხლე შვილის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ, თვითმკვლელობით დაასრულა.

სამელიების ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობდა, მაგრამ იმ წლებში, როდესაც შვილები სტუდენტები იყვნენ, ისინი მარტო არ დატოვეს, - ბავშვებს პატრონი უნდათო და დედ-მამაც თბილისში გაჰყვა. დროებით იქ ცხოვრობდნენ,  მათი 25 წლის ბიჭი, შოთიკო, 5 წლის წინ  გაურკვეველ მდგომარეობაში დაიღუპა.

მერი, ოჯახის ახლობელი:

- შოთიკოს ახლობლები შოშიტას ვეძახდით, უალამაზესი ბიჭი იყო, დღემდე არ ვიცით რა მოხდა და რატომ დაიღუპა. დედა, რა თქმა უნდა, განიცდიდა, საშინლად იყო, მაგრამ მამის სახე არასდროს დამავიწიყდება, - გვეგონა, შეიშალა. კედლებს თავს ურტყამდა. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილს, თბილი, მეგობრული. ეს კაცი შვილებს ყველა ნატვრას უსრულებდა. ეს ერთი ბიჭი ჰყავდა და ერთი გოგონა, ანა, რომელსაც საბედნიეროდ ოჯახი ჰყავს და კიდევ კარგი, მამამისმა მისი მომავალი მაინც ნახა... ბიჭის დაღუპვის შემდეგ, წვერსაც არ იპარსავდა. ერთი პერიოდი ჩაიკეტა, - გამთენიას გადიოდა სახლიდან და შუაღამემდე შვილის საფლავზე იყო. საერთოდ არაფერი აინტერესებდა მის გარდა. მისმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა და ამას ამბობდა კიდეც, თუმცა, გუალხდილად არავისთან საუბრობდა. შოშიტა ისეთი ბიჭი იყო, თუ გაიცნობდი, აუცილებლად შეგიყვარდებოდა, ძალიან თბილი და მხიარული ბიჭი იყო. თვალები სულ უცინოდა. მამასთან ერთად მუშაობდა... ოჯახმა ყველაფერი გააკეთა, რომ შვილები ფეხზე დაეყენებინა. არმაზი თავს არ ზოგავდა, რომ შვილებისთვის არაფერი მოეკლო. მთასავით კაცი იყო, ხმაურიანი, ბუბუნა ხმით მოსაუბრე. შვილის სიკვდილიდან მალევე ჩამოდნა და დაილია. მერე ისევ გამოცოცოხლდა ცოტათი, მაგრამ თავის დარდს არავის გაუზიარებდა და ვიცოდით, რომ კარგად არ დაასრულებდა. ერთხელაც გარდაცვლილი შვილი დასიზმრებია და წვერი მოუპარსავს. ამბობდნენ, - შოშიტას სურათი ოთახში უკიდია და ელაპარაკებაო.

- როგორ დაასრულა სიცოცხლე?

- ხიდიდან გადახტა. შვილის 5 წლისთავის წინა ღამეს, ისევე ნერვიულობდა თურმე, როგორ გასულ წლებში. ეტყობა, ვერ იტანდა, რომ ყოველი წელი შვილს აშორებდა... კედლის საათი ჩამოუხსნია და თავის ოთახში შეუატანია,  - დროს თვალყურს ადევნებდაო. დილაუთენია მისი სახლიდან წასვლა არავის გაჰკვირვებია, რადგან ლამის ყოველ დღე ამ დროს გადიოდა შვილის საფლავზე. როგორც თქვეს, შოშიტა დილის 5 საათისთვის იპოვეს გარდაცვლილი და ამ დროს გადმომხტარა უბედური მამაც ხიდიდან. ტანჯვა იყო მისი ცხოვრება, ყოველდღიური ტანჯვა და ჯოჯოხეთი. ერთხელ ვნახე როგორ უცქეროდა გარდაცვლილი შვილის ფოტოს და მივხვდი, რომ ამ წლების განმავლობაში შვილთან იყო მუდმივად... ეს არ იყო მხოლოდ მამის გლოვა, - ეს სიკვდილისა და სიცოცხლის სამყაროს შუა გაჭედილი ადამიანის არსებობა იყო. მძიმეა, ცოდვა რომელიც მან ჩაიდინა, მაგრამ ვინც მას იცნობდა, იცოდა, რას ნიშნავდა მისთვის ცხოვრება შვილის გარეშე... საცოდაობაა მისი მეუღლისა და მოხუცი დედის ყურება. ნურავის განაცდევინოს ის საშინელება, რაც იმ ოჯახში ტრიალებს.

მარიამ რობაქიძე (სპეციალურად საიტისთვის)