"ჩემთვის ფული კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ მაღიარონ მამაჩემის ქალიშვილად" - ბრძოლა კახა ბენდუქიძის მემკვიდრეობისთვის - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ფული კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ მაღიარონ მამაჩემის ქალიშვილად" - ბრძოლა კახა ბენდუქიძის მემკვიდრეობისთვის

"და მაინც, ვისი დამარცხება უნდა, რისთვის იბრძვის? გვარისთვის? არა, მან მითხრა, რომ ჩვენი გვარი არ სჭირდება. იგი ფულისთვის იბრძვის და ვერც ხვდება, რომ სინამდვილეში კახას ებრძვის, მის სიცოცხლეს, ოჯახს, მის მთავარ ცხოვრებისეულ პრინციპებს."

"ყველაზე მძიმე ჩემთვის ის, რომ მამიდაჩემი ნატალიას უჭერს მხარს - მან უარი თქვა ექსპერტიზისთვის თავისი დნმ-ის ნიმუშების მიცემაზე. ასევე სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ მოწმედ გამოდის. მე არ ველოდებოდი, ასეთ რეაქციის მისგან, ის ხომ კახას ღვიძლი დაა, ჩვენ სისხლით ნათესავები ვართ."

"ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა კახა ბენდუქიძის დის, ნუნუ ბენდუქიძის განცხადება, სადაც ის ანასტასია გონჩაროვას, რომელიც აცხადებს, რომ კახა ბედუქიძის ქალიშვილია ღიად დაუპრისპირდა: "ანასტასია გონჩაროვა ჩვენ ყველამ პირველად კახას გარადაცვალების შემდეგ გავიცანით. მახსოვს, ნატაშამ ის, პირდაპირი გაგებით, ხელჩაკიდებული რომ მოიყვანა ჩვენთან ოჯახში, დედის ბინაში, სადაც კახას ცხედარი ესვენა. საშინელი დღეები იყო, მაგრამ ჩვენ მას ძალიან თბილად შევხვდით. ეს იმის მიუხედავად, რომ კახას ანასტასიას შესახებ არც ოჯახში უთქვამს რამე, არც სახალხოდ, არასდროს დაუდასტურებია და დაუფიქსირებია მისი მამობა, ან რაიმე სურვილი და განზრახვა ამ ფაქტის დადასტურებისა; არასდროს აღუნიშნავს იგი თავის ანკეტებში, დოკუმენტებსა და დეკლარაციებში, არ უხსენებია არსად, მის მიერ მიცემულ ასობით ინტერვიუში. შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ კახამ არ იცოდა მამობის დადგენის და აღიარების იურიდიული, სანოტარო წესების, თუ სამედიცინო-ბიოლოგიური მეთოდების შესახებ თავის სიცოცხლეში, ან თუნდაც, რა გაეკეთებინათ მისი გარდაცვალების შემთხვევაში. თუმცაღა, მას თავის სიცოცხლეში და ანასტასიას დაბადებიდან 24 წლის განმავლობაში, ეს არ გაუკეთებია. როცა კახას ნებაზე საუბრობენ, ვთხოვ იმ ხალხს, რომ რეალობაც გაითვალისწინონ.

მიუხედავად იმისა, რომ ანასტასიას არ ვიცნობდით და არასდროს გვსმენია მის შესახებ, იგი სახლში წავიყვანეთ და მთელი ოჯახი გავაცანით. ვუთხარი, რომ ის აუცილებლად მიიღებდა თავის წილს, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ კახა, როგორც ის ამბობს, ზრუნავდა მასზე. მხოლოდ ერთი რამ ვთხოვე: არ შეეშალა ხელი კახას მეუღლისთვის ამ კანონიერ და ლეგიტიმურ პროცესში და არ მიემართა სასამართლოსათვის. ყველაფრის მოგვარება შეიძლება ოჯახურ წრეში, საჯარო განხილვების გარეშე. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ კახა მის მამობას აწი, ვეღარასდროს შეძლებს, მისი მხოლოდ ხსოვნაღა ცოცხლობს, რაც ყველა ადამიანშია, ვისაც იგი ახსოვს. სასამართლოებით და სახალხო კინკლაობით ამ ხსოვნის შებღალვა არ შეიძლება." - ვკითხულობთ განცახადებაში.

ნუნუ ბენდუქიძე ასევე წერს: "საბოლოოდ, სასამართლოში უჩივლა ჩემი ძმის მეუღლეს - ნატაშას, რომელთანაც კახა, დედა, მთელი ჩვენი ოჯახი და მეგობრები 15 წელი სრულ ნდობასა და ურთიერთპატივისცემაში ვცხოვრობდით. თბილისში შეტანილ სარჩელში ის ნატაშასთვის მემკვიდრეობის ჩამორთმევას და ერთადერთ მემკვიდრედ თავის აღიარებას მოითხოვს... და მაინც, ვისი დამარცხება უნდა, რისთვის იბრძვის? გვარისთვის? არა, მან მითხრა, რომ ჩვენი გვარი არ სჭირდება. იგი ფულისთვის იბრძვის და ვერც ხვდება, რომ სინამდვილეში კახას ებრძვის, მის სიცოცხლეს, ოჯახს, მის მთავარ ცხოვრებისეულ პრინციპებს. კახა ისე ცხოვრობდა, როგორც მას მიაჩნდა სწორად და მუდამ თვითონ იღებდა გადაწყვეტილებებს. ის ლონდონში, სრულიად საღ გონებაზე მყოფი, აქტიურ სამუშაო პროცესში და საქმიანი შეხვედრების ვითარებაში გარდაიცვალა. მას ყოველთვის ჰქონდა საშუალება, ადვოკატებისთვის თავისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ეკარნახა. და კახას სიკვდილის შემდეგაც არავის აქვს უფლება, მის მიერ, თავის სიცოცხლეში მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლისა."

მის განცახდებას იმავე დღეს "ფეისბუქგვერდზე" გამოეხმაურა ანასტასია გონჩაროვა: "ძალიან ვწუხვარ, რომ უნივერსიტეტი და ფონდი სასამრთლო გარჩევებში ჩართული აღმოჩნდნენ, მათ აშკარად იყენებენ იმისთვის, რომ ვითარებაზე გავლენა მოახდინონ. ძალიან ვცდილობდი, რომ ეს ყველაფრი თავიდან ამერიდებინა. იმის შემდეგ რაც ნატალიამ (კახა ბენდუქიძის მეუღლე - კ.პ) მამაჩემის დნმ მოიშორა, მამიდაჩემ ნუნუს ვუთხარი, რომ სასამრთლოში წავიდოდი. ჩემდა გასაკვირვად და სამწუხაროდ, მან მითხრა, რომ სასამართლო გარჩევები არ იყო საჭირო. მირჩია, რომ ჩუმად ვყოფილიყავი, არ მიმეცა არავისთვის ინტერვიუ და არ მელაპარაკა, რომ კახა მამაჩემი იყო, არ შემექმნა პრობლემები ნატალიასთვის. ამ ყველაფრისთვის კი დამპირდა, რომ მომცემდა 5-ოთახიან ბინას. მე ამ ყველაფერმა საშინელ დღეში ჩამაგდო, ჩემთვის ფული კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ მაღიარონ მამაჩემის ქალიშვილად, რომლითაც ასე ვამაყობ და არა ის, რომ დავრჩე ადამიანად, რომელიც ქუჩიდანაა და თავს ვიღაცის შვილად ასაღებს.

ამ დავის მოგვარება შეიძლებოდა მშვიდობიანად, ყველანაირი გარჩევების გარეშე. ნატალიას შეეძლო სასამრთლო მოსმენაზე მოსულიყო და ეთქვა, რომ მე კახას შვილი ვარ, მან ხომ ჩემს შესახებ მათი ქორწინებიდანვე იცოდა. მე მაგის ვაჟთანაც კი ვურთიერთობდი. ის კი პირიქით მოიქცა და თავის სარჩელში უარყოფს, რომ მე კახას ქალიშვილი ვარ, ამბობს, რომ კახა მე უბრალოდ სწავლაში მეხმარებოდა, როგორც ერთ ჩვეულებრივ სტუდენტს და რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობა მასთან არ მქონია.

თუ ისინი, თვლიან, რომ მე არ ვარ კახას ქალიშვილი, შეიძლება ექსპერტიზის ჩატარება და ამ საკითხის მოგვარება, მაგრამ ა.წ. იანვარში ნატალიამ კახას დნმ-ის ნიმუშები გაანადგურა. ახლა ის ყველა საშუალებით ცდილობს, გაანადგუროს მეორე და ერთადერთი გადარჩენილი კახას დნმ-ის ნიმუში. თან ოფიცალურად მამობის დასადგენად, ცინიკურად მირჩევს, საკუთარი მამის ექსჰუმაციას, საშინელ სიზმარშიც კი არ დაგესიზმრებათ ასეთი კოშმარი.

ყველაზე მძიმე ჩემთვის ის, რომ მამიდაჩემი ნატალიას უჭერს მხარს - მან უარი თქვა ექსპერტიზისთვის თავისი დნმ-ის ნიმუშების მიცემაზე. ასევე სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ მოწმედ გამოდის. მე არ ველოდებოდი, ასეთ რეაქციის მისგან, ის ხომ კახას ღვიძლი დაა, ჩვენ სისხლით ნათესავები ვართ.

მამამ უმთავრესი, რაც მასწავლა ისაა, რომ რაც არ უნდა მძიმედ იყოს საქმე ცხოვრებაში, არასდროს უნდა დანებდე, განსაკუთრებით კი უსამართლობას. ამიტომ, მე ვიბრძოლებ ბოლომდე, ვიბრძოლებ სამართლიანად, რომ მან ჩემით იქაც იამაყოს..."