ქართველი ოპერის მომღერლის სამაშველო ოპერაცია იტალიაში და ხალხის მიერ გადარჩენილი მაშველები ურეკში - კვირის პალიტრა

ქართველი ოპერის მომღერლის სამაშველო ოპერაცია იტალიაში და ხალხის მიერ გადარჩენილი მაშველები ურეკში

ტრაგიკული დღეების შემდეგ, როგორც იქნა, სასიხარულო ამბების მოსმენის და მკითხველისთვის გაზიარების შესაძლებლობა მომეცა. თანაც ერთდროულად ორი ამბავი შევიტყვე და ორივე ძალიან სასიამოვნო. ორივე ბედნიერად დასრულებულ ადამიანური თავგანწირვის ფაქტებს და ზღვას უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ ერთი გმირობა იტალიაში მოხდა, ქართველმა უცხოელის სიცოცხლე იხსნა, მეორე კი, დღეს, შავი ზღვის პირას, ურეკში ხდებოდა. „კვირის პალიტრა“ ორივე ამბის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას გთავაზობთ.

იტალიაში მყოფმა  ქართველმა საოპერო მომღერალმა გიორგი ცინცაძემ ტურისტი გოგონა დახრჩობას გადაარჩინა. ამ ამბავს იტალიური პრესა რომ არ გამოხმაურებოდა, გიორგი საკუთარ გმირობაზე არაფერს იტყოდა. მას იტალიაში ვესაუბრეთ.

გიორგი ცინცაძე -  იტალიაში ვსწავლობ. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში, მარსელ დი ნუმანაში პლაჟზე მუშაობა გადავწყვიტე. იტალიურად  მაშველს  ბაგნინო ჰქვია და მას აქვს ორი ფუნქცია, კონტროლი ზღვაზე და ხმელეთზე. იმ დღეს ჩემი საქმე იყო ხმელეთზე თვალყურის დევნება, მაგრამ ღვთის ნებით ზღვაში მომიწია განსაცდელში მყოფის გადარჩენა.

31 ივლისს, დილით, 10:15 საათი იყო, ჩვეულებრივად ჩემს მოვალეობას ვასრულებდი.  ზღვა ძალიან ღელავდა, ძლიერი ქარი ქროდა და დიდი ტალღები აწყდებოდა ნაპირს. ამიტომაც ცურვა იკრძალებოდა. პლაჟის ზედა მხარეს  შევნიშნე, ადამიანის სხეული ბრუნავდა ტალღებში. ჩემგან დაახლოებით 50 - 60 მეტრი აშორებდა მსხვერპლს. ფიქრის და სხვა მაშველის დაძახების დროც არ იყო. ზღვაში შევვარდი. გავრისკე. ძალიან ძნელი იყო ტალღებში ჩაკარგული ადამიანის მოძებნა და მისი გამოყვანა. თუმცა, იმ დღეს იღბალი ჩემს მხარეს აღმოჩნდა. გოგონა მალევე ვიპოვნე და შვეცადე ნაპირზე გამომეყვანა. მაშინ ვიგრძენი საფრთხის სიმძიმე, მაგრამ უკანდასახევი ყველა გზა მოჭრილი მქონდა. ტალღებს უნდა დავნებებოდი იმ საბრალო ბავშვთან ერთად, ან როგორმე დამეღწია თავი წყლის ჯოჯოხეთისგან.

საბედნიეროდ, გამოსვლა ყოველგვარი დამხმარე ძალების გარეშე შევძელი, მაგრამ გოგონა ძალიან მძიმედ იყო და ჰოსპიტალში გადასაყვანად ვერტმფრენი გამოიძახეს. გადარჩენილი 15 წლის ტურისტი ქალაქ ოზიმოს საავადმყოფოში მოათავსეს.

- ამის შემდეგ საავადმყოფოშიც ხომ არ ინახულეთ?

- არა, არ მინახავს, მაგრამ მაცნობეს, რომ ეროვნებით რუსი იყო, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე აღარ ემუქრება.

- მისმა ახლობლებმა არ მოგიკითხეს?

- ჯერ არავინ მოსულა ჩემამდე, მაგრამ მე ისეთი ჯილდო მივიღე ამ ამბის მხილველი ბავშვებისგან, რომ ძალიან ბედნიერი ვარ.

- რა ჯილდო?

- ბავშვებმა, რომლებიც მშობლებთან ერთად ისვენებენ პლაჟზე და ჩემს სამშველო ოპერაციას შეესწრნენ, მეორე დღეს საჩუქრად მომიტანეს ნახატი. იქ, იმდენი სიყვარულია ჩაქსოვილი, რომ ყოველ გახსენებაზე მეღიმება. ნახატზე ასახულია, როგორ გადავარჩინე დასახრჩობად განწირული გოგონა.

- თქვენს შესახებაც გვიამბეთ, სად სწავლობთ, როგორ მოხვდით იტალიაში?

-  თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ (საოპერო მომღერალი ვარ) პროფესიული განვითარების მიზნით ოზიმოს საოპერო დახელოვნების აკადემიაში ჩავაბარე. წელს პირველი კურსი დავხურე. არ მეგონა, თუ საზაფხულო მუშაობა თავიდანვე ასე მძაფრად დაიწყებოდა. მიხარია, რომ ტალღებზე გამარჯვება და ადამიანის გადარჩენა შევძელი.

ის იყო, გიორგისთან ინტერვიუს წერა დავასრულე, შევიტყვე, რომ დღეს, სამ აგვისტოს, ურეკში, 13 წლის გოგონა გადაარჩინეს მაშველებმა, მაგრამ შემდეგ თვითონ გახდნენ გადასარჩენი. ამ ამბის შესახებ თვითმხილველმა რესპუბლიკური პარტიის პრესსამსახურის უფროსმა თათუსია ლომთაძემ ადამიანთა თანადგომის საოცარი მაგალითის შესახებ გვიამბო.

თათუსია ლომძთაძე - ურეკში 13 წლის გოგონა კამერით შეითრია ზღვამ, უცებ ატყდა ჩოჩქოლი, მაშველები შეცვივდნენ, გამოიყვანეს ბავშვი, მაგრამ თვითონ ვეღარ გამოდიოდნენ.  ორნი იყვნენ თავიდან, მათ დასახმარებლად შესული მაშველებიც ჩაითრია ზღვამ, ნაპირისკენ წამოსვლის ნაცვლად, სიღრმეში იტაცებდნენ ტალღები. ძალიან დავიძაბეთ, მაგრამ ხალხმა უცებვე ჯაჭვი გააკეთა წყალში და ასე ცდილობდნენ მაშველების გამოყვანას. 15 წუთი გავიდა ზღვასთან ჭიდილში. სკუტერიც მოვიდა, მაგრამ ტალღებთან ისიც უმწეო აღმოჩნდა. დიდი ძალისხმევის შედეგად, ისევ ხალხის ჯაჭვმა შეძლო 15 მაშველის გადარჩენა.

სასწრაფოს დაურეკეთო, რომ იყვირეს, მაშინვე 112-ში დავრეკე. ეს ამბები სასტუმრო "არგოს" წინ, პლაჟზე ხდებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები უმოკლეს დროში მოვიდნენ. რამდენიმე მაშველი ცუდად იყო, ტალღებისგან დასუსტებულებს ძალა და ფერი აღარ ჰქონდათ. ნაპირზე უმწეოდ დაეყარნენ. საბედნიეროდ, ხალხის საოცარი ერთიანობის შედეგად ზღვა დამარცხდა და ყველაფერი ბედნიერად დასრულდა.

2 დღეა ზღვაზე შტორმია და მაშველები ძალიან კარგად მუშაობენ, დილიდან საღამომდე რუპორით დარბიან ნაპირზე და ხალხს მოუწოდებენ, ბავშვები ამოიყვანონ წყლიდან და თავი შეიკავონ ზღვაში შორს შესვლისგან. სამწუხაროდ, დღეს მათი გაფრთხილების უგულვებელყოფა, კინაღამ საბედისწერო აღმოჩნდა.