"საითაც გაიხედავ, ყველგან ვიღაცაა მოწამლული, მოგვხედეთ!" - რამ გამოიწვია მასობრივი მოწამვლა ყვარელში - კვირის პალიტრა

"საითაც გაიხედავ, ყველგან ვიღაცაა მოწამლული, მოგვხედეთ!" - რამ გამოიწვია მასობრივი მოწამვლა ყვარელში

"ხალხი სასმელი წყლით მოიწამლა! სად გაგონილა, რომ ერთდროულად 50 კაცი საზამთროთი მოიწამლოს?"

"ყვარლის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გააფრთხილონ, რომ ონკანის წყალი არ დალიონ, ძნელია? ყვარლის მაღაზიებში წყლის დეფიციტია"

"ამხელა წყლის რესურსი გვაქვს და რა წყალს ვსვამთ,არ ვიცით"

გუშინ საღამოს ყვარლის რაიონულ საავამდყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით 30 ადამიანი მოათავსეს, მოწამლულთა შესვლა საავადმყოფოში დღესაც გაგრძელდა და იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მოწამვლის ნიშნებით სტაციონარს მიაკითხა 55-მდე გაიზარდა. მათ შორის უმეტესობა მცირეწლოვანია. საავადმყოფოში მასობრივი მოწამვლის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, ზუსტ მიზეზს ამ დრომდე არ აკონკრეტებენ. როგორც "კვირის პალიტრას" დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ყვარელში სპეციალისტები დილიდანვე ჩავიდნენ და ლაბორატორიული სინჯები აიღეს. სავარაუდოდ, პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს საერთო ჩივილები აღენიშნებოდათ - ღებინება, ფაღარათი, სისუსტე, თავბრუსხვევა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოწამვლის მიზეზი სასმელი წყალია. პირად საუბარში ექიმებიც წყლით მოწამვლას ვარაუდობენ.

"თავდაპირველად გვეგონა, რომ საზამთროთი მოიწამლნენ, რადგან ზაფხულში ასეთი ფაქტები ხშირია. თუმცა, მოწამულული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, თანაც შემოყვანილებიდან ზოგს საზამთრო გუშინ საერთოდ არც უჭამია. იმ დასკვნამდე მივედით, რომ მასიურად სასმელი წყლით მოიწამლნენ. სამწუხაროდ, საავადმყოფოში ადგილი აღარ დარჩა. გამოძახებების რაოდენობა გაიზარდა. სავარაუდოდ, პაციენტების გადაყვანა მეზობელ რაიონებში მოგვიწევს". - გვითხრა პირად საუბარში ყვარლის საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექიმმა.

ამ დილით მორიგ გამოძახებაზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 5 წლის ნიკუშას პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. თუმცა, საავადმყოფოში ვერ გადაიყვანეს, რადგან საავადმყოფოში ადგილი აღარ არის. მშობლებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

"ბავშვს ღებინება დაეწყო, სულ მოდუნდა, მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ. მოწამლულიაო, რისგან ვერ ამბობენ, მაგრამ მე სასმელი წყალი მგონია, რადგან ბავშვს ისეთი საკვები არაფერი მიუღია, საზამთროც არ უჭამია, რომ ამისთვის დაგვებრალებინა. გუშინ საღამოდან მოყოლებული ყვარელში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებებზე სიარულს ვერ აუდის. როგორ, ყველა საზამთროთი მოიწამლა? შეიძლება ვირუსიაო, ამბობენ, მაგრამ ამდენ ადამიანს ერთად ვირუსი როგორ დაეტაკებოდა?! დარწმუნებული ვარ, წყლის ბრალია. ამდენი წელია, ყვარელში წყლის პრობლემა ვერ მოგვარდა. ჯერ თბილისში ონკანის წყალს ხან რა უცხო არსება გამოჰყვება და ხან, ვინ დამარწმუნებს, რომ რეგიონებში წყალი მოწმდება და ადამიანების უსაფრთხოება დაცულია?" - გვითხრა ყვარლელმა ლიანა ქანდაურიშვილმა.

ნანა ნასყიდაშვილი: "ისეთი გაუსაძლისი სიცხეებია, რომ ჭამის თავიც არ მაქვს. გუშინ მთელი დღე მხოლოდ ონკანის წყალს ვსვამდი. საღამო ხანს თავბრუსხვევა და ღებინება დამეწყო. სასწრაფო გამოვიძახეთ. ექიმმა გვითხრა სანამ თქვენთან მოვიდოდით, შვიდ გამოძახებაზე ვიყავით, ყველგან მოწამლულები დაგვხდნენო. მასობრივი მოწამვლაა, რაც მხოლოდ წყალს შეეძლო გამოეწვია".

ნათია ვარადაშვილი: "საითაც გაიხედავ, ყველგან ვიღაცაა მოწამლული, ეს რა უბედურებაა, ხომ უნდა გააფრთხილონ და მოუწოდონ ხალხს, რომ ონკანის წყალი არ დალიონ?! მოგვხედეთ! მასიური მოწამვლაა, ამის დამალვა როგორ შეიძლება? დღეს დილის 9 საათიდან დავდივართ, რომ წყალი ვიყიდოთ, მაგრამ მაღაზიებში წყლის დეფიციტია. შეშინებულმა ხალხა რა მარაგიც იყო, გუშინ იყიდა.. გაუწიონ ორგანიზება და დროულად მოგვეშველონ, პატარა ბავშვები გვყავს, შეშინებულები ვართ, ტირილამდე ცოტა მიკლია. წყლის მწარმოებელ კომპანიებს მოვუწოდებთ, რომ წყალი ჩამოიტანონ ყვარელში, წყლის დეფიციტია. ერთხელ და სამუდამოდ მოაგავრონ წყლის პრობლემა ყვარელში, ჩვენც არ ვიცით რას ვსვამთ. ასე გაგრძელება არ შეიძლება."

"კვირის პალიტრასთან" საუბარში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ თენგიზ კალანდაძემ აღნიშნა, რომ სპეციალისტებმა ლაბორატორიული სინჯები უკვე აიღეს და მალე ცნობილი გახდების მოწამვლის ზუსტი მიზეზი. რაც შეეხება სასმელი წყლით შესაძლო მოწამვლის ფაქტს, ამ ინფორმაციას კალანდაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს -"დაველოდოთ ლაბორატორიული კვლევების პასუხებს," - გვითხრა კალანდაძემ.

ანალოგიური პასუხი მივიღეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, სადაც განმარტავენ, რომ ლაბორატორიის პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)