"ბებია 5 წლის შვილიშვილის გადარჩენს ამაოდ ცდილობდა, ორივე წყალმა წაიღო" - კვირის პალიტრა

"ბებია 5 წლის შვილიშვილის გადარჩენს ამაოდ ცდილობდა, ორივე წყალმა წაიღო"

"ბავშვმა მდინარეზე წასვლა სთხოვა თურმე და ბებიამაც ხათრი არ გაუტეხა, გაჰყვა... ტარგედიაც იქ დატრიალდა, ამ ოჯახის საცოდაობით გული გვაქვს გაგლეჯაზე". - გვითხრა დაღუპული მარინა გაბაიძის ნათესავმა, ომარ სურმანიძემ. ტრაგედია, 4 აგვისტოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეში დატრიალადა. ადგილობრივი მცხოვრები ბებია და 5 წლის შვილიშვილი მდინარე დეხვაში გარდაცვლილი იპოვეს.

ომარ სურმანიძე:

- პატარა მიშიკოს მდინარეზე ბებია და დიდი ბებია ახლდა, ბავშვი მდინარეში ხტებოდა თურმე, რამდენჯერმე შესულა საბანაოდ და ამოსულა ნაპირზე. ერთი გადახტომის დროს, წყლის დინებამ შეიტყუა და გაუჩინარდა თურმე. ეს რომ საწყალ მარინას დაუნახავს შევარდნილა წყალში, მივეშველებიო... ბებია 5 წლის შვილიშვილის გადარჩენას ამაოდ ცდილობდა, ბავშვი არ ჩანდა, მარინა ცდილობდა წყლის ქვეშ შვილიშვილის პოვნას, მაგრამ ამასობაში თვითონაც ჩაიძირა, ცურვა არ იცოდა, თან, როგორც ჩანს, ბავშვის გაუჩინარებამ ისე შეაშინა, პანიკაში ჩავარდა. შესაძლოა ნერვიულობით გულიც გაუსკდა.

- იმ ადგილას ძლიერი დინებაა?

- არა, მაგრამ მდინარის იმ ნაწილში, სადაც ტრაგედია მოხდა, ორ მეტრამდეა წყლის სიღრმე.

- მდინარის სიახლოვეს დასახლება არ არის?

- არის, დაახლოებით 250 მეტრში ცხოვრობს ერთი ოჯახი, დიდი ბებია, რომელიც ასევე მდინარეზე იყო, იმათკენ გაქცეულა დახმარების სათხოვნელად, მაგრამ ყველაფერი წამებში მოხდა, რას მოასწრებდა საწყალი ქალი. როცა მეზობლები მდინარეზე ჩავიდნენ, ორივე გარდაცვლილი იყო. ბებია და შვილიშვილი მალევე იპოვეს, მიშიკო საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ რას უშველიდნენ. გარდაცვლილ ბავშვს ერთი პატარა ძმა ჰყავს, სამი წლის. საშინელბა ტრიალებს მათ ოჯახში, დიდი ბებია ცოცხალ-მკვდარია, საწყალმა ქალმა მთელი ეს კოშმარი თავისი თვალით ნახა...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)